„დინამოში“ მიზეზის ძებნა დაიწყეს
„დინამოში“ მიზეზის ძებნა დაიწყეს
20.01.2018
ავტორი:

თბილისის „დინამომ" სუპერლიგის გათამაშებაში, ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ამჯერად, გათამაშების დებიუტანთან, „მარნეული დელტასთან" 8 ქულით, 100-92 (15-14 / 22-23 / 24-25 / 18-17 / 21-13 ) დამარცხდა. ამ მატჩამდე, თბილისელები „მგზავრებთან", „ბათუმთან" და ბოლოს, „ოლიმპთან" დამარცხდნენ. ყველა თამაშში, დინამოელების მთავარი პრობლემა მესამე პერიოდის შუაწელიდან იწყება, როცა გუნდის წამყვანი კალათბურთელები პერსონალურებით არიან დატვირთულები, ან პირიქით, „დინამოს" მოკლე სკამიდან გამომდინარე, ცდილობენ, რომ თავი დაიზღვიონ და ბრძოლაში შესვლას ერიდებიან.

ევროპის საკლუბო ტურნირებზე გამოსვლის დასრულებისთანავე, საქართველოს ჩემპიონის რიგები ორმა სერბმა ლეგიონერმა, ნიკოლა გაჩეშამ და იოვან ჩრნიჩმა დატოვეს. სავარაუდოდ, გაჩეშა, კვლავ ქართულ სუპერლიგას დაუბრუნდება, მხოლოდ „დინამოს" ნაცვლად, ის „რუსთავში" გააგრძელებს თამაშს. სად გააგრძელებს თამაშს, ლევან ფაცაცია, რომელიც, უკვე მეორე ტურია, თანაგუნდელების თამაშს ტრიბუნიდან ადევნებს თავალს, ჯერ უცნობია. 2018 წელს, „მგზავრებთან" და „ბათუმთან" ჩატარებული თამაშების შემდეგ, რა მოხდა გუნდის წამყვან კალათბურთელსა და კლუბს შორის, ამ ეტაპზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. ფაქტია, რომ „დინამოს" სკამს უჭირს და მთელი დატვირთა ბოლო ტურებია, რამდენიმე მოთამაშეზე გადადის.



შესაძლოა, ამ მიზეზით დღეს, არ წაუვიდა თამაში, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მიშა ბერიშვილს. დინამოელთა სნაიპერმა, რომელიც თამაშში საშუალოდ 20-30 ქულას აგროვებდა, მოკლე შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, 3 თამაშში მხოლოდ, 15 ქულა დააგროვა. დღესაც, მისი მონაგარი, 8 ქულაა. აქედან, თუკი ბერიშვილის 3-ქულიანიების სიზუსტის პროცენტულობასაც გავიხსენებთ, დღეს მას სრული ჩავარნდა ჰქონდა - 11 მცდელობიდან, ყველა არაზუსტი იყო.

საერთოდ, დინამოელები, რომლებიც 3-ქულიანის კომპონენტშიც, გამორჩეულები იყვნენ, ბოლო თამაშებია, ხელი აქვთ მოცარული. დღესაც, პერიმეტრიდან მათ, მხოლოდ 6-ჯერ გაუმართლათ. 3-3-ჯერ ზუსტად ნოდო გოგოძემ და ლაველ ბოიდმა ისროლეს. გუნდშიც, თამაშის ბოლოს,  მათ ანგარიშზე 19-19 ქულა დაგროვდა. დინამოელთა შორის, ყველაზე შედეგიანი კი, ილია ლონდარიძე იყო, რომელმაც 20 ქულა, ძირითადად მეოლთხე პერიოდში დააგროვა.

საერთო ჯამში, დინამოელთათვის მოუოდნელად თამაში დაძაბული გამოდგა და ძირითადად, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ოფიციალურად, დღევანდელი მატჩის სტატისტიკაში ლიდერის ცვლილება 24-ჯერ დაფიქსირდა. ერთ-ერთი ასეთი ლიდერის ცვლილების შემდეგ, „დინამო" 10 ქულითაც კი იყო, წინ, თუმცა, ჩემპიონმა ამ უპირატესობის არა თუ შენარჩუნება მოახერხა, არამედ, რომ არა მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე, დინამოელთა ლეგიონერის დამატება, „დინამო" ძირითად დროშივე წააგებდა 2 ქულით. ტურპინის დამატების შემდეგ, კი ანგარიში გათანაბრდა 79-79.


ოვერტაიმის საწყის ეტაპზე ნიკოლას ნილის სამქულიანებს, მხარი მარნეულელთა კიდევ ერთმა ლეგიონერმა დეანდრე რეიმ აუბა და საბოლოოდ, დამატებითი დროის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე, სხვაობამ, ქულების ისეთი რაოდენობა შეადგინა, რომ „დინამოს" მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა. სასწაული კი, ამ დღეს „მარნეული-დელტასთვის" იყო მომზადებული. მათ, მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს. „დინამოს" კი უახლოეს ხანში, სერიოზულად მოუწევს დაფიქრება და იმ პრობლემების აღმოფხვრა (მათ შორის სკამის შევსება), რამაც გუნდი წაგებული სერიის წინ დააყენა. მატჩის შემდეგ, „დინამოს" კალათბურთელებმა აღნიშნეს, რომ ეს დროებითი, მოვლენაა. „მიზეზი, ჩვენს თავშიაო", თქვეს ბიჭებმა და იმედი გამოთქვეს, რომ მალე ეს მდგომარეობა გამოსწორდება.

ბუნებრივია, სწორი დასკვნები გაკეთდება სამწვრთნელო შტაბშიც. მართალია, ფლე-ოფების დაწყებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ პრობლემები დროულად არის მოსაგვარებელი,

იხილეთ მატჩის სტატისტიკა.


***

საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღევანდელი დღის პირველი დაპირისპირება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „სოხუმი" და „კაკტუსი" დაუპირისპირდნენ. ამ მატჩში გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა. ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ კაკტუსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დეანდრე პარკსმა მხოლოდ 1 საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა. დარჩენილ 4 წამში კი სოხუმელებმა გამთანაბრებელი სამქულიანის სროლა მოასწრეს. თუმცა, უოლერის შორეული ტყორცნა, მხოლოდ კაკტუსელთა ფარის რკალს მოხვდა. შეხვედრა კი აჩიკო ჟღენტის ბიჭების გამარჯვებით  105-102  დასრულდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი ბოლო ადგილზეა, ის გაძლიერდა ორი ამერიკელი მოთამაშის დამატებით. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია ამ მოთამაშეებზე, თუმცა ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. დაცვაში დავუშვით ბევრი შეცდომა, მაგრამ მოგება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვულოცავ ჩემს გუნდს", - ამბობს, აჩიკო  ჟღენტი, „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე ჩემპიონატში, „სოხუმი", რომელსაც მხოლოდ 1 მოგება აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა, „კაკტუსის" წინააღმდეგ, გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდიდან წასული ვიტაუტას კამარუნასისა და ანატოლი ჩელოვანის ნაცვლად სოხუმელებმა 2 ამერიკელი ლეგიონერი - ბიშოპ დანიელსი და ჯორდან პრაისი შეიმატეს.


„ბიჭებმა იბრძოლეს და შეხვედრა ბოლო წამებზე დავთმეთ. ახალმა ამერიკელმა მოთამაშეებმა გუნდი გააძლიერეს. ისინი კიდევ მოუმატებენ და გუნდს შეეწყობიან. ჯერ მხოლოდ 1 სრულფასოვანი ვარჯიში აქვთ ჩატარებული ჩვენთან", - ამბობს მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი.

მთელი მატჩის მანძილზე, „კაკტუსის" ლიდერობდა, „სოხუმი" კი მდევრის როლში იყო. პირვველი ტაიმის შემდეგ, გუნდები საყაიმო ანგარიშით 48-48  გავიდნენ გასახდელებში.

მესამე პერიოდი, „კაკტუსმა"  25-22 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ , 3 ქულით, 73-70 დაწინაურდა. მეოთხე ათწუთეულის დასაყისში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. ჯორდან პრაისის 3 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ ტაბლოზე 73-73 დაფიქსირდა. ამის შემდეგ, მატჩი, როგორც გითხარით, ბოლო წამებზე, კიდევ ერთხელ დაიძაბა. თუმცა, საბოლოოდ, „კაკტუსმა" 3-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

კაკტუსელთა შორის შედეგიანი მოთამაშე 36 ქულით კრისტიან ჯონსონი იყო. 20 ქულა დაგროვდა დეანდრე პარკსის ანგარიშზე, ხოლო ჯონ მიტჩელმა ორმაგი დუბლი - 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. „სოხუმში" 34 ქულით საუკეთესო იყო ბიშოპ დანიელსი. 27 ქულა მოაგროვა ჯორდან პრაისმა, ხოლო ლევან რევაზაშვილისა და კვან უოლერის ანგარიშზე 18-18 ქულა დაგროვდა.

ამ სათამაშო დღემდე, 19 იანვარს, სუპერლიგაზე კიდევ 2 მატჩი გაიმართა.

რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა „რუსთავმა", 104- 82, „მგზავრები" დაამარცხა, „ქუთაისმა" კი შინ „ოლიმპს" მოუგო 92-60.

მომდევნო ტურის თამაშები, საკალათბურთო სუპერლიგაზე 26 და 27 იანვარს გაიმართება.