საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა
12.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვასილ მაისურაძის  19-წლამდე ნაკრებმა, ნორვეგიაში დასრულებულ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, დღეს, უშუალო კონკურენტს, ნორვებიის ნაკრებს, მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში მონაწილეობის საგზური მოიპოვა.

ნორვეგიული ქალაქ ლავრიკის სტადიონზე „ფრამპარკენი", ჯგუფში პირველი ადგილისთვის შეხვედრა დღეს, 17:00 დაიწყო. ტურნირის მასპინძელი ნორვეგიელები დღევანდელ მატჩამდე, ისე მოვიდნენ, რომ ორ შეხვედრაში 8 გოლი ჰქონდათ გატანილი, ისე, რომ საკუთარში არც ერთი მიღებული. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა კი, ნორვეგიელების „მშრალი" სერია, მატჩის დაწყებიდან 26-ე წუთზე შეაჩერა. გოლი, გიზო მამაგეიშვილმა, კუთხურიდან ჩაახვია. ეს, როგორც ჩანს იმდენად მოულოდნელი იყო მასპინძლებისთვის, რომ 35-ე წუთზე 11-მეტრიანიც კი, გააცუდეს. პენალტი, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარის უხეშ თამაშზე დანიშნეს, თავად ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ანგარიშში უპირატესობის მიუხედავად, ბურთს, მთელი თამაშის მანძილზე ძირიადად მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა, 3 ქულა და ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებს ხვდა წილად.


6-12 ოქტომბერის ჩათვლით,  ჩვენმა გუნდი, რომელიც მე-10 ჯგუფში ასპარეზობდა, სასტარტო შეხვედრა უელსის 19-წლამდე ნაკრებთან გამართა და ფრედ, 0-0 ითამაშა. მომდევნო შეხვედრაში კი, კოსოვო 0-1 დაამარცხა. შესაბამისად, ვასილ მაისურაძის გუნდს, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ფრეც აძლევდა ხელს. თუმცა, ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქში, ქართველებმა საკმაოდ მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.


ნორვეგიაში, ვასილ მაისურაძის 19-წლამდე საქართველოს ნაკრები 21 ფეხბურთელით იყო წასული:


მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).


მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).


ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).


თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).


საქართველოს გარდა, ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა ნორვეგიის ნაკრებმაც. მათ გარდა, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ფინეთის, უნგრეთის, ისლანდიის, იტალიის, პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებები გავდინენ. მათ რიცხვს დაემატება, კიდევ რამდენიმე ჯგუფის საუკეთესო ორ-ორი გუნდი, რომელთა ჯგუფური ეტაპი ნოემბერში ჩატარდება და ყველა ჯგუფიდან ერთი საუკეთესო მესამე ადგილის მქონდე გუნდი.


ელიტ-რაუნდის წილისყრა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთა მეტოქეების ვინაობა, ჯგუფებში ასპარეზობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ, ელიტ-რაუნდის თარიღები - ვასილ მაისურაზის გუნდს, ფინალურ ეტაპზე გასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად, 2022 წლის 21-29 მარტს მოუწევს ასპარეზობა.



ფოტო: @Bildbyrån