პირველი სტარტი და ბრინჯაოს მედალი
პირველი სტარტი და ბრინჯაოს მედალი
12.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი დღის მანძილზე, 10-12 სექტემბერს, იტალიის  ქალაქ  ბერგამოში გაიმართა  ჩელენჯერის  სერიის  საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მამაკაცთა კატეგორიაში ახალ სეზონში, პირველად  იასპარეზა  ქართველმა მოციგურავემ, მორის ყითელაშვილმა. ამასთან, სასტარტო შეჯიბრში მორისმა, პირველად  წარმოადგინა  თავისი  ახალი პროგრამები და 17  ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს  შორის  ბრინჯაოს  მედალი დაიმსახურა.


ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი  შეასრულა და ტურნირის  ამ ნაწილში მეორე  პოზიციაზე  აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში, 236,18 ქულით საპატიო მესამე  ადგილზე გავიდა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიაში გამარტულ ტურნირში, მორისი ახალი პროგრამით წარსდგა. შესაბამისად, ის ნელ-ნელა დაიხვეწება  და დიდი ალბათობით, მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროგრამა იქნება, ვინაიდან სპორტსმენი 5 ოთხმაგი ხტომის შესრულებას გეგმავს და თუკი ამას, ყველაფერს სუფთად შესრულებს, მას წარმატება გარანტირებილი ექნება. შეგახსენებთ, რომ მორისი, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გეგმავს ასპარეზობას.



იხილეთ ქართველი სპორტსმენის გამოსვლა.


აქვე გეტყვით, რომ ფიგურულ ციგურაობაში ნაკრების წევრთა მომზადებისა და ახალი პროგრამების მონიტორინგის  მიზნით, ყოველი ახალი სეზონის დაწყების წინ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის  ფედერაცია, თავისი  სამოქმედო სქემის  ფარგლებში გეგმავს ნაკრების  წევრთა საკონტროლო გამოსვლებს.


ამ მიზნით , ონლაინ ფორმატში, 8-10 სექტემბერს, ქართველი მოციგურავების მიერ შესრულდა  ოლიმპიურ  სეზონზე  მომზადებული მოკლე  და  თავისუფალი პროგრამების  საკონტროლო  ჩვენებები. საკონტროლო გამოსვლებს ესწრებოდნენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის  ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ფედერაციის გენერალური მდივანი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, მსაჯიიულია ლევშუნოვა და  ფედერაციის სხვა წევრები.


თითოეულ სეგმენტში  პროგრამების  წარმოდგენის  შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტ, მსაჯებს, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შორის  შედგა საკონსულტაციო სამუშაო  შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნა განხილული ახალი პროგრამები. სპორტსმენებმა მსაჯებისაგან მიიღეს  მითითებები და რჩევები პროგრამების კომპონენტური სრულყოფისა და ტექნიკური   ელემენტების დახვეწის ნაწილში. ფედერაციის პრეზიდენტმა გამოსვლების შეფასებით  ნაწილში აღნიშნა, რომ წლევანდელი  წელი, განსაკუთრებულია  თავისი მნიშვნელობით, რადგან ოლიმპიადაზე  ყველა  სახეობაში  სპორტსმენების  წარდგენა  და  გუნდური ასპარეზობისათვის ბრძოლა სერიოზული განაცხადია.


ქართველი სპორტსმენები ემზადებიან  სხვადასხვა  საერთაშორისო  სტარტისათვის, მათ  შორის იუნიორებისა  და  სენიორების გრან პრის  ეტაპების, ჩელენჯერის  ტურნირებისა  და  2022  წლის  ზამთრის  ოლიმპიური  თამაშების  საკვალიფიკაციო ტურნირისათვის, რომელიც სექტემბრის ბოლოსათვის გაიმართება გერმანიის ქალაქ ობერზდორფში.