
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, კიდევ ერთი იმერული კლუბი, ამჯერად ქუთაისის „ტორპედო" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელში, დღეს, ქუთაისური კლუბის ახალი ხელმძღვანელობის მორიგი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. „ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. თუმცა, ჩხეტიანის კლუბში, ყოფნა არყოფნის საკითხი, გორის „დილასთან" 32-ე ტურის მატჩამდე უკვე, კარგა ხანია დღის წესრიგში იდგა.
საქმე ისაა, რომ კლუბის ახალ მენეჯმენტში, ლევან მჭედლიძის ძმა, გიორგი მჭედლიძე ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფიგურაა. იმერულ კლუბში, ახალი ინვესტორის გამოჩენის შემდეგ კი, „ტორპედოში" სათამაშოდ, თავად ლევან მჭედლიძეც მივიდა. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე, „დინამო თბილისიდან" სწორედ, კახა ჩხეტიანთან უთანხმოების გამო წავიდა და ბუნებრივია, რომ 2020 წლის ზაფხულში მიღებული „წყენაც" უკვალოდ არ ჩაივლიდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჩხეტიანმა, რომელმაც სხვადასხვა წლებში, „ტორპედოში" და „დინამო თბილისში" გამობრძმედილი ფეხბურთელებისა და შუა სეზონში „დინამო თბილისიდან" ქუთაისში გადაბარგებული როინ კვასვხაძე და თორნიკე ახვლედიანი დაიმატა, კვლავ გადასათამაშებელ ზონაშია და თავის საშველად, ახლა მწვრთნელი გაშვება, ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი.

„ტორპედომ", საკუთარ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, გორის „დილასთან" 32-ე ტურის მატჩი, უშანსოდ წააგო, 0-3. ამასთან გუნდი, 73-ე წუთიდან 10 კაცის შემადგენლობით დარჩა, რადგან მეორე ყვითელის გამო, მოედნიდან, მათე ცინცაძე გააძევეს. თუმცა, მატჩის მიწურულს, წითელი ბარათი ანრი ჭიჭინაძემაც მიიღო „დილადან" და ამ კუთხით, თანაბარი „ანგარიში" დაფიქსირდა. ფაქტია, რომ ოფიციალურად, სწორედ შედეგი სახელდება ჩხეტიანის დათხოვნის მიზეზად. მწვრთნელისა, რომელიც ყველაზე უკეთ, სწორედ „ტორპედოს" ერგება და ქუთაისურ კლუბსაც მისი ხელმძრვანელობით ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული.
ვინ ჩაანაცვლებს, ჩხეტიანს, რომელმაც ოფიციალურად კლუბში, მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, ჯერ არ საუბრობენ, თუმცა, საფეხბურთო წრეებში განიხილება მთელი რიგი ვარიანტები, მათ შორის გუნდში, იტალიელი სპეციალისტის ჩამოყვანაც. უცნობია ასევე, 4 ტურის შემდეგ, დარჩებიან თუ არა იმერულ კლუბში, ჩხეტიანის „პიროვნების გამო", „ტორპედოში" გადასული ფეხბურთელები.
თუმცა, მანამდე, იყო მატჩი „დილასთან", რომლის დაწყებამდეც, კლუბის ხელმძღვანელობამ საპატიო ტორპედოელებს მუდმივმოქმედი საშვები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, სიმბოლური საჩუქარი გადასცა ეროვნული ჩემპიონატების ერთ-ერთ გამოცდილ მოთამაშეს, ირაკლი ძარიას, რომელსაც ქართულ ჩემპიონატებზე 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

სტატიაში გამოყენებულია "ტორპედოს" ფოტო-მასალა





ჩვენ








