
ქალთა ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, 2021 წლის სეზონის გამარჯვებული კი ზედა ჯგუფის მატჩების შემდეგ გამოვლინდება. „ლანჩხუთი", ხობის „კოლხეთი" და ორი თბილისური კლუბი - „ნიკე" და „კვარტალი", საქართველოს ქალთა ლიგის 2021 სეზონის მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად აგრძელებენ ასპარეზობას.
ქალთა ლიგის გათამაშებაზე წელს პირველად, მთავარი ლიგის მონაწილე კლუბები, რეგულარული ჩემპიონატის 14 ტურის შემდეგ ორ, ზედა და ქვედა ჯგუფებად დაიყვნენ. საჩემპიონო რბოლაში, ზედა ჯგუფი 10 ნოემბრიდან დაიწყებს თამაშს. ამავე პერიოდში ექნება ასპარეზობა ქვედა ჯგუფსაც, სადაც ბოლო ადგილზე გასული კლუბი, ქალთა ლიგა 2-ში დაქვეითდება. ორივე ჯგუფი, სახლი-გასვლის სისტემით ჩაატარებენ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში, რეგულარული ჩემპიონატიდან გადადის, მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში მიღწეული შედეგი და გატანილი და მიღებული გოლები.
ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფში, ბოლოდან მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, ერთმატჩიან ფლეი-ოფს ეთამაშება ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს. ხოლო, ქალთა ლიგა 2-ის საუკეთესო გუნდი, ავტომატურად მთავარ ლიგაში ამოვა.
მანამდე კი, დღეს, რეგულარული ჩემიონატის ბოლო, მე-14 ტური გაიმართა. ქუთაისში, „ტორპედოს" საფეხბურთო ბაზაზე, „მართვე", ხობის „კოლხეთს" დაუპირისპირდა და 0-4 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე მარი შონიას გოლით გახსნეს. ტაიმის მიწურულს, ანა წულაიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კი, წულაიამ კიდევ ორი გოლი გაიტანა და შეხვედრაში, ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „ლანჩხუთმა", „ბათუმი" დიდი ანგარიშით 8-1 დაამარცხა. ბათუმელთაგან ერთადერთი გოლი, მე-9 წუთზე კესო მემეშიშმა გაიტანა. ლანჩხუთელთაგან კი, თავი ექვსმა ფეხბურთელმა გამოიჩინა - დუბლი შეასრულეს ირინა ხაბურძანიამ (2' / 14') და თეონა ბაქრაძემ (26' / 47'), თითო გოლი სალომი დიმოპულომ (20'), ნათია წოწერიამ (36'), თეონა თოდაძემ (45') და ანი გობრონიძემ (65').
სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩმა დინამომ", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე" მიიღო. სტუმრებმა პირველ ტაიმში, ჯერ, მე-14 წუთზე ლელა ჭიჭინაძემ და 41-ე წუთზე მარი ბეგიაშვილმა ორი გოლი გაიტანეს და ამ უპირატესობის ხარჯზე, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ნიკელებმა, კერძოდ კი, მაიკო ბებიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 0-3.
დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა „კვარტალმა", „გორი იუნაიტედთან". თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის ახლადგახსნილ საფეხბურთო ცენტრში, ანგარიში, 28-ე წუთზე, ელენე ჩიქოვანმა გახსნა. კიდევ 9 წუთში, მარი ფეროიანის გოლის შემდეგ, „კვარტალი" ორი ბურთით დააწინაურა. ტაიმიც თბილისურმა გუნდმა მოიგო 2-0. მეორე ტაიმში კი, 46-ე წუთზე ლიზი კანკიამ, 61-ე და 79-ე წუთებზე დუბლი მეგი ეჯიბიამ, 64-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ანა ხელაიამ გაიტანეს. შეხვდრა, „კვარტალმა" 6-0 მოიგო.
გათამაშების ცხრილი და კალენდარი, იხილეთ ბმულზე.
მაშ ასე, ზედა ჯგუფში, ჩემპიონობისთვის ასპარეზობენ „ლანჩხუთი", „კვარტალი", „ნიკე" და „კოლხეთი". ქვედა ჯგუფში და შესაბამისად, ძლიერთა ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ: „ნორჩი დინამო", „გორი იუნატედი", „ბათუმი" და „მართვე".





ჩვენ








