ელიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, საჩემპიონო რბოლაში 4-ქულიანი სხვაობაა
ელიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, საჩემპიონო რბოლაში 4-ქულიანი სხვაობაა
01.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კიდევ ერთი ტურით, ბათუმის „დინამომ" სატურნირო ცხრილში, სტატუს-კვო შეინარჩუნა და 4 ტურით ადრე, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებამდე, ქვეყნის მოქმედ ჩემპოინს „დინამო თბილისს" 4 ქულით უსწრებს. ელიგის 32-ე ტურში, ორივე „დინამომ" იდენტური ანგარიშით, 4-0 მოიგო. თბილისელებმა, „დინამო არენაზე", „თელავი" დაამარცხეს, აჭარულმა კლუბმა კი, „ბათუმი არენაზე", თბილისის „საბურთალო", რომელმაც ერთი ტურით ადრე, სწორედ, „დინამო თბილისს", მიხეილ მესხზე, მარცხის მიუხედავად, შეაკლა თავი და როგორც ჩანს, ოთო გოშაძის გარდა, სხვებს, ქვეყნის ჩემპიონობის პრეტენდენტ გუნდთან სათამაშოდ, ძალები აღარ ეყოთ. ან, საფეხბურთო კულუარებში მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, „საბურთალომ", თავი „საქართველოს თასისთვის" შეინახა, რომლის 1/2 ფინალში, სწორედ, ბათუმის „დინამოს" უნდა დაუპირისპირდეს.

უკვე, სამი ტურია, ბათუმში, აჭარლები, საკუთრ „დინამოს" ფრედი მერკურის უკვდავი "WE ARE THE CHAMPIONS"-ის ჰანგებით ხვდებიან და აცილებენ. თუმცა, ამ სამ ტურში, ბათუმელებმა მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხეს, დამარცხდნენ გათამაშების ერთპიროვნულ აუტსაიდერთან და 7-ქულიანი უპირატესობა, თითქმის მინიმუმამდე შეაცმირეს. ფეხბურთის გულშემატკივარს, 2017 წლის სეზონი გვინდა შევახსენოთ, როდესაც, „დინამო თბილისი" ანალოგიურ ვითარებაში იყო და ბოლოს, ჩემპიონობა „ტორპედოს" საკუთარ სტადიონზე, ბოლო მატჩში ჩააბარა. მართალია, ამჯერად, უშუალო კონკურენტებში ყველა შეხვედრა გამართულია, მაგრამ ხალხი ბჭობდაო და ღმერთი იცინოდაო...


***


რთული სათქმელია, მომდევნო ტურებშიც, ცენტრალურ შეხვედრებს, მაგალითად „დილა"-„დინამო თბილისი", ან „ლოკომოტივი"-„დინამო ბათუმი" განსჯიან თუ არა უცხოელი მსაჯები, მაგრამ დღეს, „ბათუმი არენაზე" უკრაინელებმა იმსაჯეს და გულზე მალამოდ მოსახვედრი ანტიპუტინური ლოზუნგებიც ისმინეს. თუმცა, ბათუმის დინამოელებმა, „საბურთალოსაც" ჯეროვნად აჯობეს და დამსახურებულად და დამაჯერებლად 4-0 მოუგეს. ვლადიმერ მამუჩაშვილმა ანგარიში მე-13 წუთზე, პენალტით გახსნა. საბურთალოელთა მეკარე, ოთო გოშაძე, კი ყოფილი თანაგუნდელის მამუკა კობახიძის (დუბლი გაიფორმა) და თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმების წინააღმდეგ, მარტო, ვერაფერს გახდა. „საბურთალომ", ბათუმში სუსტი შეხვედრა ჩაატარა.


***


ამასობაში, გორის „დილამ" , ქუთაისში, „ტორპედო" უშანსოდ, 0-3 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, მესამე პოზიციაზე ოდნავ, მაგრამ მაინც ადგილი გაიმყარა. „დილას" ახლა, 56 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს თბილისის „საბურთალოსა" და „ლოკომოტივს", რომლებსაც 50-50 ქულა აქვთ.


***


თავის მხრივ, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გამოდგა საგურამოში, „ლოკომოტივსა" და 31-ე ტურში, ბათუმის „დინამოს" დამმარცხებელ „სამტერდიას" შორის. რაოდენ პარადოქსურიც არ უნდა იყოს, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, გია ცეცაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ, „სამტრედია" ათამაშდა და იმერული კლუბი, დღესაც, ახლოს იყო პატარა სენსაცია მოეხდინა. გუნდმა, 1-0-ზე, ჯერ პავიშიჩის გოლით, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, შემდეგ კი, გიორგი გადრანის გოლით დაწინაურდა. „ლოკოს", დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა „გონზე მოსასვლელად" და ანგარიშის გასათანაბრებლად. 70-ე წუთზე ირაკლის სიხარულიძემ, დუბლი შეასრულა. ამის მერე კი, მორიგი დუბლი გიორგი დიასამიძემ გაიფორმა. „ლოკომოტივმა", ანგარიშით 4-2 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და რეალურად, მესამე ადგილზე მოხვედრის პრეტენზია კვლავ გაუჩნდა. „სამტრედიამ" კი, საქმე კიდევ უფრო გაირთულა.


***


ამ უხვგოლიან ტურში, მხოლოდ ერთ მატჩში დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში და ისიც, მშრალი ფრე. წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, სოსო ფრუიძის „სამგურალი" და გიორგი შაშიაშვილის „შუქურა" დაზავდნენ, 0-0. თუმცა, ეს, უფრო სათასო შტორმის წინა სიმშვიდე გვგონია იყოს, რადგან, სატურნირო ცხრილში, უშუალოდ, ამ კლუბებს შორის, სხვაობა 10 ქულაა. „სამგურალს", ძლიერთა შორის ადგილი გარანტირებული აქვს. აი, „შუქურა" კი, დიდი ალბათობით, ქულების აღებას დარჩენილ 4 ტურში, განსაკუთრებით კი, გადასათამაშებელ ზონაში მყოფ გუნდებთან, უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებისას შეეცდება და როგორც ჩანს, სათასო შეხვედრამდე, აჭარლებმა, იმერელთა ზედმეტად „გაბრაზებასაც" ამიტომ, აარიდეს თავი.


***


და ბოლოს, კვლავ თბილისში გამართულ მატჩზე, რომელშიც „დინამო თბილისმა", „თელავი" 4-0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს, მატჩის შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, განაცხადა, რომ იმ მომენტებიდან, რასაც მისი გუნდი ქმნის, უფრო მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს. ცხადაძეს მიაჩნია, რომ „თელავთანაც" მატჩში, ამ მხრივ, მის გუნდს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში არ წაუვიდა საქმე. თუმცა, ჩვენი დაკვირვებითაც და დინამოელთა მთავარი მწვრთნელის აზრით უპირველესად, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, მეორე ტაიმში, რამდენიმე წუთიან მონაკვეთში, გარღვევა ჰქონდა. „თელავმაც" სცადა ვითარების გამოსწორება და ალბათ, ცოტა, რომ გამართლებოდათ, ან, თბილისელთა ესპანელ მეკარეს, არ ევაჟკაცა და სტუმრებს, ანგარიში გაეთანაბრებინდათ, თამაშის ხასიათიც შეიცვლებოდა. ამჯერად კი, თბილისელებმა, ამ მცირე „ჩავარდნის" აღმოფხვრა მოახერხეს და ცვლილებების ხარჯზე, შეტევები უფრო გაამწვავეს, რასაც ჯერ ლევან ხარაბაძის სოლო რეიდი და გოლი მოჰყვა (72'), შემდეგ ელიგის ბომბარდირთა სიის ლიდერის ზორან მარუშიჩის  რიგით მე-14 გოლი სეზონში, შეხვედრის 90-ე წუთზე და ბოლოს, შეცვლაზე შემოსული, ახლაგაზრდა დინამოელის გიორგი მოისწრაფიშვილის „საკონტროლო" გოლი „თელავის" კარში. ანგარიში კი, ულამაზესი საჯარიმო დარტყმით, მილან რადინმა, 41-ე წუთზე გახსნა.



***


საერთო ჯამში, 32-ე ტურში 17 გოლი გავიდა.

სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი