ვინ არის, ვინ მოსწონს და რამდენი დრო ჰქონდა დასალაგებლად
ვინ არის, ვინ მოსწონს და რამდენი დრო ჰქონდა დასალაგებლად
07.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი და წლის ბოლო სანაკრებო შეკრების დაწყებამდე, ვილი სანიოლიმ, თბილისში მყოფი მედიისთვის პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი მიზანი, მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც 100%-ით დაიხარჯება, როგორც ეს კოსოვოს წინააღდეგ (ბუნებრივია, ბათუმში გამართული შეხვედრა არ უგულისხმია) გააკეთა. ამის შემდეგ, სანიოლის მთელ რიგ საორგანიზაციო, კონკრეტულად კი, სანაკრებო სიის შედგენაზე მოუხდა საუბარი... ბუნებრივია, „წესსაც", თავისი წესი აქვს, უბრალოდ სანაკრებო თამაშების წინ, ამ დეტალებში არ ვაპირებ ჩაღრმავებას. წლის ბოლო შეკრებამდე გამართული პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც სფფ-ს ოფციალურმა სანაკრებო გვერდმა გამოაქვეყნა.

ფეხბურთი მხოლოდ სიის შედგენა არ არის


არსებობს ფიფას წესები, რომელიც სანაკრებო სიის დასახელების ვადებს განსაზღვრავს. ქვილითაიამ ორი გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც სანაკრებო სია უკვე შედგენილი იყო, თუმცა ბედნიერი ვარ მისი ამ შედეგით. აღნიშნულ მატჩამდე, ქვილითაიას ცხრა მატჩში ერთი გოლი ჰქონდა გატანილი. ვიმედოვნებ, რომ ეს გოლები მას თავდაჯერებულობას შემატებს, განაგრძობს ასე თამაშს და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება.


ნიკა კაჭარავა პირველად გამოვიძახე, რადგან აქამდე იგი ტრავმირებული იყო, თუმცა მე ნანახი მაქვს მისი მატჩები ტრავმის მიღებამდე, მან ეროვნულ გუნდთან ერთად რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ჩაატარა. აქედან გამომდინარე, იგი იმსახურებს შანსს, რომ დაამტკიცოს რა შეუძლია.


სექტემბრის მატჩებისთვის ჩვენ გიორგი ფანცულაია გამოვიძახეთ იმიტომ, რომ ბევრ შემტევ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა. სამწუხაროდ, საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე ფანცულაიამაც დაზიანება მიიღო. ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს კარგად ასპარეზობას და ჩვენ საშუალება მოგვეცემა მას კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი.

 


ვისით არის ვილი კმაყოფილი


კოსოვოს წინააღდეგ კვეკვესკირისა და გვილიას თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ისინი ტექნიკური მოთამაშეები არიან და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. ეს განსაკუთრებით მეორე გოლის ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც კვეკვესკირის გადაცემით აზაროვი ჩასაწოდებლად სასურველ პოზიციაში აღმოჩნდა. ცენტრალურ ნახევარდაცვაში კვეკვესკირი, გვილიას და აბურჯანიას მსგავსი მოთამაშეები საშუალებას გვაძლევენ, რომ თამაში უფრო მეტად ვაკონტროლოთ.


რაც შეეხება ოთარ კაკაბაძესა და საბა ლობჟანიძეს, ახლა ვერ ვიტყვი, როგორ გამოვიყენებ მათ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ კაკაბაძემ კოსოვოს წინააღმდეგ ახალ პოზიციაზე ითამაშა და ეს მაღალ დონეზე გააკეთა. იმიტომ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჭკვიანურად და გულით თამაშობს, ასეთი მოთამაშით უკმაყოფილო ვერ იქნები. იგივეს თქმა შემიძლია ლობჟანიძეზეც, მან ახალ პოზიციაზე კარგად ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია. შესაძლოა გარკვეულ დაცვით ფუნქციებში მას ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ამ პოზიციაზე პირველად ითამაშა. იმის შანსი, რომ კაკაბაძემ და ლობჟანიძემ იგივე პოზიციებზე ითამაშონ საკმაოდ დიდია. ასევე მინდა აღვნიშნო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც კოსოვოს წინააღმდეგ ასევე კარგი მატჩი ჩაატარა.


სამწუხაროა, რომ მის შესახებ ცოტას ვსაუბრობთ და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ის ნაკრებთან ერთად არაა. ვგულისხმობ თორნიკე ოქრიაშვილს, რომელმაც კოსოვოს წინააღმდეგ უფრო ცენტრიდან ითამაშა ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა და იგი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ის ძალიან ბევრს ცდილობდა და ამავე დროს პატივი სცა იმ ტაქტიკას, რომელიც აღნიშნული მატჩისთვის შევიმუშავეთ. კოსოვოში წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ყველა ფეხბურთელმა გუნდურად ითამაშა.


***

ისევე, როგორ შვედებთან პირველი შეხვედრის წინ, ვილი სანიოლიმ ამჯერადაც ისურვა, ზლატანი მოედანზე და კვლავ გაიმეორა, რომ იბრაჰიმოვიჩის მსგავი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს „გაზრდის". ილაპარაკა დისციპლინაზე და საკმაოდ მცირე დროზე და „შეხვედრების" რაოდენობაზე ფეხბურთელებთან, რაც მისი აზრით, ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უნდა წაადგეს. მედიის რადიკალურად პოლარიზებული ნაწილის პოზიციაზე, მის ნაკრებში დარჩენა, არდარჩენის საკითხზე კი, აღნიშნა რომ ეს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არაა და ბევრი, მოთამაშეებზე და ფედერაციაზეა დამოკიდებული.


შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირაში, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩს გამართავს, ბათუმი არენაზე, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. ოდნავ მოგვიანებით, 15 ნოემბერს კი, უკვე გორში, ამხანაგურ შეხვედრაში, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


აღნიშნული თამაშებისთვის, ვილი სანიოლიმ გუნდში, 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შეკრებას, ჩვენი ნაკრები, ხვალიდან 8 ნოემბრიდან თბილისში დაიწყებს, 10-ში კი ბათუმში გაემგზავრება და პროტოკოლის მიხედვით, მატჩისწინა ვარჯიშს და მედიასთან პრეს-კონფერენციას, ბათუმი არენაზე გამართავს.


და ბოლოს, საქართველოსა და შვედეთის მატჩზე, ქვეყანაში, კოვიდ ვითარების გამო დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, გულშემატკივრის 33% არის დაშვებული. სფფ გულშემატკივარს, ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვას სთხოვს.


შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი და ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი კი 5, 15 და 25 ლარია.