კომპენსირებულ დროში მოგებული მატჩი
კომპენსირებულ დროში მოგებული მატჩი
07.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, თამაშიც მოიგო, 1-2. თუმცა, მანამდე, ესტონეთის 19-წლამდე ნაკრებთან გამართული პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელი მატჩი ნაკლებ სანახაობრივი, უხეში და ემოციურად უფრო დაძაბული გამოდგა. როგორ ჩანს, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, ესტონელ თანატოლებთან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩათვალეს, რომ საქმე მარტივად იყო. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში, თამაში, რომელიც ძირითადად მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა და თანაბარი იყო, ჩვენები, საკმაოდ ბევრ, წვრილმან შეცდომებს უშვებდნენ.


პირველ ტაიმში, მასპინძლების კართან, რეალურად ერთხელ დაიძაბა ვითარება, 23-ე წუთზე, როდესაც ზედიზედ ორი კუთხური ჩამოვაწოდეთ, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებილი დროის ბოლო წუთზე, ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს დანიშნულ სტანდარტულს, გოლი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის „კაპიტალური კედელი" ავაშენეთ, „მაღლებით", ბურთი, ისე, რომ კედელს არ შეხებია, თუმცა, იქვე მდგომი ესტონელის „რეკოშეტით", ჩვენების კარში აღმოჩნდა. ესტონელებმა, მეორე შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, გოლი გასახდელში გაგვატანეს და მაისურაძეს, 15 წუთი მისცეს, სიტუაციის გამოსასწორებლად.


თითქმის ანალოგიური სცენარით გაგრძელდა მეორე ტაიმიც. თუმცა, დაახლოებით მე-80 წუთიდან საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ბურთი „დაჭერაც", ტემპს მოუმატა და მეტოქის კართან, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მაგალითად, 82-ე და 85-ე წუთებზე. თუმცა ესტონელთა კარში, ბურთი არ შედიოდა. მხოლოდ, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 92-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა, „დინამო თბილისის აკადემიის" წარმომადგენელმა ნიკა სიხარულაშვილმა შორი მანძილიდან მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, 1-1. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე კი, უკვე „ლოკომოტიველმა" გიორგი პირტახიამ გამარჯვების გოლი გაიტანა, 1-2.


 

საქართველოს ნაკრები: ლუკა ხარატიშვილი (46'ლევან თანდილაშვილი), დავით გოგოტიშვილი (46' გიორგი ამბროსიძე), თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, გიორგი პირტახია, ოთარ მამაგეიშვილი (78' ლუკა წულუკიძე), ზურაბ რუხაძე (58' მუხრან ბაგრატიონი), ლუკა გაგნიძე (46' ნიკოლზ ცხოვრებაშვილი), ჯადული იობაშვილი (46' გიზო მამაგეიშვილი), ლუკა კეკელიძე (46' გიორგი კვერნაძე), გიორი გვიშიანი (67' ნიკა სიხარულაშვილი)

 

 


შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ამხანაგური შეხვედრაც ქართველი 19-წლამდე ნაკრების გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.