ჯანოს საფეხბურთო უიღბლობა გრძელდება
ჯანოს საფეხბურთო უიღბლობა გრძელდება
13.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯანო ანანიძემ ერთი კვირის წინ, გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა, ძალიან მალევე, ფეხბურთელს ტრავმამ შეახსენა თავი და ის, კვლავ ინდივიდუალურ გრაფიკზე გადავიდა. ამის შესახებ, დღეს, „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე, მედიასთან შეხვედრისას, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.


„ჯანოს, რამდენიმე დღის წინ მუხლი ისევ ატკივდა. მიმდინარეობს გამოკვლევა თუ რა დონეზეა და ამ ეტაპზე გაჩერდა. იმის თქმაც არ შეგვიძლია, როდის შეიძლება გუნდს შეუერთდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ძალიან დიდი ძალაა, როგორც „დინამო თბილისისთვის", ისე საქართველოს ნაკრებისთვის, თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს. 10 დღის უკან, როცა მან ვარჯიში დაიწყო, ძალიან დიდი იმედით ვიყავით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მუხლი ისევ ატკივდა და გამოკვლევას უნდა დაველოდოთ", - ამბობს ცხადაძე.

 


ჯანო ანანიძემ, რომელიც „დინამო თბილისის" 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა, ეროვნულ ლიგაზე მხოლოდ, ერთ მატჩში ითამაშა, ბათუმში, „დინამოს" წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ფეხბურთელს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და იტალიაში გასამგზავრებელი გახდა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო პერიოდის დროს, ჯანო, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ინდივიდუალურად ვარჯიობდა. თუმცა, სანაკრებო შესვენების დროს, ანანიძემ, გუნდთან ერთადაც სცადა ვარჯიში. ე.წ „კვადრატის" შემდეგ, კი ფეხბურთელმა უხერხულობა იგრძნო და ვარჯიში შეწყვიტა.