ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემზე ერთი ამოსუნთქვით იასპარეზა
ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემზე ერთი ამოსუნთქვით იასპარეზა
05.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წინასწარ დაანონსებული შემადგენლობა, თითქმის სრულიად შეიცვალა და აზერბაიჯანში, ბაქოს განდ სლემზე საქართველოს ნაკრები, რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით გაემგზავრა. წინასწარ დაანონსებული ძიუდოისტებიდან, ბაქოს გრანდ სლემზე, მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და თორნიკე ფოლადაშვილი დარჩნენ განაცხადში.

ბაქოს ტურნირის პირველ დღეს, ასპარეზობაში კი სამი ქართველი ძიუდოისტი, 2 წონით კატეგორიაში ჩაერთო. ალბათ, ყველაზე მეტად, ამ დღეს შედეგს, გამოცდილი ვაჟა მარგველაშვილისგან მოელოდნენ, თუმცა, ტიტულოვანი ქართველი ტურნირის სტარტზევე, ე.წ. გოლდენ სქორში, იპონით, იაპონელ იუჟუ აიდასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ამავე წონით კატეგორიაში, -66კგ-ში სასტარტო შეხვედრში, ვაზარით მოახერხა გამარჯვება ბაგრატ ნინიაშვილმა. ქართველი, ტურნირის მასპინძელი, ისმაელ იბრაჰიმოვის დამარცხების შემდეგ, მოლდოველ დენი ვიერუს შეხვდა. 1/2  ფინალში გადასასვლელ საკმაოდ დაძაბულ და ტაქტიკურ ორთაბრძოლაში, ვაზარით წააგო. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა, რეპეშაჟიდან გააგრძელა. აქ მისი მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი იყო. ქართველი, ძირითად დროში 2 შიდოს ხარჯე უპირატესობაში იყო და თითქოს ბრძოლასაც აკონტროლებდა, თუმცა, დამატებით დროში, წამიერი მოდუნება ვაზარად დაუჯდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა.


1/2 ფინალამდე, იპონებით გაიარა გზა 23 წლის ჯაბა პაპინაშვილმა, რომელმაც -60კგ წონით კატეგორიაში, ჯერ უკრაინელი კირილ სამოტიუგი დაამარცხა, შემდეგ კი, აზერბაიჯანელი ბალაბეი აღაევიც მიაყოლა. ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში კი, მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდა და ვაზარით დაწინაურდა, თუმცა, შეხვედრის ბოლოს, მონღოლი გააქტიურდა და ჩვენებურს, 2 შიდოც „აკიდა". მიუხედავად ამისა, პაპუნაშვილმა, შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ფინალში გავიდა, სადაც, რუს ალბერტ ოღუზოვს შეხვდა. შეხვედრის დაწყებიდან, 1:11 წუთში, ლამაზი გდებით ვაზარი აიღო, მოგვიანებით შიდოთი დაისაჯა, თუმცა, ფინალი მოიგო და ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა.


საქართველო, მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც დღეს დაიწყო, 10 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი. მათ შორის, კვლავ წინასწარ განაცხადს მოვიშველიებთ, არ არიან გოგონები. ბაქოში არ გაემგზავრნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი, მარიამ ჯანიაშვილი და მზია ბებოშვილი. მიუხედავად ამისა, ბაქოს გრან სლემზე საქართველო სოლიდური შემადგენლობით არის ჩასული:


-60 კგ ჯაბა პაპინაშვილი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73კგ ჯუმბერ მელაძე

-81კგ თორნიკე ფოლადაშვილი, გიგა გიგაური

-90კგ ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი

-100კგ ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე



ფოტო: (c) Sabau GabrielaSabau