
ხვალ, 12 იანვარს, დილის 10:00-დან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფეხბურთო ტურნირი იწყება. „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" გათამაშება ერთდროულად ორ დარბაზში ჩატარდება. საკლუბო გათამაშებაში, პირველი ასპარეზობას „გ" ჯგუფი დაიწყებს. ტურნირის სასტარტო მატჩში, ერთმანეთის პირისპირ გორის „დილა" და ბოლნისის „სიონი" წარსდგებიან.
„გ" ჯგუფში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონისა" და „დილას" გარდა, „სამტრედია" და თბილისის „შევარდენი 1906" ასპარეზობენ. ამ ჯგუფის თამაშების დასრულების შემდეგ, „ზამთრის თასის" გათამაშებაში, უკვე, „დ" ჯგუფი ჩაერთვება. ორი თბილისური კლუბის „ლოკომოტივისა" და „საბურთალოს" გარდა, აქ, ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდის გამოსავლენად „მერანი" და „ცხინვალიც" იბრძოლებენ.
მოგეხსენებათ, 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე, „ლოკომოტივი", გუნდთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილმა, მამუკა კობახიძემ, ზურაბ მენთეშაშვილმა, გეგა დიასამიძემ და ნოდარ ქავთარაძემ დატოვეს. მათ, კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში ისურვეს. კიდევ ერთი ლოკომოტიველი, ბექა ქურდაძე, ერთწლიანი იჯარის დასრულების შემდეგ, „საბურთალოში" დაბრუნდა. „ლოკომოტივს" დაემშვიდობა 22 წლის ნახევარმცველი გიორგი გოროზიაც. კლუბს, ზუკა დავითაშვილი, თეიმურაზ შონია, დავით ჯიქია და ოთო კობახიძე კი დაემატნენ, თუმცა დავითაშვილი საქართველოს 17-წლამდელ ნაკრებთან ერთად, მინსკის ტურნირისთვის ემზადება და ახალ კლუბს, 2018 წლის პირველ ტურნირზე ვერ დაეხმარება. ცვლილებებია „საბურთალოშიც".
„გ" და „დ" ჯგუფების საუკეთესო 2-2 გუნდი, ხვალვე, საღამოს 20:00-დან ნახევარფინალისტებს გაარკვევენ.
პარალელურად, დილის 10:00-დან, მეორე დარბაზში „ზამთრის თასის" გათამაშება დაიწყება 14-წლამდელთა შორისაც. საკლუბო ტრუნირის ფორმატის მსგავსად აქაც, ასპარეზობას „გ" და „დ" ჯგუფები დაიწყებენ. თუმცა, საკლუბო ტურნირისგან განსხვავებით, გათამაშების მომდევნო ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო გუნდები გავლენ და ხვალვე ფინალისტს გამოავლენენ.







ჩვენ








