ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩისთვის თბილისში ემზადება
ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩისთვის თბილისში ემზადება
13.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი მეტჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ თბილისში დაბრუნდა და 2021 წლის ბოლო შეხვედრისთვის, თბილისის ზღვის ბაზაზე აგრძელებს მზადებას. ვილი სანიოლის ამ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი, ოჯახური მიზეზებით კი, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა დააკლდება. შესაბამისად, უზბეკეთთან მატჩისთვის ჩვენი გუნდი, 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

ეროვნული ნაკრების თავკაცი, ხვალ, თბილისის „შერატონში" მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შესაბამისად, იქნება კითხვებიც, თუ ბოლო მატჩში, ვის მისცემს ვილი თამაშის უფლებას. იქნება, მართებული ვარაუდიც, რომ ამ მატჩში, გამომდინარე იქიდან, რომ გორში ტარდება, სათამაშო დრო გორის „დილას" მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილსაც დაეთმობა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების ჩამთავრებულ ციკლში, ვილის ექსპერიმენტებს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, რომ გორში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით წარსდგეს და წლის ბოლო შეხვედრაშიც, მწვრთნელმა ე.წ. „უთამაშებელ" ფეხბურთელებს მისცეს მეტი დრო.




„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ", - ამბობს დავით ვოლკოვი, რომელიც შვედებთან მატჩში, დებიუტანტის კვალობაზე, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის მიწურულს პატარა სენსაცია მოახდინა, ქართველი გულშემატკივარი და ჩვენც, სპორტული მედია, იმედს ვიტოვებთ, რომ სანიოლის ნაკრები, შვედებთან მიღწეული გამარჯვებით, ტკბობაში არ შევა და გორში, 15 ნოემბერს, 18:00  საათზე, ამჯერად, აღმოსავლეთ საქართველოს გულშემატკივრის წინაშე, უზბეკებთან ამხანაგურ შეხვედრაში, სასურველ შედეგს აჩვენებს.




„განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ", - ამბობს დავით ხოჭოლავა, სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი, 5 ლარია.



სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი