
ჯოხი სანიოლიზე ტყდება, თან უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი. რა დასამალია და ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, ნაკრებმა ცოტა იარა ინერციით და რამდენიმე თამაში კარგადაც ჩაატარა. თანაც, ბიჭებმაც მოინდომეს, ყველას უნდოდა ახალი მწვრთნელის წინაშე თავის წარმოჩენა და ეს ბუნებრივიცაა და შემდეგ რა?
ბულგარეთთან დასრულებული ამხანაგური თამაშის შემდე (წლების წინ, დინამო არენაზე ვარჯიშის შემდეგ, სტოიჩკოვთან ნაჩხუბარმა), დიდხანს ვეცადე ჯერ დამშვიდებას, მერე თამაში რამდენჯერმე დავატრიალე ეკრანზე და თავში, ვეცადე თითუელი ფეხბურთელი განმეხილა. შევადარე ესპანეთთან და კოსოვოსთან ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს და დავასკვენი, რომ ბულგარეთთან შეხვედრის სტატისტიკას ვეთანხმები. ვეთანხმები, რომ იმ ორ თამაშთან შედარებით, მხოლოდ, იმ ორ თამაშთან და არა, თბილისში გამართულ შეხვერდასთან ესპანეთის წინააღმდეგ და თუდაც, გასვლაზე საბერძნეთში ჩატარებულ მატჩს, სოფიაში, უკეთ ვითამაშეთ. მოვახერხეთ ბურთის ფლობა, რამდენჯერმე სახიფათოდ შევუტიეთ ფლანგებიდანაც, თქვენ წარმოიდგინეთ, კარშიც დავარტყით და გოლიც გავიტანეთ. სექტმებრის სანაკრებო ციკლის მესამე შეხვედრაში, ერთადერთი და ამ ციკლის ბოლო გოლი, ზუკა დავითაშვილზეა. თუმცა, ეს იყო ამხანაგური მატჩი და ისიც, ოფიციალურების მსგავსად 4-1 წავაგეთ. რომ გითხრათ, რომ ბულგარელები „გვასხდნენ", თავადაც უყურეთ და ნახეთ, რომ ასე არ იყო. თუმცა, მასპინძლებმა, ჩვენს კართან შექმნილი მომენტებიდან მაქსიმუმი გამოიყენეს. დაცვასაც შეეშალა, განსაკუთრებით პირველი გოლის მერე აიჭრნენ. თუმცა, არც მეკარის უდანაშაულობა იქნება. ვიცი, რომ მთელი აზვირთებილი დადებითი ტალღის საპირისპიროდ შევცურავ და საკმაოდ არაპოპულარულ აზრს გამოვთქვამ, „ნიუ" ქართული სპორტული „მედიისგან" განსხვავებით, მაგრამ მამარდაშვილი, ჩემი მთელი სიმპათიის, პირადი დამოკიდებულებისა და პატივისცემის მიუხედავად, სადღაც 2 წელი დაახლოებით, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რომ ფსიქოლოგიურად, სანაკრებო (ქვეყნის ნაკრები და თუნდაც ტოპ-კლუბი აბსოლუტურად სხვადსხვაა) ტვირთს გაუძლოს. შესაბამისად, მგონი დროა, განსაკუთრებით თამაშების წინ, ლორიას პირველნომრობაზე ამ „ნიუ მედიამ" იხმაუროს და ელემენტარულად ცუდი აურა არ შექმნას, დღეისათვის საქართველოს ნომერი პირველი მეკარის მიმართ!
სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ, ლორია - მამარდაშვილის თემაზე 10-დან 15 სპეციალისტს, მეკარეებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს (უფროსი ასაკის მოქმედებს) ვესაუბრე და ერთი დასკვნამდე მივედით, ლორია, ამ მომენტში უკონკურენტოა და თუ, პირად სიმპათიებს გვერდით გადავდებთ, თუნდაც იმიტომ, რომ „მამარდა" გაიზარდოს, გადამეტებით მის მიმართ აღმატებითი ლაპარაკი, პირველ რიგში, ჩვენ, მედიამ უნდა ვაკონტროლოთ, მხოლოდ მამარდაშვილს გავუკეთებთ კარგ საქმეს. მოზომილად!
ვისაც მოკლე მახსოვრობა აქვს, გავახსენებ, გორში, 2017-ში ახალგაზრდულის თამაშის დროს, როგორ აგინეს გიორგი ჩაკვეტაძე, მათ შორის ამ მედიამაც, მერე ნახევარ წელში გააღმერთეს, ტრავმის შემდეგ დაიკიდეს, უცებ, „კვარათი" ჩაანაცვლეს. მერე, „კვარაც" მიქაუტაძეთი დააბალანსეს, ახლა წიტაიშვილით. მამარაშვილზეც ზედმეტი მოლოდინი შექმნეს. მგონი დროა, მედიაც გაიზარდოს და თავდაპირველად, მედია ტრიბუნაზე ქცევა, პრესკონფერეციაზე გააზრებული კითხვების დასმა და საერთოდ, ქცევა ისწავლოს. მეტი „დაბუსტვით" წარმატება არ მოდის!
ძალიან მინდა გავიგო, ჩვენი ნაკრების ფრანგი მწვრთნელი, ვილი სანიოლის თავში რა ხდება. ქართულ მედიასთან პირველ შეხვერდაზე, „შერატონში", ამ კაცმა არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება და მონდომებაც დავინახე. მომწონს, რომ აკეთებს ექსპერიმენტებს, მიდის ავანტიურაზეც და ნაკრებში ელიგის მოთამაშეებს თამამად იძახებს. თუმცა, ამ რაოდენობით? ცოტა საეჭვოა. მით უმეტეს, რომ ამ ეჭვებს, სანაკრებო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაცია (ფეხბურთელებისგან) კიდევ უფრო ამყარებს და ერთი, კონკრეტული მიმართულებისკენ მიგვანიშნებს. შესაბამისად, არ შემიძლია, არ დავეთანხმო ჩემს რამდენიმე კოლეგას, რომ დროა, ფეხბურთელებმა დაიწყონ ლაპარაკი - რა ხდება გუნდში, რადგან ჩემი ასაკის ჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ ეს გაკვეთილი უკვე გავლილი გვაქვს და ცუდის გამეორება, ნაღდად არ არის საჭირო.
პს - სტატიის თანმხლებ ფოტოდაც, გვარების გარეშე, გასახდელის სკამი სპეციალურად შევარჩიე, რადგან ნაკრები კვლავ გაურკვევლობაშია!
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








