
გუშინ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე, „პსვ ეინდჰოვენთან" თამაშის დროს მიღებულმა ტრავმამ ოთარ კიტეიშვილი რამდენიმე თვით გამოთიშა სათამაშო პრაქტიკას. კიტეიშვილის ჯანმრთელობის თაობაზე დღეს, ერთი-მეორეს მიყოლებით გაავრცელეს ცნობები ავსტრიულმა საფეხბურთო კლუბმა „შტურმმა" და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა.
„შტურმის" ცნობით, ქართველ ნახევარმცველს, თამაშის დასრულებისთანავე რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა და სინდესმოზის დაზიანება დადასტურდა. ავსტრიული კლუბის ცნობით, კიტეიშვილს ოპერაცია სჭირდება, რის გამოც, ფეხბურთელი საშემოდგომო სესიას დიდი ალბათობით, მთლიანად გამოტოვებს.
„ოთარი, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ძალაა და მისი შემთხვევა ჩვენ, ყველას ძალიან გვაზიანებს. გვჯერა, რომ ოპერაცია წარმატებულად ჩაივლის და ის მალე დაგვიბრუნდება", - ამბობს ანდრეას შიკერი, „შტურმის" სპორტული დირექტორი.
დღესვე, საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმაც განაცხადა კიტეიშვილის ტრავმის შესახებ და ოქტომბრის შეკრებაზე, მისი, გიორგი ქვილითაიათი ჩანაცვლების შესახებაც დაწერა.
TSFF.Ge დაუკავშირდა თავად ოთარ კიტეიშვილს და ფეხბურთელის ჯანმრთელობით დაინტერესდა. ოთარის თქმით, მას დაზიანეულ კოჭის იოგებზე ოპერაცია უკევ ჩაუტარდა. კიტე თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ მალე ვარჯიშის დაწყებასაც შეძლებს. თუმცა, მის სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.





ჩვენ








