ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა!
ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა!
13.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების სექტემბრის „ფანჯრის" შემდეგ, ნაკრების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, წესით მისაღები იყო და დასაფიქრებელი. თუმცა, სფფ-ს წარმომადგენლებმა, რამდენიმე მედია-საშუალებაში, ჯერ აღიარეს დისკომფორტი, თუმცა, შემდეგ, თავის გამართლება სცადეს. ბუნებრივია, არ ვაპირებთ, ორი მხარის „შელაპარაკებაში" ჩარევას და საკუთარი პიზიციის დაფიქსირებას (ამ ეტაპზე), მაგრამ ეს „შელაპარაკება", რომ „მამათა და შვილთა" ბრძოლის არ იყოს, თავის პასუხის პასუხებით და რეალურად ცოცხალ რეჟიმში, დიალოგის სახით წარიმართოს, ნაღდად არ იქნება ურიგო. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ყველაზე სამარცხვინო და „უჯიგრო" თამაშები ჩაატარა. ფაქტია, ისიც, რომ მხოლოდ ბიჭებზე, მოქმედი ფეხბურთელები მყავს მხედველობაში, ჯოხი არაა გადასატეხი, ისევე, როგორც ვილი სანიოლიზე, რომელსაც, თუ კულუარებს ვენდობით, ბევრიც არ ეკითხება რა.


ამასობაში, სფფ-ს პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელმაც ერთ-ერთ მედიაში, გუშინ განაცხადა:


"წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ... აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო... ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... შეკრება, ანტალია... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს.


არასდროს გამოვირჩევი მწვავე და კრიტიკული განცხადებებით, მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, მაგრამ მგონია, რომ ასეთი წარუმატებლობა და ასეთი თამაში მეც მეხება.


ალბათ, პირველად ვიქნები ასეთი კატეგორიულად განწყობილი - მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?"


ამის პასუხად დღეს, შოთა არველაძემ, საკუთარი სოცუალური ქსელით, შემდეგი განცხადება გაავრცელა:


„ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.


ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.


უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც -  ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.


მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა".


შეგახსენებთ, რომ საქათველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, 3 შეხვედრა გამართა, ორი ოფიციალური, მსოფლიოს შესარჩევი და ერთიც ამხანაგური, ბულგარეთთან და სამივე წააგო, თან ისე, რომ საკუთარ კარში 9 ბურთი მიიღო და მხოლოდ 1 გაიტანა. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს ბევრი მარცხი უგემია, თუმცა, ამ ჯერად, გუნდს „არ უთამაშია" და ამის დასანახად, დიდი მონდომება არ იყო საჭირო. შესაბამისად, არის პრობლემა, რომელზეც სწორედაც, რომ ხმამაღლაა ლაპარაკი საჭირო და საერთო ძალებით, არა სიტყვებითა და ქაღალდზე, მათი გადაჭრა.