
საქართველოს ჩემპიონმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო. „მგზავრებთან", „ბათუმთან" წაგებული და 2017 წლის ბოლოს, „სოხუმთან" რთულად მოგებული თამაშის შემდეგ, თბილისის „დინამომ", „ოლიმპთან", მეოთხე პერიოდი და საბოლოოდ თამაშიც წააგო.
„ფაქტია, რომ ბოლო თამაშებში გვაქვს პრობლემები. რაც შეეხება „ბათუმს", საკუთარ ფარზე მოგვიხსნეს 18 ბურთი. გვქონდა, 19 დაკარგვა და სხვა შეცდომები"- ეს კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ ბათუმში თამაშის შემდეგ გააკეთა.
სავარაუდოდ, „ოლიმპთან" შეხვედრისას ხოშტარიამ, რომელმაც კარგად დაინახა, რომ ბოლო თამაშებში, დინამოელებს, არც თუ კარგად გამოსდიოდათ პერიმეტრიდან სროლები, გუნდს სხვა დავალება მისცა. „დინამომ" ანგარიშში წაიყვანა, თუმცა ლეონიდ ივატინის გუნდი დინამოელებს არც ისე და არც ასე, პერიმეტრიდან სროლის საშუალებას არ აძლევდა. მატჩის სტარტზე, „დინამოელთა" 10 ქულიანი სხვაობა, ოლიმპელებმა მალე შეამცირეს და მთელი თამაშის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედს, სადაც სხვაობამ ერთ მომენტში 11 ქულა შეადგინა, „ოლიმპი" მდევრის, თუმცა კარგად დაგეშილი „მდევრის" როლში იყო. ივატინის ბიჭებმა, „დინამოს" ყველა ლიდერის განეიტრალება მოახერხეს. მაგალითად, მიხეილ ბერიშვილმა, რომელსაც მერაბ ბოქოლიშვილი მეურვეობდა, მთელი მატჩის მანძილზე, მხოლოდ 2 ქულის აღება შესძლო.
პირველი მეოთხედი, „დინამომ", 2-ქულიანი სხვაობით მოიგო 17-15. 1 ქულა იყო მეორე მეოთხედში სხვაობა 13-12, შესვენებაზეც გუნდები 3-ქულიანი სხვაობით 30-27, გავიდნენ „დინამოს" სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ მეორე მეთხედი, ძირითადად გუნდების მიერ დაშვებული შეცდომებით დაგვამახსოვრდა. ანალოგიური განმეორდა მესამე პერიოდიშიც. თუმცა, როგორც გითხარით, „დინამომ" ერთ მომენტში, 11 ქულითაც კი მოახერხა დაწინაურება. მესამე მეოთხედის შემდეგ, კი, ირაკლი ხოშტარიას გუნდი 8-ქულიანი უპირატესობით იყო წინ (17-12) 47-39.
„ბიჭებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. „დინამო" მიმდინარე სუპერლიგის ფავორიტია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. გარდა ამისა, გვაკლია სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე, ასევე ახალგაზრდა მოთამაშეები და მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ვეცდებით, მომდევნო თამაშებისთვისაც სათანადოდ მოვემზადოთ", - ამბობს, თამაშის შემდეგ, დავით როგავა, „ოლიმპის" მწვრთნელი.
ბუნებრივია, რომ სუპერლიგაში მოთამაშე ყველა გუნდი, სწორედ, „დინამოსთან" სათამაშოდ, საგანგებოდ ემზადება და გამონაკლისი არც „ოლიმპი" ყოფილა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათ ეს გამოივუდათ. დასკვნითი მეოთხედი კი, ბოლო თამაშებია, გადაულახავი ბარიერია დინამოელთათვის. მე-4 პერიოდის ბოლო 5 წუთში, „დინამომ" 8 ქულიანი უპირატესობა არა მხოლოდ დაკარგა, არამედ, ამ მომენტისთვის, „ოლიმპი" პირველად ამ მატჩში, ანგარიშში წინ გავიდა და ნელ-ნელა მისი გაზრდა დაიწყო. ოლიმპელები სასტრატო ხუთეულის სამი მოთამაშის არყოფნას კი სჩივიან, მაგრამ ევროთასების შემდეგ, არც „დინამო" არის კადრებით დალხენილი. აშკარაა, რომ გუნდი, რომელიც 2017 წლის ბოლოს, რამდენიმე მოთამაშის გარეშე დარჩა, საკადრო პრობლემის წინაშე დგას. ამას წამყვანი მოთამაშეების მიკროტრავმებიც ემატება. „ოლიმპთან" მატჩში, ტრიბუნაზე იყო, ლევან ფაცაციაც. ასე, რომ გუნდი, კიდევ უფრო შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე.
„ფაქტია, რომ ბოლო თამაშები ჩავაგდეთ. სამწუხაროდ, ზედიზედ წაგებები გრძელდება, თუმცა, ახლა ჩვენი ამოცანაა, ზუსტად გავაანალიზოთ, რა არის ამის მიზეზი. მთელი სეზონი წინაა და მთავარია, კარგად მოვემზადოთ შემდეგი თამაშებისთვის. რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ, იმედი მაქვს, გამოვასწორებთ თამაშს და შევძლებთ, ვიყოთ ისევ ლიდერებში", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.
ბოლო, დასკვნით მეოთხედში, „ოლიმპის" ამერიკელი ლეგიონერის მორის ჰილის, მერაბ ბოქოლიშვილის, რევაზ როგავასა და ახალწვეული ჰამედ ალის თამაშის წყალობით "ოლიმპმა" ანგარიშში დაწინაურება მოახერხა და საბოლოოდ, 9 ქულით, 58-67 მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მეოთხედი „ოლიმპმა" 11-28, 17 ქულით მოუგო ქვეყნის მომქმედ ჩემპიონს.
გამარჯვებულებს 26 ქულით მორის ჰილმა მოუტანა. მერაბ ბოქოლიშვილის ანგარიშზე 14, ხოლო რევაზ როგავას 10 ქულა დაგროვდა. „დინამოში" 13 ქულით და 11 მოხსნით ილია ლონდარიძე გამოირჩა. ყველაზე მეტი, 14 ქულა კი ლაველ ბოიდის ანგარიშზეა. სხვათა შორის, ბოიდი ერთ-ერთია იმ დინამოელთაგან, ვინც „ოლიმპთან" თამაშში 3-ქულიანის სროლა მოახერხა და 2-დან ერთი ჩააგდო. ბოდის გარდა, 3-ქულიანის მცდელობა ჰქონდათ მხოლოდ ბერიშვილსა და გოგოძეს (ერთი ზუსტი).
მომდევნო თამაშები 19-20 იანვარს გაიმართება. „ოლიმპი" სტუმრად, „ქუთაისს" შეხვდება. „დინამო" კი თბილისში, 20 იანვარს, მარნეულის „დელტას" ეთამაშება. ამ თამაშამდე, ამავე დარბაზში, „სოხუმი" და „კაკტუსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
(იხილეთ სტატისტიკა და სატურნირო ცხრილი)






ჩვენ








