7-კაცა - ‘აკადემიამ’ სამი მოიგო
7-კაცა - ‘აკადემიამ’ სამი მოიგო
06.09.2021
ავტორი: რაგბის კავშირი

თბილისის 'აკადემიამ' რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 7-კაცა რაგბში, ხუთიდან სამი შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე-9 ადგილზე გავიდა.


„მხატვრებს" არ გაუმართლა და ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის ორი უძლიერესი გუნდი შეხვდა. პირველ მატჩში, მასპინძელთა გუნდმა, სანქტ პეტერბურგის 'ზასტავა-7'-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 31:0. აღსანიშნავია, რომ სანქტ პეტერბურგელები საბოლოოდ ტურნირს გამარჯვებულები გახდნენ.


მეორე მატჩში 'აკადემიამ' პოლონეთის 'პოზნანიას' 26:5 სძლია, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ინგლისის 'სამურაის' დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეტოქემ 26:17 გაიმარჯვა. შედეგად, თბილისელები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ და მეორე დღეს მხოლოდ მე-9 ადგილისთვის იბრძოლეს.


აქ 'აკადემია' მეტოქეებს ერთი თავით აღემატებოდა და ნახევარფინალში ბელარუსის 'ჰარუგვას' ექვსი ლელო გაუტანა - 32:0, ხოლო მე-9 ადგილისთვის იგივე პოლონეთის 'პოზნანიას' 42:5 მოუგო.