
სანამ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა, მსოფლიოს თასი თბილისს ეწვევა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ მოახერხა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, ფიფას მთავარი ტროფეი, მსოფლიოს ტურის დროს საქართველოსაც ეწვევა. ფიფას ოფიციალურმა საიტმა დღეს, აღნიშნული ტურის დაწყების შესახებ, ოფიციალურად გამოაცხადა. ლონდონიდან, თასი ფეხბურთის ლეგენდებმა ინგლისელმა ჯეფ ჰერსტმა და იტალიელმა ანდრეა პირლომ გამოაცილეს.
მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელმაც დღეს მოგზაურობა ლონდონიდან დაიწყო და გრძელ გზას, მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში დაასრულებს, ერთი დღით, თბილისშიც ჩამოვა.
მსოფლიოს თასი საქართველოში 8 თებერვალს ჩამოვა და აეროპორტიდან, საგანგებო ესკორტის თანხლებით, თბილისი „მოლში" გადაინაცვლებს, სადაც, საქრათველოს დედაქალაქში მყოფებს ახლოდან შეეძლებათ ამ ტროფეის ხილვა. მუნდიალის მთავარი თასი, მოგვიანებით თბილისში, კიდევ ერთ ლოკაციას, სასტუმრო „ბილტმორს" ეწვევა, სადაც უკვე VIP სტუმრებისთვის მოეწყობა თასის პრეზენტაცია. ამ ორი ლოკაციის გარდა, თუ სად ექნება თბილისში ფიფას მთავარ ტროფეის გაჩერება და კონკრეტულად, რომელ ლოკაციაზე რომელ საათებში იქნება შესაძლებელი მისი ხილვა, ან რომელი ცნობილი ფეხბურთელი წარადგენს მას, ქართველი აუდიტორიის წინაშე, რამდენიმე დღეში დაზუსტდება. მსოფლიოს თასის საქართველოში ვიზიტი, „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიასა" და თბილისის მერიის ხელშეწყობით ტარდება.
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი თასი, კოკა-კოლას ხელშეწყობითა და მონაწილეობით 6 კონტინენტზე იმოგზაურებს. თასი, 51 ქვეყნის 91 ქალაქში გამოიფინება და მისი ხილვის საშუალება, ფეხბურთის იმ გულშემატკივრებსაც მიეცემა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებაზე, მხოლოდ ოცნებობენ.
მოგეხსენებათ, კოკა-კოლა, ფიფა-ს ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარტნიორია. კოკა-კოლას სარეკლამო დაფები, მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონზე 1950 წლიდან გამოჩნდა. ამ ორი ორგანიზაციის ურთიერთობა 1976 წლიდან დაიწყო, 1978 წლიდან კი კოკა-კოლა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ოფიციალური პარტნიორია. ტროფი-ტური კი ფიფასა და კოკა-კოლას ერთობლივი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროექტია.





ჩვენ








