
ერთი დღეა, ოსლოში იმყოფებიან ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავენი, რომლებიც დღეიდან, 2 ოქტომბრიდან, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დაიწყებენ მონაწილეობას. ასპარეზობის პირველ დღეს, საქმეში 61, 74, 86 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ამ დღეს, საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). აღსანიშნავია ისიც, რომ ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ერთვებიან კონკურენციაში. ამასთან შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი, ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (2017, 2018 და 2019) ტრიუმფატორია.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. 18:30-ზე კი ნახევარფინალები უნდა დაიწყოს. ამ ოთხ წონაში მედლები 3 ოქტომბერს გათამაშდება. ოთხივე საჭიდაო ხალიჩის შეხვედრებს პირდაპირ ინტერნეტ-რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდი https://uww.org შემოგვთავაზებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემდეგ, ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას უკვე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაიწყებს. ნორვეგიაში ჩვენი კლასიკები შემდეგი შემადგენლობით, 5 ოქტომბერს გაემგზავრებიან:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია
60 კგ - ირაკლი ძიმისტარიშვილი
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - რამაზ ზოიძე
72 კგ - შმაგი ბოლქვაძე
77 კგ - გელა ბოლქვაძე
82 კგ - აივენგო რიკაძე
87 კგ - ლაშა გობაძე
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - იაკობ ქაჯაია
მანამდე კი, ვლადიმერ გეგეშიძეს მეთვალყურეობით, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის.





ჩვენ








