
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, გიოტებორგში, შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელშიც მასპინძლები დომინირებდნენ 4-0 წააგო. აქვე დავძენთ, რომ უკვე ტრადიცია ხდება, საქართველოს ნაკრების მეკარის, თათია გაბუნიას კარგი თამაში, რომლის წყალობითაც, 4 გოლზე მეტი არ გავიდა. თუმცა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის სხვაობაა, მთელი გუნდის თამაშიც, მარცხის მიუხედავად, არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი. აღსანიშნავია, რომ შვედებმა, გოლები ტაიმების მიწურულს გაიტანეს. ორი პირველი ტაიმის ბოლოს და ორიც, მატჩის ძირითადი დროის, ბოლო 8 წუთში.
„თავიდანვე ვიცოდით რა დონის ნაკრებთან გვიწევდა თამაში... ვიცოდით, რომ შეიძლებოდა დიდი ანგარიშითაც წაგვეგო, მაგრამ უკან არდაგვიხევია არცერთ ჩვენგანს... პირველივე წუთებიდან, მთელი გუნდი მაქსიმუმს ვაკეთებდით კარის დასაცავად. 40 წუთის განმავლობაში 0-0 იყო ანგარიში. საბოლოოდ, 4-0 დასრულდა. თუმცა, ანგარიშის მიუხედავად ვთვლი, რომ თამაში კარგად ჩავატარეთ. რაც მთავარია, დავანახეთ ხალხს, რომ ბრძოლა შეგვიძლია და ნელ-ნელა წინ მივიწევთ", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში თათია გაბუნია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მეკარე, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდება.

მათთვის, ვინც ქალთა ფეხბურთში, კარგად არ არის გათვითცნობიერებული გეტყვით, რომ შვედეთის ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ აშშ-ს ქალთა ნაკრები უსწრებს. შესაბამისად, პირველი ევროპაში. ამასთან, გიოტებორგში, „გამლა ულევის" სტადიონზე, საქართველოს ქალთა ნაკრებს, შვედებმა, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ მატჩში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ვიცე ჩემპიონების რანგში უმასპინძლეს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ეს შვედების მეორე შეხვედრა იყო, სასტარტოში მათ 0-1 გაიმარჯვეს სლოვაკეთში. იმავე დღეს კი, საქართველოს ნაკრებს, შეხვედრა გადაედო.
„როდესაც მსოფლიოში მეორე ნაკრებს ეთამაშები რთულია შეტევითი პოტენციალის გამოჩენა. მიზანი იყო ბრძოლა და მაქსიმალურად შეგვენახა კარი. ვთვლი რომ ჩვენ ეს შევძელით და მომავალში უფრო მეტსაც შევძლებთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, არვიცი როგორი კომენტარი გავაკეთო. ერთი, რაც არის ვიცოდი, რომ იქნებოდა ზეწოლა და შრომა მომიწევდა. ასეც მოხდა .90 წუთი და პლიუს დამატებითი დრო მაქსიმალურად ვცდილობდი თამაშში ჩართული ვყოფილიყავი და კარი დამეცვა. საბოლოოდ, ვთვლი რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ და გუნდმა დავალება შეასრულა", - ამბობს თათია გაბუნია.
როგორც მოსალოდნელი იყო, შვედეთის ნაკრები მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა უპირატესობას. მხოლოდ კარის მიმართულებით დარტმებით თუ ვიმსჯელებთ, შვედებმა 46-ჯერ დაარტყეს, აქედან, კარის ჩარჩოში 10-ჯერ. ანგარიში კი, პირველი ნახევრის მიწურულს მე-40 წუთზე ფილიპა ანგელდალმა გახსნა. ამავე ტაიმში, ჩეხი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე, მაგდალენა ერიკსონმა ანგარიში ორამდე გაზარდა და შვედებიც, შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ. არაფერი შეცვლილა მეორე ტაიმში, თუ არ ჩავთვლით, მსაჯების ცოტა მეტ სიმპათიას მასპინძელი გუნდის მიმართ, რომელსაც ეს დიდად არ სჭირდებოდა. ალბათ, ერთ-ერთი ასეთი მომენტი, საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული 11-მეტრიანი იყო, რომელიც 84-ე წუთზე ზუსტად შესარულა კაროლინა სეგერმამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, შვედმა დუბლი გაიფორმა.

მატჩის ტექსტური მიმდინარეობა და სტატისტიკა
საქართველოს ნაკრების შემადგენობა: თათია გაბუნია, ლელა ჭიჭინაძე (67' ნათია დანელია), ტატა მატვეევა (90+4' ლანა გორგაძე), ნინო ჩხარტიშვილი, ნინო პასიკაშვილი, ნინო სუთიძე, თამარ ტატუაშვილი, თეონა ბაქრაძე (84' ეთერ სულაშვილი), ირინა ხაბურძანია (84 მაიკო' ბებია), მარიამ კალანდაძე, ხატია ჭყონია
ახლა, ორი ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, ექვსი ქულით ჯგუფს შვედეთი ლიდერობს, რომელსაც სლოვაკეთის მსგავსად, 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დღესვე, A ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. ფინეთმა სლოვაკეთი ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. თუმცა, სლოვაკებს, სატურნირო ცხრილში, 0 ქულა უწერიათ და საქართველოს ნაკრებს, ბურთების ფარდობითობის ხარჯზე უსწრებენ მხოლოდ. მეორე ადგილზე, 3 ქულით ფინეთის ნაკრებია, რომელსაც 21 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრები უმასპინძლებს.





ჩვენ








