დღეს, სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა
დღეს, სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა
14.11.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში "ოლიმპმა" "ტიტები" დაამარცხა და სანამ მომდევნო შეხვედრა ჩატარდებოდეს, სუპერლიგის ცხრილში გალიდერდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დამატებით ხუთწუთეულში გამარჯვებამდე მივიდნენ - 91:89 (სტატისტიკა). 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად "ტიტები" დაწინაურდნენ, თუმცა "ოლიმპმა" მალევე გამოასწორა თამაში და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. როგავას გუნდი მე-3 პერიოდში 11 ქულით გალიდერდა და თითქოს მეტოქე წელში გატეხა, თუმცა ბესიკ ლეჟავას გუნდის საქებრად უნდა ითქვას, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოახერხა მობილიზება. კარგი დაცვისა და ტაქტიკურად გამართული შეტევებით "ტიტებმა" ჩამორჩენა გააბათილა და ბოლო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე წინ 5 ქულით გავიდა.


ლეჟავას გუნდს გამარჯვებამდე ძალიან მცირედ აკლდა, თუმცა ჯერ მეტოქის შეტევა გაეპარა და სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა, შემდეგ კი შეტევაში ბურთი დაკარგა და კენდრიკ ტომპსონისგან გამთანაბრებელი სამქულიანი მიიღო. ბოლო წამებზე თავად ტიტებს გაუხდა თამაში შემოსაბრუნებელი, რაც აკაკი ლომოურის სამქულიანით მოახერხა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა.


ოვერტაიმში უმნიშვნელოვანესი იყო დავით ლომიძის 2 სამქულიანი, რამაც "ტიტებს" წარმატების შანსი მოუსპო, "ოლიმპს" კი გამარჯვება გაუნაღდა. გამარჯვებულთაგან 16 ქულით, 6 მოხსნით და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი ილია ლონდაიძე. 19 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. "ტიტებში" 20 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 16 ქულა და 7 პასი ისააკ ასრატმა, ხოლო 15 ქულა ჯორდან რობერტსონმა მიითვალა.


***




ტურისა და მთლიანად მიმდინარე ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს გათამაშების 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა: თსუ "ქუთაისის" წინააღმდეგ. სახელმწიფო უნივერსიტეტელებს აქამდე 4 მატჩში ჰქონდათ მოგებული, იმერულ კლუბს კი - 3. შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევდა და მას უნდა გაერკვია მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი. მატჩი რეგიონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" 17 ქულის სხვაობით - 90:73 (სტატისტიკა) სძლია ლექსო ლაფანაშვილის თსუ-ს და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.

არადა, მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო. მიხეილ ბერიშვილის, რაილ ოუენსის და ნიკა დარბაიძის ზუსტ შორ სროლებს თბილისელთა სენეგალელი ცენტრის, პაპ დიოპის ფარქვეშა აქტიურობაც დაერთო და მასპინძლების ლიდერობა 10 ქულას ასცდა. პირველი პერიოდი თსუ-მ 26:19 მოიგო და წარმატებული თამაში მეორეშიც გააგრძელა, თუმცა ტაიმის დასკვნით წუთებში ქუთაისელებმა შეხვედრის გარდატეხა შეძლეს. მედგარი დაცვითა და შეტევაში სტაბილური სროლა-გარღვევებით ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს, შემდეგ კი წინაც გავიდნენ. დიდ შესვენებაზე ქუთაისელებს 5-ქულიანი ლიდერობა ჰქონდათ - 47:42.


შესვენებიდან დაბრუნებული უნივერსიტეტელები შეეცადნენ, მაგრამ სწორად დაგეგმილ ტაქტიკას ხორცი ვერ შეასხეს. ამაში მათ მთავარმა კომპონენტმა, საშემსრულებლო ოსტატობამ შეუშალა ხელი. თსუ-ს კალათბურთელებს ბურთის ჩაგდების პრობლემა შეექმნათ, რაც ერთის მხრივ ქუთაისელთა დაცვის, მეორეს მხრივ - იღბლის ბრალია.  ბევრი აცილებული ბურთი (44-დან 17 ორქულიანი) და ეს ქუთაისელებმა მასპინძლებს არ აპატიეს. მესამე პერიოდი სტუმართა გამარჯვებით - 24:13 დასრულდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა: "ქუთაისი" 71:55 დაწინაურდა და გამარჯვებამდე მისვლაც აღარ გასჭირვებია.


იმერულ კლუბში საუკეთესო გიორგი კორსანტია გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ჯარვის რეის ანგარიშზე 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასია, ადრიან ბოუი კი ქუთაისელებს 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით შეეწია. აკაკი დვალიშვილმა პირად ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. თსუ-ში 18 ქულით ბომბარდირი გახდა რაილ ოუენსი, 14-14 ქულა ნიკოლოზ დარბაიძისა და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა.


***



სუპერლიგის მე-5 ტური 30-ქულიანი მატჩით დასრულდა. სწორედ ამ სხვაობით სძლია "ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" და ცხრილში პოზიცია გაიმყარა. მიმდინარე ჩემპიონატში 3 გუნდია, რომლებსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვთ და ერთ-ერთი ცხუმ-აფხაზეთია, ხოლო ერთადერთი წაუგებელი გუნდი "ქუთაისია".


ტურის ბოლო მატჩს სისწრაფე და ჩაგდებული ბურთები არ აკლდა, თუმცა დაძაბულობაზე ამას ვერ ვიტყვით. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი "დინამო" თავიდან უძალიანდებოდა მეტოქეს, თუმცა - მხოლოდ პირველ ტაიმში. დიდ შესვენებაზე ცხუმელები 12 ქულას იგებდნენ და ეს უკვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა იყო, თუმცა მესამე ათწუთეულში გუნდური თამაშითა და შედეგიანობით ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების გარანტია მიიღო. ცხუმელების ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და ვითარების შესაცვლელად დინამოელებს არც დრო ჰქონდათ და არც ძალა.


"ცხუმ-აფხაზეთში" გამოირჩეოდა ლუკა მაზიაშვილი, რომელიც ბურთის გონივრულად გათამაშებაზე მეტად შეტევებს აგვირგვინებდა. საბოლოოდ ის ყველაზე შედეგიანი გახდა თანაგუნდელ ლევან მასხულიასთან ერთად. ორივემ  23-23 ქულა მოიხვეჭეს. 17 ქულა გიორგი შარაბიძემ დააგროვა, ხოლო ალექს ფიკოკმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) გაიფორმა. "დინამოში" 16 ქულით დანტე ტომპსონი გამოირჩა, 12 ქულა კი ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზეა.


"დინამოს" 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს და აუტსაიდერთა შორისაა. შემდეგი ტურის მატჩები 18 და 19 ნოემბერს - ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.