არგონავტების შთამომავლები გათვლას ჭკუაზე აკეთებენ
არგონავტების შთამომავლები გათვლას ჭკუაზე აკეთებენ
08.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არგონავტების შთამომავლები გათვლას ჭკუაზე აკეთებენ. მითებს თუ გავიხსენებთ, ეს მათ შორეულ წარსულში მოახერხეს. თუმცა, ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ „ციხე, შიგნიდან არ გატყდება". ბათუმში, დღეს განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები, მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებან.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას გამართავს ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი, რომელსაც შემადგენლობის გამოცხადებისთანავე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა, ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.




„მარტის შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ მასთან თამაში შეგვიძლია და ვფიქრობ, მოგებასაც ვიმსახურებდით. იგივე სახის თამაშს ველოდები და ვიმედოვნებთ, რომ შედეგი უკეთესი იქნება. ახლა გუნდში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა თვეში და თუ იმის ჩვენებასაც მოვახერხებთ, რასაც ბოლო 4 დღე ვარჯიშზე ვხედავდი, შეგვიძლია პოზიტიური შედეგის მიღწევა", - ამბობს სანიოლი.


სექტემბრის სანაკრებო შეკრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქრათველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისის ზღვის ბაზაზე გაიარა და გუშინ, ბათუმში, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. დღეს კი, მატჩის წინ, ბათუმი არენაზე ივარჯიშა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, სანიოლიმ ბუნებრივია, არ ისაუბრა ხვალინდელ „ლაინაფზე", თუმცა, აღნიშნა, რომ შემადგენლობის „დაყენებისას" ბალანსის პოვნას შეეცდება. ამჯერად, ვილი სანიოლის გუნდში, 25 ფეხბურთელია, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელიაც. თუმცა, ამ ჯერზე გუნდს, ოთარ კიტეიშვილი აკლია.




„გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა. ხვალ რთულ თამაშს ველოდებით, რადგან  ქართველებმა, სალონიკიში ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. თუმცა, ახლა ჩვენი გუნდი ფიზიკურად და მენტალურად, გაცილებით კარგადაა მომზადებული და ველოდები, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ. ერთნაირად ვემზადებით, ძლიერი და შედარებით ნაკლებად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ სათამაშოდ. საქართველოს, კოსოვოს და შვედეთს ერთნაირი პატივისცემა სჭირდება და ეს, არაერთხელ აღვნიშნე. საქართველო კარგი გუნდია, ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს და ეს არაერთხელ დაამტკიცა, მათ შორის, ჩვენთან და ესპანეთის ნაკრებთან მატჩებში. ჩვენთვის ყველა თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია", - ამბობს ვან ტსხიპმა, ბერძენთა მთავარი მწვრთნელი.


ბერძნები, ბათუმში მკაფიო გეგმით და მართალია, ამჯერად „ოქროს საწმისის", არა, მაგრამ შედეგის წასაღებად არიან ჩამოსულები. დაეხმარება თუ არა, არგონავტების შთამომავლებს, არგოს ნაკვალევზე, ზღვისპირა ქალაქში სწორი გადაწყვეტილებები საჭირო 3 ქულის აღებში, ამას ხვალინდელი მატჩის შედეგი იტყვის.


ხვალინდელი დაპირისპირება კი, უკვე ცნობილია ერთი ფეხბურთელისთვის, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნისთვის, ჯაბა კანკავასთვის, მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კანკავა ბერძნებთან, მე-100, საიუბილეო სანაკრებო შეხვედრას გამართავს.




შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ,ერთი ქულა მოიპოვებული.  ეს ქულაც, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან, სალონიკში გამართული შეხვედრისას ავიღეთ, როდესაც  შეხვედრა ფრედ, 1-1 ვითამაშეთ. ხვალინდელი შეხვედრა კი, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.





სფფ-ს ფოტოები