თსუ-მ „ამოქოქა“ ...
თსუ-მ „ამოქოქა“ ...
31.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს საკალათბუთო სუპერლიგის მესამე ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 2021-22 წლების სეზონზე მესამე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში, მომდევნო ტურამდე, ერთპიროვნილი ლიდერი, ქულების მაქსიმუმით გახდა.


თსუ-ს დედაქალაქურ დულეში, „ვერას" დამარცხება არ გასჭირვებია. თსუ-ელები, მთელი მატჩის მანძილზე ლიდერობდნენ და „ვერას" საკუთარი განწყობით ათამაშებდნენ. პირველი პერიოდი, 5 ქულით (21-16), მეორე 6-ით (26-20) მოიგეს და დიდ შესვენებაზე, მშვიდი გულითა და 11-ქულიანი უპირატესობით (47-36) გავიდნენ.


ალბათ, დღევანდელ შეხვედრაში, მესამე მეოთხედი იყო ის გამონაკლისი, რომელშიც „ვერა" თანაბარ თამაშს შეეცადა და მეოთხედი, მხოლოდ 1 ქულით  (21-20) წააგო, თუმცა, საერთო ანგარიშში, სხვაობა უკვე 12 ქულა იყო. ბოლო, მეოთხე პერიოდის დაწყებამდე, თსუ-ელთაგან ლოველ ქაბილს, უკვე 18 ქულა ჰქონდა მოწინააღმდეგის ფარში ჩაგდებული. ამერიკელი უკანახაზელის მსგავსად, თსუ-ელათა კიდევ ერთ ლეგიონერს, პაპ დიპის, რომელსაც თბილურ გუნდში დებიუტი ჰქონდა, აქტივში უკვე ჰქონდა ორმაგი დუბლი, 10 ქულით და 12 მოხსნით. მატჩის ბოლოს, 204 სმ-ის სენეგალელმა ცენტრმა 14 მოხსნა და 16 ქულა მიითვალა, მისი ეფექტიანობის მაჩვენებელმა კი 25 ქულა შეადგინა. ბოლო მეოთხედში, ლექსო ლაფანაშვილმა მისი გუნდის რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებაც მისცა, რადგან მეოთხე პერიოდის დასაწყისში არსებული 12 ქულიანი უპირატესობა, 20-ს აცდა, ერთ მომენტში კი საერთოდ, 33 ქულა შეადგინა. საბოლოოდ, თსუ-მ სოლიდური უპირატესობით 98-67 მოიგო. გამარჯვებულთაგან, ამ რიცხვში 20-20 ქულა ლოველ ქაბილიმ და ნიკოლოზ დარბაიძემ შეიტანეს. ვერელთაგან კი, საუკეთესო, გიორგი ცირიკიძე იყო 17 ქულითა და 10 მოხსნით.



კალათბურთის ფედერაციის ფოტო