
საქართველოს ჯგუფი, მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე, დღეს, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც, ილიას ზუროსმა შეაფასა. ბერძენი თვლის, რომ ამ ეტაპზე მთავარია ჯგუფიდან გასვლა და ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. ზუროსს, მიაჩნია, რომ იმ სათამაშო ფანჯრებში, რომელშიც ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩების გამართვა უწევს, არა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში, არამედ, ჩვენს მოწინააღმდეგეთა რიგებშიც, ბევრი პანდემიის საერთო ფონზე და ევროლიგის მიმდინარეობაზეც იქნება დამოკიდებული.
პანდემიური და ევროლიგის ხანა
ახლა, რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ნოემბრის ბოლომდე შორია და არ ვიცით როგორი შემადგენლობები ეყოლებათ, როგორც ჩვენს მეტოქეებს, ასევე ჩვენ. თამაშების ნაწილი, ევროლიგის კალენდართან კვეთაშია და ზუსტად არ ვიცით, ასეთ პერიოდებში გვეყოლება თუ არა, ამ საკლუბო ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეები. ასევე არ ვიცით, როგორი პანდემიური ფონი იქნება ნოემბერში და რომელი ნაკრები რამდენ კალათბურთელს მოისაკლისებს...
G ჯგუფში: ესპანეთი, უკრაინა და ჩრდ. მაკედონია
სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევია. განსაკუთრებით ესპანეთი და უკრაინა. როგორც არ უნდა მივუდგეთ, ესპანეთი მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა და ამას, შედეგებით, ყოველ უმაღლესი რანგის ტურნირზე ამტკიცებს.

უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია, მით უფრო მაშინ, როცა სრული შემადგენლობითაა. ჩვენ, ეს, პირადად გვაქვს გამოცდილი, როცა 2017 წლის ევრობასკეტზე, უკრაინასთან დავმარცხდით და ჯგუფიდან ამის გამო ვერ გავედით. მაშინ უკრაინას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და ჩვენც, საკმაოდ ძლიერი გუნდით ვიყავით. უკრაინელებს ევროლიგასა და NBA-ში არ ჰყავთ წამყვანი გამოცდილი მოთამაშეები და სავარაუდოდ, მოახერხებენ კიდეც სრული შემადგენლობის შეკრებას. აი, ასეთი უკრაინა ნამდვილად ძლიერია.
ჩრდ. მაკედონიას კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ რაკი აქამდე მოვიდა, ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია სოლიდური წინააღმდეგობის გაწევა, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში. ასე რომ, ყველა მეტოქესთან ბრძოლა გველის და ჩემი შეფასებით, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
რა უნდათ ქომაგებს და რა უნდა ზუროსს
ქომაგები ასე არიან: წილისყრის შედეგების შემდეგ იწყებენ ოცნებას და დაგეგმავენ ხოლმე არა მხოლოდ მომავალ, არამედ იმის შემდეგ ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის ჯერ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. თუკი, ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, მხოლოდ მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რაც შეიძლება მეტი ქულა გავიყოლოთ. ეს ასეც იქნება, თუკი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრინციპს ვუერთგულებთ, რაც ზემოთაც აღვნიშნე და რაც ყოველ მატჩში მაქსიმალურ მობილიზებას და გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას გულისხმობს. არაპროფესიონალურად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რა იქნება მომავალში. არაა სწორი გათვლების ღიად გაკეთება. ჩვენი ორიენტირი პირველი მატჩია, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და წარმატებასაც მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფიბა-ს სახლში გამართული წილისყრის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჩვენები, G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინასა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებთან ერთად 2021 წლის ნოემბრის მესამე დეკადიდან იწყებენ ასპარეზობას.
საქართველოს ნაკრები კალენდარი
2021 წელი
26 ნოემბერი / საქართველო - უკრაინა
29 ნოემბერი / ესპანეთი - საქართველო
2022 წელი
24 თებერვალი / საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
27 თებერვალი / ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო
1 ივლისი / უკრაინა -საქარველო
4 ივლისი / საქართველო - ესპანეთი
#ფიბა #კალათბურთი #მსოფლიოსშესარჩევი2023





ჩვენ








