26-ე ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგაზე სურათი იგივეა
26-ე ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგაზე სურათი იგივეა
25.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 26-ე ტური ორი დღეზე გადანაწილდა. თუმცა, გათამაშების ლიდერებმა გუშინ, 25 სექტემბერს იასპარეზეს და მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

თბილისში, „დინამო არენაზე", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო თბილისი", „სამტრედიას" დაუპირისპირდა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლები დომინირებდნენ, სტუმრები კი, ხშირად უხეშობდნენ, ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ელიგის გათამაშების ერთ-ერთმა გოლეადორმა, დინამოელმა ზორან მარუშიჩმა, ოსეი ბარნსის გადაცემა გოლით დაასრულა და 12 გატანილი გოლით, ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. ამაში დინამოელთა სერბს, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც დაეხმარა, რაც თანაბრად დაგროვებული გოლების შემთხვევაში (12 გოლი აქვს გიორგი ფანცულაიასაც ბათუმის „დინამოდან") უპირატესობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს, თავის დაცვა უხდებოდათ, მორიგი უხეშობის შემდეგ (დინამოელთა საჯარიმოში, გიორგი პაპავას წინააღმდეგ  დაარღვიეს წესი, მსაჯმა კი, შეხვედრა არ შეაჩერა, პაპავა ექიმების შემოსვლამდე მინდორზე იწვა), სტუმრებმა, თბილისელთა რიგებში, მომენტალური არეულობით ისარგებლეს და გიორგი არაბიძესაც, არ გასჭირვებია, ბურთის ტექნიკურად გადაგზავნა კარში, 1-1. ამ მომენტის შემდეგ, სურათი არ შეცვლილა, „დინამო თბილისი" უტევდა, გიორგი ცეცაძის გუნდს კი, თბილისელთა საჯარიმოში გადასვლის მცდელობები ჰქონდა.


მეორე ტაიმის დასაწყისში, ისევე, როგორც პირველში, სამტრედიელთა მე-2 ნომერმა, ტრადიციულად გააგრძელა უხეშობა თოკო მორჩილაძის წინააღმდეგ, არადა მას, ამის გამო პირველი ტაიმის სტარტზე ყვითელიც ჰქონდა მიღებული და შემდეგაც, მსაჯის მიერ რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული, რომ ფეხბურთელს, ვეღარ დაინდობდა. სწორედ, მორჩილაძის მიმართ, მორიგი უხეშობის შემდეგ, გიორგი მჭედლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მინდვრის დატოვება მოუხდა. აღნიშნული მომენტიდან 12 წუთში, „დინამო თბილისი" უკვე 3-1 იგებდა. ბუნებრივია, რომ რიცხვობრივ უპირატესობაში დარჩენილმა თბილისურმა კლუბმა, ყველა საგოლე შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა, 57-ე წუთზე დავით სხირტლაძე, შორი მანძილიდან ეფექტური გოლი გაიტანა, 59-ზე კი, საიმონ ბენიომ არ გაუშვა შანსი ხელიდან. 72-ე წუთზე, უკვე ზორან მარუშიჩის გადაცემით, გოლი მეორე დინამოელმა სერბმა, მილან რადინმა გაიტანა. მე-80 წუთზე კი, სხირტლაძის სეზონის სადებიუტო გოლს, „დინამო თბილისის" ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო გოლი დაამატა გიორგი მოისწრაფიშვილმაც. „დინამო თბილისმა", 5-1 გაიმარჯვა.


***


3-0 გაიმარჯვა, ბათუმის „დინამომაც". აჭარულმა გუნდმა, თბილისში გამართული მატჩის პარალელურად, ბათუმის ახალ სტადიონზე, წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბული პირველი ტაიმის მიწურულს, ჯაბა ჯიღაურმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი, ვლადიმერ მამუჩაშვილმა (51'), ანგარიში გაზარდა. მისივე გადაცემით, 63-ე წუთზე,  გოლი უკვე გიორგი ალთუნაშვილმა გაიტანა და სოსო ფრუიძის გუნდის შემართებას წყალი გადაასხა. ბათუმის „დინამომა" 26-ე ტურში საჭირო 3 ქულა აიღო და „დინამო თბილისთან" 5-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.


***


მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა", ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო". როინ კვასხვაძის კარში, 41-ე წუთზე, ბექა დარცმელიას გადაცემით, ირაკლის სიხარულიძემ გაიტანა. მატჩის მიწურულს, თბილისელები კაცნაკლულნი დარჩნენ. რამდენიმე წუთში ორი ყვითელი მიიღო, შეცვლაზე შემოსულმა რატიმჭედლიშვილმა, თუმცა, კახა ჩხეტიანის შეგირდებმა, მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს და სატურნირო ცხრილში, უხერხულ, მე-7 ადგილზე არიან.


***


ორ ტურში, მშრალად დასრულებული მატჩების შემდეგ, როგორც იქნა, გოლები გაიტანა გორის „დილამ".  კახურ-ქართლურ დაპირისპირებაში, ანგარიში, პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიხსნა. „თელავის" კარში, გოლი, კამარას გადაცემით, ცოტნე მაისაშვილმა გაიტანა. 68-ე წუთზე კი, უკვე მაისაშვილის გადაცემით, თავად კამარამ დააწინაურა გორელები ორბურთიანი უპირატესობით. „დილამ" 0-2 მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა.


***


ტური კი, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე დასრულდა. მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა „შუქურამ", ერთი ბურთის გაქვითვა. გოლი, შეცვლაზე შესულმა ლევან ინგოროყვამ გაიტანა. შეხვერა კი, „საბურთალოსთან", გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, მე-10 წუთზე 11-მეტრიანით, იური ტაბატაძემ გაიტანა და „საბურთალო" დააწინაურა. თუმცა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში, მათ, მცირე დროით ბურთის დათმობა მოუხდათ. თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა, შეხვედრის მეორე ნაწილიც. ბოლო 10 წუთში კი, „შუქურა"გადურჩა რამდენჯერმე გოლს. თუმცა, აკაკი შუალაის, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობდა ფლანგიდან, მატჩის ამ მონაკვეთში, ქობულეთის გუნდის დაცვამ ვერაფერი მოუხერხა და ერთ-ერთ ასეთ მომენტში, საჯარიმოსთან ახლოს მოცელეს. სტანდარტული თავად შულაიამ შეასრულა და საბურთალოს, მნიშვნელოვანი გამარჯვება, 2-1 და 3 ქულა მოუტანა.



სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი