
„საბურთალო", „ლოკომოტივი" და საქართველოს ვეტერანთა ნაკრები, 14 ნოემბერს, სწორედ, ამ თანმიმდევრობით გახდნენ „დავით პეტრიაშვილის ზამთრის თასის" 14-წლამდელთა, საკლუბო და ვეტერანთა ტურნირების გამარჯვებულები. „ზამთრის თასის" გათამაშების მესამე, დასკვნით დღე კი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალური მატჩებით დაიწყო.
10 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „ზამთრის თასის" ნახევარფინალები გაიმართა. პირველად, ერთმანეთის პირისპირ „ნორჩი დინამო" და „შევარდენი 1906"-ის ფეხბურთელები წარსდგნენ. საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, კლუბს, რომელიც აღდგენის შემდეგ, პროგრესულად ზედა ლიგისკენ მიილტვის, არ გასჭირვებია მეტოქის დამარცხება 5-0.
შედარებით, დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც „ზამთრის თასის" გათამაშებაში, ეროვნული ლიგის ერთადერთი შემორჩენილი ბინადარი, თბილისის „ლოკომოტივი", „ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. „ლოკომოტივმა" მეტოქე, 5-2 დაამარცხა და ფინალისკენ გზა გააგრძელა. გამარჯვებულთაგან, გოლები დავით უბილავამ, დავით ჯიქიამ, ლაშა გვალიამ, სანდრო შეწირულმა და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს.

12:30 საათიდან, „ზამთრის თასის" გათამაშებაში ვეტერანები ჩაერთვნენ. რამდენიმე საათის მანძილზე ორ ჯგუფად გადანაწილებულმა 6 ნაკრებმა უკრაინამ, იტალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, უეფამა და საქართველომ, საერთო ჯამში 12 შეხვედრა ჩაატარეს. ჯგუფში 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა, კი გზა ნახევარფინალისკენ გააგრძელა.
საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა სასტარტო შეხვედრა იტალიის წინააღმდეგ გამართა. ბუნებრივია, ვეტერანი ფეხბურთელების თამაში იმ ინტრიგას მოკლებულია, რაც ქართველ ვეტერანთა თამაშს, რომლებიც დღესაც იყვნენ მოედანზე, თუნდაც 90-იანებში, ჰქონდა, იტალიის წინააღმდეგ. თუმცა, ალექსანდრე იაშვილის, კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, გიორგი დემეტრაძის, გოჩა ჯამარაულის, მიხეილ ყაველაშვილის, გიორგი ლომაიას, გივი კვარაცხელიას, დავით სირაძის, ზურა ხიზანიშვილის, ალეკო ამისულაშვილის, ლევან ცქიტიშვილის, მამუკა მაჭავარიანისა და დავით გვარამაძის ხილვა, რომლებსაც მწვრთნელებად რევაზ ძოძუაშვილი და ალექსანდრე ჩივაძე ჰყავდათ, მაინც სასიამოვნო იყო.
აქვე ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ტურნირს, რომელიც მეორე წელია ტარდება საქართველოში ბევრი ოპონენტი ჰყავს. არის საუბარი, უნდა დაიხარჯოს თუ არა თანხა მსგავს ტურნირზე. ბუნებრივია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ბუნებრივია, რომ ქართულ ფეხბურთში, მაშინ როდესაც, არ არის ბუნებრივსაფარიანი მინდვრები, ბევრ გუნდს ჯერ კიდევ არ აქვს, თუნდაც სავარჯიშოდ სათანადო პირობები, რომ არ ვთქვათ სტადიონებზე, არ არის სანაკრებო შედეგი - „ზამთრის თასი" ზედმეტი ფუფუნებააო. თუმცა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, კარგია, მსგავსი ტურნირების არსებობა, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო 10-15 წელში, ფეხბურთის „პირველობას" სპორტის სხვა სახეობებზე, სახელი შეერყა. მის აღსადგენად კი, თანამედროვე ქართული ფეხბურთის, მასებამდე, განსაკუთრებით კი მოზარდ თაობამდე, სწორად მიტანა ესაჭიროება. მოზარდებისთვის, კი ნუმუში, არა უცხოელი, არამედ, სწორედ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები არიან.

სწორედ, ამ ვეტერანებმა დღეს „ზამთრის თასის" პირველ მატჩში, იტალიის ნაკრები 7-6 დაამარცხეს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ იტალიელები იყვნენ 2-5. თუმცა, მეორე ტაიმში ქართველებმა, იტალიელების დახმარებით, 5 გოლის გატანა მოახერხეს, საქართველოს ნაკრების კარში კი მხოლოდ ერთი გავიდა. შეხვედრაში ქართველთაგან გოლები იაშვილმა (4), ხიზანიშვილმა (1), კალაძემ (1) გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა, ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2-4 დამარცხდა ესპანეთთან. ქართველმა ვეტერანებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად, 1/2 ფინალში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დაწყვილდნენ, რომელმაც თავის ჯგუფში, ორივე შეხვედრა მოიგო.
16:00 საათზე, „ზამთრის თასის" საკლუბო გათამაშების მესამე ადგილისთვის გაიმართა მატჩი. „ვიტ ჯორჯია" და „ნორჩი დინამო", რომლებმაც გათამაშების სტარტზე, ერთ ჯგუფში იასპარეზეს, მესამე ადგილისთვის პენლების სერიამდე მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე, რამდენიმე წამით ადრე, „ვიტ ჯორჯია" 2 ბურთის სხავობით იყო წინ. თუმცა, „ნორჩმა დინამომ", სწორედ, ამ დარჩენილ დროში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მატჩის ძირითადი დრო 5-5 დასრულდა. პენლების სერიაში კი „ნორჩმა დინამომ" 4-3 გაიმარჯვა.

16:45 საათზე, „ზამთრის თასის" გათამაშების პირველი ფინალური შეხვედრა ჩატარდა. ერთმანეთის პირისპირ 14-წლამდელთა ტურნირზე, „დინამო თბილისი" და „საბურთალო" წარსდგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ, ბავშვების ფინალის დროს, ტრიბუნაზეც და მოედანზეც იყო, უფრო მეტი ემოცია და საფეხბურთო აურა, ვიდრე ყველა დარაჩენ თამაშში ერთად. ამ მატჩში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, თუმცა „საბურთალოს" 8-ანმა ლუკა მამულაშვილმა „დინამოს" 2 გოლი ზედიზედ გაუტანა. მამულაშვილმა, ამ მატჩში, საერთო ჯამში 3 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა კი „დინამოს" 4-2 მოუგო. 14- წლამდელთა გათამაშების გამარჯვებული მინი-ფეხბურთში და „ზამთრის თასის" მფლობელი, „საბურთალო" გახდა.

17:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თამაშები ვეტერანებმა განაახლეს. პირველი, ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს ვეტერანები დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველივე წამებზე, უკრაინის კარში გოლი, ქართველთა კაპიტანმა, კახა კალაძემ გაიტანა. საერთო ჯამში ქართველებმა 6 გოლი გაიტანეს და 6-1 გაიმარჯვეს. კალაძის ანგარიშზე 4 გოლია, თითო-თითო ალექსანდრე იაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს.

19:00 საათზე, „ზამთრის თასი 2018"-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს, ორი თბილისური კლუბი, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „ლოკომოტივი" და ეროვნულ ლიგა 2-ში ახლადგადმოსული „შევარდენი 1906" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლოკომოტიველთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, მე-7 წუთზე თეიმურაზ შონიამ გახსნა. მალე, „შევარდენი 1906"-ის გამოცდილმა მოთამაშემ დავით ოდიკაძემ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რამაც შევარდენელთა დაბნეულობა გამოწვია. ამ ვითარებით, კარგად ისარგებლა „ლოკომოტივმა" და შესვენებამდე, კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა. გოლი, გიორგი გაბაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა" 4-0 გაიმარჯვა და „ზამთრის თასის" მეორე გათამაშების გამარჯვებული გახდა. კლუბს, ფულადი პრემია 15000 ლარი გადაეცა (მეორე ადგილოსან „შევარდენს" 10000 ლარი გადაეცა, მესამე ადგილზე გასულ „ნორჩ დინამოს" კი - 5000). „ზამთრის თასი 2018"-ის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის „ლოკომოტივის" კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა. ბომბარდირი კი 8 გატანილი გოლით თბილისის „ნორჩი დინამოს" შემტევი, გიორგი ჯინიკაშვილი გახდა, რომელმაც, ორი სატურნირო დღის შემდეგ, მხოლოდ 1 გოლით გადაუსწრო ბოლნისის სიონელ ჯაბა დვალს, რომელმაც მხოლოდ 3 მატჩში მოახერხა 7 გოლის გატანა, ჯგუფური ასპარეზობის დროს.

20:00 საათზე, თბილისის სამდღიანი მარათონის ბოლო მატჩი გაიმართა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა, ესპანელებთან, ჯგუფური ეტაპისას განცდილი მარცხის სრული რეაბილიტირება მოახდინა. ქართველებმა, მეტოქე 6:3 დაამარცეს და „ზამთრის თასს", ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ. ისევე, როგორც წინა მატჩებში, მოედნიდან უგოლოდ არ გასულა კახა კალაძე. ესპანეთის კარში თბილისის მერმა ჰეტ-თრიკი შეასრულა, თითო გოლი კი, ალექსანდრე ამისულაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილისა და ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა.
ტურნირის ბომბარდირი 8 გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე გახდა, საუკეთესო მეკარეს წოდება კი ესპანელმა ხულიო იგლესიასმა მიიღო. საუკეთესო მოთამაშედ უეფას გუნდის წევრი, მილენკო აჩიმოვიჩი დასახელეს.
საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი გაზაფხულიდან განახლდება. მანამდე კი გუნდები, მათ შორის ისინიც, რომლებიც „ზამთრის თასის" გათამაშებაში ასპარეზობდნენ, ახალი სეზონისთვის, სრულფასოვანი მზადების ფაზაში გადადიან.






ჩვენ








