თბილისის „შევარდენი 2005“ - „ოქროს ლიგის“ გამარჯვებული
თბილისის „შევარდენი 2005“ - „ოქროს ლიგის“ გამარჯვებული
13.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ონლაინ რეალობაში, როდესაც განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის გამო, სპორტულ შეჯიბრებს გულშემატკივარი დააკლდა, ალბათ, ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რათა შენი სახეობის ცნობადობა და პოპულარობა სპორტის ქომაგებს შორის გაზარდო. ძიუდო, ალბათ იმ, იშვიათ გამონაკლის სახეობებს შორის არის, რომელზეც საქართველოში სიამაყით ლაპარაკობენ, თუმცა, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, უმაყურებლობას, ისინიც უჩივიან. ალბათ, ამიტომ დღეს, „თბილისი მოლში" გამართული, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის, „ოქროს ლიგის" ფინალური ეტაპი, არის სწორი სტრატეგიული გათვლა, სახეობის გულშემატკივართან დასაახლოვებლად და  ჩართულობის გასაზრდელად. ამ შემთხვევაში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის, როგორც ტურნირის ორგანიზატორისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, „თბილისი მოლის" რამდენი ვიზიტორი შეჩერდა ტურნირის სანახავად, ფაქტია, რომ მას უყურეს და ვიღაც, პატარა თაობიდან, რომელიც შესაძლოა მომავალში ოლიმპიური ჩემპიონიც კი იყოს, აუცილებლად სთხოვს მშობლებს, ამ სახეობაში ვარჯიშის დაწყებას.




თუმცა, ეს „ლირიული" გადახვევა, დროებით გვერდით გადავდოთ და „თბილისი მოლში" ჩატარებულ შეჯიბრს დავუბრუნდეთ. ჭაბუკებს შორის „ოქროს ლიგის" ფინალური ეტაპზე, რომლის საპრიზო ფონდიც 210 000 ლარს შეადგენდა, 8 კლუბი მონაწილეობდა - სამი თბილისიდან, „შევარდენი 2005", „მებრძოლი 2015" , „ბოკვერი 2016" , ორი ქარელიდან - „დურმიშხანი" ,  „ლეგენდა" და ასევე, „ვიპ ძიუდო" (გორი),  „იმერეთი 2" (ზესტაფონი),  „თელავი" (თელავი).


ტურნირში, რომლის სახელიც ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონს ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელს ატარებს, გამარჯვებული თბილისის „შევარდენი 2005" გახდა, რომელმაც გორის „ვიპ ძიუდო" დაამარცხა. მესამე ადგილზე, ქარელის „დურმიშხანი" და თბილისის „მებრძოლო 2015" გავიდნენ.





ძიუდოს ფედერაციის ფოტოები