იმისთვის, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს!
იმისთვის, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს!
19.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


იმისთვის, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს, ეროვნული ნაკრების მოთამაშეების შედეგებზეც და მათ ჯანმრთელობაზეც. მოგეხსენებათ, ერთ თვეში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობას იწყებს. პირველ შეხვედრას ჩვენები, თბილისში, 26 ნოემბერს გამართავენ. არის ალბათობა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და უკვე გიორგი ცინცაძეც ვერ მიიღებენ, ტრავმების გამო.


კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მხარი გასულ მატჩში დაიზიანა, რომელიც მისმა ცსკა-მ "ზენიტთან", ევროლიგაში გამართა. შენგელიამ, ეს მატჩი ბოლომდე ითამაშა და საუკეთესოც გახდა. თუმცა, ნაკრების მთავარი ექიმის, თემურ ხვედელიძის განცხადებით, რთულია იმის თქმა, თუ როდის დაუბრუნდება თორნიკე მოედანს.




„თორნიკემ, მხრის არეში ტკივილი „ზენიტთან" მატჩის შემდეგ იგრძნო. საავადმყოფოში ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და გამოჩნდა მხრის სახსრის როტატორული მანჟეტის ნაწილობრივი დაზიანება. დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობის კურსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს რთულია თქმა, როდის შეძლებს შენგელია თამაშს. მკურნალობის დინამიკიდან გამომდინარე განისაზღვრება მისი სპორტში დაბრუნების დრო", - ამბობს ხვედელიძე.


ტრავმა აქვს გიორგი შერმადინს, ვისი მკურნალობაც ბოლო ინფორმაციით გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მან ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის სავარაუდოდ უნდა მოასწროს ფორმაში ჩადგომა.




აი, გიორგი ცინცაძეს, რომელსაც სათამაშო სახეობაში ყველაზე მეტი სანაკრებო თამაში აქვს ჩატარებული და ახალ რეკორდებს უმიზნებს, დუდუ დადიანის ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო, იძულებით შვებულებას იღებს.


„ცინცაძეს მატჩისას მუხლის სახსრის წინაჯვარედინი იოგი დაუზიანდა. სწორედ ის ადგილია, რომელზეც 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერადაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სწორედ ოპერაციისას განისაზღვრება დაზიანების ხარისხი. თუ იოგს აქვს რესურსი თერაპიის ფონზე გაუმჯობესდეს, დიდი ჩარევა არ დასჭირდება და რეაბილიტაციისთვის 6 თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ დიდი ჩარევა დასჭირდა, რეაბილიტაცია 9 თვემდე გაგრძელდება. ოპერაცია ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი და მას ორთოპედ-ქირურგი ლევან ნაჭყებია გააკეთებს", - ამბობს გუნდის ექიმი.




კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ერთ თვეში ნაკრები თბილისში შეიკრიბება და თავდაპირველად, მსოფლიოს 2023 წლის სასტარტო ჯგუფურ შეხვედრას თბილისში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი, 29 ნოემბერს ესპანეთში გაემგზავრება და ესპანურ ანდალუსიაში, ქალაქ ხაენიში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება.