მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ხვალ, ლერი აბულაძე ოქროსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ხვალ, ლერი აბულაძე ოქროსთვის იჭიდავებს
01.11.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

დღეიდან, 7 ნოემბრის ჩათვლით, ბელგრადში, 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.  ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველთაგან ჩემპიონატში ბერძნულ რომაული სტულით მოჭიდავეები, გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) ჩაებნენ. მოგეხსენებათ, რომ მედლების კომპლექტები, ხვალიდან გათამაშდება.

63კგ წონით კატეგორიაში, ლერი აბულაძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. დღეს მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5-1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7-3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7-3) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება.






87კგ წონაში, თემურ ჭკუასელიძეს ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა. 1/2 ფინალში მან ფრედ, 7-7 დაასრულა შეხვედრა რუს ალექსანდრ კომაროვთან და გადამწყვეტი როლი ბოლო ილეთის უპირატესობამ შეასრულა, რუსის სასარგებლოდ. ამ შეხვედრამდე, ჭკუასელიძემ სამი ეტაპი გაიარა და სამივე ვადაზე ადრე მოგებით დაასრულა. პირველ წრეში, 8-0 სძლია სომეხ გევორგ ტადევოსიანს. 1/8 ფინალში 10-1 დაამარცხა ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვი. 1/4 ფინალში კი, თურქ მუჰუთდინ სარიჩიჩექს, დრამატულ დაპირისპირებაში აჯობა. ქართველი მოჭიდავე ჯერ 0-5 ჩამორჩა, შემდეგ 8 ქულა აუღო მოწინააღმდეგეს და ბოლოს, წმინდად მოუგო.


ახლა, რეპეშაჟის ფინალში, თემურ ჭკუასელიძის სავარაუდო მეტოქეები ირანელი ნასერ გასემ ალიზადე, ინდოელი კუმარ სუნილი და ყაზახი მაკსატ საილაუ არიან.




77კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძემ ძირითად ბადეში ორი შეხვედრა ჩაატარა. ტუნისელი ლამჯედ მააფის ძლევის (8-5) შემდეგ, 1/8 ფინალში ირანელ ამინ იავარ კავიანინეჯადთან დამარცხდა (0-6). ირანელმა მოგვიანებით ფინალის საგზური მოიპოვა და ჭიკაიძეს ბრინჯაოს გზა გაუხსნა. კვარცხლბეკზე ასასვლელად ქართველმა მოჭიდავემ სამ მეტოქეს უნდა აჯობოს- ალბანელ არდიტ ნდოჟს, თურქ ერქან ერგენს და რუს სერგეი სტეპანოვს.


დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი ცოფურაშვილიც (130 კგ) ჩაებნენ, თუმცა, ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. გიორგი თოხაძემ სომეხი აშოტ მხითარიანი დაამარცხა (8-0) და შეჯიბრებას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, ამერიკელ ტეილორ კრეიგ ლა მონტთან წაგებით (3-6). გიორგი ცოფურაშვილისთვის კი, დაუძლეველი ზღუდე გერმანელი ფრანც რიხტერი აღმოჩნდა (1-6).



პირდაპირი ინტერნეტ-რეპორტაჟი და სატურნირო ბადეები - მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებსაიტზე- https-//uww.org/event/world-championships-57  



ფოტობი: @United World Wrestling