შეცდომების ჯაჭვი თუ უბრალოდ, უიღბლობა
შეცდომების ჯაჭვი თუ უბრალოდ, უიღბლობა
02.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არც თუ ფეხბედნიერი გამოდგა ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდში უმეტესობა ბათუმის „დინამოს" ფეხბურთელები არიან, ნაკრები ცოტა სხვა „თემაა" და არც საქართველოს მიერ არაღიარებული „კოსოვო" არის ვიღაც „ვიგინდარების" გუნდი, რომ შენი გუნდი, სრულიად უცხო გარემოში ადაპტაციის გარეშე, 3 ქულის ასაღებად გაუშვა. მით უმეტეს, რომ ზაფხულის დაწყებისთანავე და შარშანდელიდან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ იყო, რომ პანდემია, თამაშის გულშემატკივართან ერთად ჩატარების საშუალებას, მხოლოდ 1.5% თუ მოგვცემდა. მათ გარეშე კი... ბუნებრივია, ახალი სტადიონი კარგია, რეგიონშიც ფეხბურთის განვითარება საჭიროა, ნაკრებმაც უნდა ითამაშოს ქვეყნის სხვადასხვა სტადიონებზე, თუმცა, ალბათ, უმჯობესია ეს თავიდან, ამხანაგური მატჩების ხარჯზე გაკეთდეს და არა, ოფიციალურ შესარჩევი თამაშებისას, როდესაც ყველა ქულა, ჰაერივით საჭიროა. კიდევ, ერთხელ ვიმეორებთ, რომ სტადიონთან, რომლის მინდვრის დრენაჟმაც, გადაუღებელი წვიმაში გაუძლო, მხოლოდ შექების ღირსია. თუმცა, თუ ვინმეს არ უნდა აქ დაწერილის სწორად გაგება, ეს კიდევ სხვა „თემაა".


ახლა, ცოტას, შემადგენლობას მივყვეთ. ბუნებრივია, სანიოლის საქმეში არ ჩავერევით. მისი და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია ვის დაუძახებ და ვის სხვა თამაშებისთვის შეინახავ, მაგრა, ფაქტია, რომ დღეს გუნდს აკლდა ნიკა კვეკვესკირი, აკლდა თორნიკე ოქრიაშვილი, აკლდა „დასჯილი" ლევან შენგელია, ნიკა კაჭარავა, ჯიმი ტაბიძე და თუ ბათუმელებზე მიდგა საქმე, გიორგი ნავალოვსკიც უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა, თუნდაც გამოცდილების ხარჯით. თუმცა, კვლავ ვიმეორებთ, რომ მწვრთნელის საქმეში, ჩარევა ბრიყვთა საქმეა, როგორც სანაკრებო შემადგენლობის გამოძახებისას, ასევენ სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას. კვარაცხელიას, შეგნებულად არ ვეხები.


მაგალითად, გაუგებარია როდესაც გამოძახებული გყავს ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე (თუნდაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკით), უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, რატომ უნდა ანდო თამაში ირაკლი აზაროვს, რომელსაც რამდენიმე არგამოსული ფინტის შემდეგ, უბრალოდ შიში დაეტყო და თავს არიდება, ბევრ მომენტში უფრო გაბედულ თამაშს და გრიგოლ ჩაბრაძე, რომელიც დღეს, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი სუსტი რგოლი იყო და ეს არ იყო, მისი სადებიუტო თამაში (ადრინდელივით), რომ გამართლება ამ მიმართულებით მოგვეხერხებინა.


იყო არგამართლებაც, მაგალითად ოთარ კიტეიშვილის მოულოდნელი ტრავმა მატჩის საწყის წუთებზე. ბუნებრივია, რომ ამ გარემოებამ, სანიოლის გეგმები არია, გუნდს კი, მცირედით გადაწყობა მოუხდა. არ გაუმართლა დავით ხოჭოლავასაც, ჩვენს კარში გასული გოლის მომენტში, რომელიც გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი ლორიას შემდეგ, ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო. ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იდნენ და შავ სამუშაოს ასრულებდნენ კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. მეტი? მომენტებში, უფრო პირველ ტაიმში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა გიორგი აბურჯანიამ და მორჩა...


აღსანიშნავია, რომ მარცხის მიუხედავად, ყველაზე სარგებლიანი დღეს სწორედ, ეროვნული ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი იყო - ამწვავებდა, ურტყამდა კარის მიმართულებით, გონივრულ გადაცემებს აძლევდა პარტნიორებს.


13 წუთი სუფთა დროის და მერე მსაჯის მიერ კომპენსირებული კიდევ 6 წუთი მიეცა გიორგი ჩაკვეტაძეს. 3-წლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში ეთამაშა და თან მატჩი გადაერჩინა. თუმცა, დღეს ეს, მან ვერ მოახერხა. ასევე ცოტა დრო ჰქონდა, თამაშის გადასარჩენად, შეცვლაზე შემოსულ გიორგი მიქაუტაძესაც, რომელმაც ამ დროში, კარის მიმართულებით დარტყმა მაინც სცადა. ჰო, ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით ჯაბა ჯიღაურმა და ერთი ნახევრადმცდელობა ჰქონდა გიორგი ქვილითაიასაც.


კოსოვო, კარგად "იჯდა" დაცვაში, კარგ პრესინგს გეთამაშებოდა, ჰქონდა ზუსტი გადაცემები, მოდიოდა პროვოკაციებზე საფეხბურთო და დისციპლინარული მხრითაც. ეს მათ ამოსუნთქვის და დროის გაყვანის კარგ საშუალებას აძლევდა. თან ამას, მაშინ აკეთებდა, როცა ჩვენების თამაში, ასე თუ ისე აწყობას იწყებდა.


დააგვიანა თუ არა სანიოლიმაც, ვაისის მსგავსად შეცვლების გაკეთება? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა ყველაზე აქტუალური კითხვა, ტრადიციულად მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ალბათ, არა, რადგან მან გამოიყენა ის რესურსი, და იმ თანმიმდევრობით, რაც საწყისი ლაინ-აფის შემდეგ შერჩა.


ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც საკუთარ კედლებში პირველ ნომრად უნდა ეთამაშა, ბურთს კი ფლობდა %-ულად მეტად, მაგრამ კარის ჩარჩოში, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყა, არაღიარებულმა კოსოვომ 4-ჯერ და აქედან, ერთხელ მიზანში. საქართველოს ნაკრებმა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩი წააგო 0-1 და ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ჯგუფში, რამე შანსი გაგვიჩნდეს. ამასთან, საქართველოს ნაკრები ხვალ, ესპანეთში, საკმაოდ „მძიმედ" გაემგზავრება. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ 5 სექტემბრამდე, გუნდის სამწვრთნელო შტაბი, მოახერხებს ნაკრების მდგომარეობიდან გამოყვანას.



სფფ-ს ფოტო