
პრიშტინას თავზე, უამინდობის გამო, 40 წუთიანი ფრენის შემდეგ, საქართველოს ავიახაზების კუთვნილი ბორტი, მშვიდობიანად დაჯდა არაღიარებული კოსოვოს დედაქალაქში. მთელი ამ ხნის მანძილზე, ბორტზე მყოფ ფეხბურთელებს, პრობლემის შესახებ არ შეუტყვიათ.
სასტუმროში დაბინავების შემდეგ კი, გუნდმა ფადილ ვოკრის სტადიონზე ივარჯიშა. უკვე კოსოვოში გამგზავრებამდე, ცნობილი გახდა რომ ეროვნულ ნაკრებს, მას შემდეგ, რაც გუნდს, საბერძნეთთან თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო ჟორჟ მიქაუტაძე, დისციპლინარული სანქციის გამო კი, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ ეხმარებოდნენ, ჯანმრთელობის გამო ვერ დაეხმარება ვერც გიორგი ჩაკვეტაძე. სფფ-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.
„სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ.
საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით", - აღნიშნა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა ტრადიცულ პრეს-კონფერენციაზე.
ბოლო ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი განკარგულებაში, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ 21 ფეხბურთელიღა იყო.
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
ბერძნებთან მატჩისგან განსხვავებით, იძულებითი ცვლილებების გამო, თუ ვინ იქნება, ფრანგის სასტარტო შემადგენლობაში, მარჩიელობას აზრი არ აქვს. მითუმეტეს, რომ სექტემბრის მატჩებიდან მოყოლებული, საკმაოდ რთულია გამოიცნო, თუ კონკრეტულ მომენტში ვის ენდობა ვილი. პრიშტინაში კი, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მან საბა ლობჟანიძე იხმო, რომელიც შემოდგომის მატჩებში, სხვებთან შედარებით ყველაზე მონდომებულია.
„კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს", - ამბობს საბა ლობჟანიძე, სფფ-ს სანაკრებო გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.





ჩვენ








