„ზამთრის თასი“ კახა კალაძემ და ლევან კობიაშვილმა შეაფასეს
„ზამთრის თასი“ კახა კალაძემ და ლევან კობიაშვილმა შეაფასეს
14.01.2018
ავტორი:

14 იანვარს, თბილისში „დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის" რიგით მეორე გათამაშება დასრულდა. თბილისის ოლიმპიური სასახლის ორივე დარბაზმა სამი დღის მანძილზე „ზამთრის თასის" ეგიდით, სამ სხვადასხვა ტურნირს უმასპინძლა. ტრადიციულად, ყველაზე მეტი ქომაგი ვეტერანების ტურნირს დაესწრო. „ზამთრის თასის" ამ გათამაშებაში, ოლიმპიურ სასახლეში მოსულმა ქომაგმა 90-იანებისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის სახელოვანი ქართველი ფეხბურთელები, კიდევ ერთხელ იხილა მოედანზე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც მეორედ ზედიზედ, „ზამთრის თასი" მოიგო, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ლომაია, გივი კვარაცხელია, დავით სირაძე, ზურა ხიზანიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, მამუკა მაჭავარიანი და დავით გვარამაძე იყვნენ. გუნდს კი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები რევაზ ძოძუაშვილი და ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდნენ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკვე ზედიზედ მეორედ ატარებს ზამთრის თასის გათამაშებას. წელს ჩამოსული იყო: იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის და უეფას გუნდები და საინტერესოდ წარიმართა მთელი დღის განმავლობაში, ძალიან კარგი თამაშები იყო. სპორტის განვითარებისთვის და ზოგადად ფეხბურთის პოპილარიზაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის ასეთი ტურნირების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მისასალმებელია", - ამბობს კახა კალაძე.



საქართველოს ერთ-ერთმა პოპულარულმა ფეხბურთელმა და დღეს უკვე, თბილისის მერმა, ამ ტურნირზე 8 გოლიც გაიტანა და ვეტერანთა ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც შეაფასა.

„წლევანდელი გათამაშება ძალიან საინტერესო გამოვიდა. მითუმეტეს, რომ გავიმარჯვეთ და ეს ყოველთვის სასიხარულოა. იყო სიახლე იტალიის სახით, ასევე უეფას ყავდა გაცილებით ძლიერი გუნდი, ვიდრე 1 წლის წინ. საერთო ჯამში ეს ყველაფერი სანახაობრივად ძალიან კარგი გამოდგა და გულშემატკივარმა ძალიან ისიამოვნა. ყოველთვის სასიხარულოა ყოფილი ფეხბურთელების ნახვა იმიტომ, რომ არის გულშემატკივართა კატეგორია, რომელთაც ძალიან უნდათ თავისი საყვარელი ფეხბურთელები ნახონ კიდევ ერთხელ. ძალიან გვიხარია, რომ ეს ტრადიცია დავიწყეთ და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში კარგია ასეთი ტურნირების ჩატარება, რადგან საქართველოში ამ დროს ჩემპიონატი არ ტარდება. მონაწილეობა მიიღეს 14 წლამდე გუნდებმაც. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა.


ეს ტურნირი ეროვნული ლიგის გუნდებსაც გამოადგება, უფრო მეტიც. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როდესაც გერმანიაში ვთამაშობდი, ყოველთვის ტარდებოდა მსგავსი ტურნირები და ალბათ მოსამზადებელი პერიოდისთვის ყოველთვის კარგი არის ის, რომ ბევრ გუნდს აქვს საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახოს, თუნდაც ის ფეხბურთელი, რომელსაც აკვირდება. საკმაოდ დატვირთული არის 1 დღის განმავლობაში ამდენი თამაშის ჩატარება. იმ ეტაპისთვის რა ეტაპზეც ჩვენი გუნდები იმყოფებიან, ეს ძალიან კარგია.

შარშანდელ ტურნირთან შედარებით წელს სიახლე გვქონდა. ჩვენი მიზანია ყოველ ჯერზე გავაფართოვოთ ტურნირი. წელს დავამატეთ 14 წლამდელები, მომავალ წელსაც ახალ სიახლეს შემოვიტანთ. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ყველა ჩავრთოთ ახალგაზრდებიც და ვეტერანებიც და არ გამოვრიცხავ, მომავალ ტურნირებზე სხვა სასიამოვნო სიახლეებსაც", - ამბობს ლევან კობიაშვილი ტურნირის დასრულების შემდეგ.