ფინეთთან მატჩი ფრედ დასრულდა, ჯგუფიდან გასასვლელი ბრძოლა კი, ხვალ დასრულდება
ფინეთთან მატჩი ფრედ დასრულდა, ჯგუფიდან გასასვლელი ბრძოლა კი, ხვალ დასრულდება
06.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და ფრედ, 29-29 ითამაშა. ბოლო წლების მანძილზე ფინეთის ნაკრები, ჩვენი გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა, თუმცა, დღეს, ჩვენებმა პირველ ტაიმში, ფინელებს მოუგეს კიდეც 18-15 და დაანახეს, რომ მშობლიური „კედლების" მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრის დათმობას არ აპირებდა.


დღევანდელ მატჩში, ორივე გუნდის რიგებიდან,  ყველაზე მეტი გოლიც, სწორედ ჩვენი ნაკრების მოთამაშემ, ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა - 8. თეიმურაზ ორჯონიკიძემ 7-ჯერ, ხოლო რევაზ ჭანტურიამ და ერეკლე არსენაშვილმა 5-ჯერ გამოიჩინეს თავი.


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, ჩვენმა ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხა 32-26. ამ დღეს, ფინეთმა, ესტონეთს სძლია 35-30.


დღეს კი, ესტონეთმა მოახერხა დიდი ბრიტანეთის დამარცხება 34-22. შესაბამისად, ხვალინდელი, ჯგუფური ასპარეზობის ბოლო ტურის წინ, ტურნირის მასპინძელ ფინეთისა და საქართველოს ნაკრებებს, 1 მოგება და 1 ფრე აქვთ. შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაში, თუკი ჩვენს ნაკრებს მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა უნდა, ესტონეთთან შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება. დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფიდან მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდიი გადავა

.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ხვალ ესტონეთთან 20:00 საათზე გავმართავთ.

 



eurohandball.com -ის ფოტოები