
კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთან, 2 სექტემბრის მატჩამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციის წინ, რამდენიმე საათით ადრე, რუსულმა მედიამ და შესაბამისად, სატელიტების ამპლუაში მოვლენილმა ქართულმა სააგენტოებმაც, ხვიჩა კვარაცხელიას ვითომდა ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლის თაობაზე გაავრცელეს ინფორმაცია და ამით, ხელოვნურად, კიდევ უფრო გაურკვევლობა შეიტანეს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ აგორებულ ამბავში.
„ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს. კი, თავიდან განაცხადში შევიყვანეთ იმ იმედით, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. კლუბის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, რას დაწერენ თავად იციან. ფაქტია, რომ ის ტრავმირებულია. რა თქმა უნდა, ხვიჩა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ მის გარეშე უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ", - ამბობს ვილი სანიოლო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი და შემდგომი მატჩებისთვის, კარგი გაგებით მორიგ ავანტიურაზე წავიდა და ნაკრებში ერთდროულად 6 დებიუტანტს (თავიდან ხუთს და შემდეგ ერთის ჩანაცვლება მეორეთი მოუხდა) დაუძახა. მიუხედავად ამისა, სანიოლი, რიგი ქართველი ჟურნალისტების ჩაბჟირებამდე დაჟინების მიუხედავად, ისევე, როგოც მისი წინამორბედი ვაისი, პრაგმატულად უყურებს მეკარის საკითხს და აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ქართველთა კარის დარაჯი გიორგი ლორია იქნება.
„ძალიან ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის პროგრესით, ეს ძალიან კარგია მისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა და მას ყველაფერი წინ აქვს. მას მერე, რაც ნაკრებში ვარ, გიორგი ლორია პირველი ნომერია და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ცვლილებები მოვახდინო", - ამბობს სანიოლი.
სექტემბრის სათამაშო ფანჯარაში, ფრანგ სპეციალისტს 25 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული და 30 აგვისტოდან, ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე ამზადებს. ჩვენი ნაკრების თავკაცი თვლის, რომ კარგი იქნებოდა, გუნდში, სისტემატურად 24-25 ფეხბურთელი ჰყავდეს სათამაშო პრაქტიკით, თუმცა, ასე არაა. მაგალითად გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია მოჰყავს, ეს მათგან ვინც მწვრთნელის განაცხადში მოხვდა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო, არ დაუძახა ვაკო გვილიასა და ნიკა კაჭარავას, რომლებიც გუნდისთვის ასევე მნიშვნელოვანნი არიან. სამაგიეროდ, სანიოლის გუნდში პირველად არის შეკრებაზე ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი.
„ყაზაიშვილის, გამოძახება აქამდეც მსურდა, მაგრამ სამხრეთ კორეაში არსებული კოვიდ-რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდებოდა. ის ყოველთვის იყო ჩემს მონახაზში. ჩაკვეტაძეს, მართალია, ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშია, სათამაშოდაც 100%-ით მზად არის, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ მალე მზად იქნება. არგამოძახებით, ის წნეხში მოექცეოდა. რაც შეეხება წიტაიშვილს, ვფიქრობ, ის გუნდს გააძლიერებს. კლუბში კი, იმედია მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება", - ამბობს ვილი სანიოლი.
ითამაშებენ თუ არა კოსოვოსთან მატჩში, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი, რომლებიც ფოთში, ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ. სანიოლო პასუხობს, რომ ფეხბურთელებს, კლუბებში, ბოლო პერიოდში დიდი დატვირთვები ჰქონდათ და ამიტომ, მათ ცოტა დასვენების და ინდივიდუალურად ვარჯიშის საშუალება მისცა. კაშიამაც, ხოჭოლავამაც და კიტეიშვილმაც, დღეს, უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშეს და კოსოვოსთან თამაშისთვისაც მზად არიან.
თამაშისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა ოთარ კიტეიშვილმაც, რომელიც დღეს, სანიოლისთან ერთად მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ვფიქრობ, ხვალ თანაბარი თამაში იქნება. კოსოვო და საქართველო დაახლოებით მსგავსი გუნდები არიან. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, ჩვენც და საქართველოც. ბუნებრივია, ვნახე საქართველოს მატჩები შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან და ვფიქრობ, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. კარგადაც ითამაშა და შეიძლება ითქვას, არ გაუმართლა. საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ჩვენ, მეტი შეგვიძლია და ვეცდებით, ეს ხვალინდელ შეხვედრაში ვაჩვენოთ", - ამბობს ბერნარ შალანდი, კოსოვოელთა მთავარი მწვრთნელი.
ბათუმში, ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდეგე რამდენიმე წამყვანი ტრავმირებული მოთამაშის (არბერ ზენელის და ედონ ჟეგროვა) გარეშე ჩამოვიდა, თუმცა, კოსოვოლეთა თავკაცს, კოვიდ პანდემიის გამო, შესაძლო საკადრო პრობლემების თვის აცილების მიზნითაც, რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა ნაკრებში. ასეა თუ ისე, კოსოვოელები ხვალ, ბათუმში, ახლა სტადიონზე ბოლომდე ბრძოლას და 3 ქულის აღებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 სექტემბერს, ბათუმში, საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების მატჩი, 20:00 დაიწყება.





ჩვენ








