
ხვალ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ინგლისელ თანატოლებს შეხვდებიან. მატჩამდე, სვანაძის გუნდმა, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინ ივარჯიშა. ხვალინდელი მატჩი, 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს „სილქ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.
„10-დღიანი შეკრება გავიარეთ, სავარჯიშო პროცესი საინტერესო გამოდგა, ყველა ფეხბურთელმა იცის მოედანზე საკუთარი როლის და მიზნების შესახებ. ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება ინგლისის დონის გუნდთან თამაში, რეალურად დავინახავთ რა შეგვიძლია. ამ გამოცდილებას, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გამოვიყენებთ, სადაც მსგავსი დონის გუნდებთან აუცილებლად მოგვიწევს თამაში", - ამბობს ბექა დარცმელია.
თბილისში გავლილი მოსამზადებელი პერიოდი და მატჩისწინა განწყობა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემაც შეაჯამა.
„ხვალ, რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება. წლის შემაჯამებელი მატჩის წინ, გადამწყვეტი როლი ექნება ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამ მხრივ გუნდში სიტუაცია ძალინ კარგად იყოს", - ამბობს რამაზ სვანაძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო გუნდების შეთანხმების შემდეგ, გადაწყდა, რომ საბა ხვადაგიანი და გიორგი მამარდაშვილი, ამჯერად 21-წლამდე ნაკრებს დაეხმარებიან.
U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).





ჩვენ








