მაჟორული დასასრული და ახლის, გაჯერებული მოლოდინი
მაჟორული დასასრული და ახლის, გაჯერებული მოლოდინი
15.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შესაძლოა, თავდაჯერება ჯერ კიდევ აკლია, მაგრამ შვედეთან „ფრენის" შემდეგ, დავით ვოლკოვმა, უვკე გორში, უზბეკეთან შეხვედრაში, სადებიუტო სანაკრებო გოლიც გაიტანა, შეხვედრის 41-ე წუთზე, რომელიც ბოლოს, ერთადერთი აღმოჩნდა 2021 წლის ბოლო შეხევდრაში.



„დავით ვოლკოვი გუნდის ახალი წევრია, შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ის შესანიშნავად ჩაერთო. დღეს მან გოლის გატანა მოახერხა და ეს მომენტი მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ასევე დაინახა, რომ სანაკრებო დონეზე სათამაშოდ უფრო მეტია საჭირო, ეს განსაკუთრებით მის მოედანზე მოძრაობას შეეხება. ვოლკოვმა ბევრი უნდა იმუშაოს, ითამაშოს და უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეს," - ამბობს ვილი სანიოლი.




მატჩის წინა დღეს, ვილი სანიოლიმ, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები არ დაანონსა. უფრო ზუსტად თქვა მხოლოდ, რომ კარს ლაზარე კუპატაძე დაიცავდა. შვედებთან მატჩისგან განსხვავებით კი, სასტარტო შემადგენლობაში დღეს, ოთხი ფეხბურთელი შეცვალა. ერთ-ერთი ვინც სასტარტოდან დაიწყო თამაში, სწორედ, დავით ვოლკოვი იყო.


„ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა, სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ", - ამბობს დავით ვოლკოვი.




ანგარიშის მიუხედავად, და ამ თემაზე, მატჩის შემდგომ ვილი სანიოლიც გაამახვილებს ყურადღებას, საქართველოს ნაკრებმა უზბეკებთან მატჩში ვერ აჩვენა ის თამაშაი, რაც მას და ქართველ გულშემატკივარს მოეწონებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ ნაკრებმა, ზედიზედ,  მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა და 2021 წლის სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაამთავრდა. შვედებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, როგორც ჩანს და ამას საწყენად არ ვიძახით, ფეხბურთელებიც ოდნავ მოეშვნენ და ამას გარდა, მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის ბოლი შეხვერისას გაღებულის შემდეგ, აღდგენაც სრულად ვერ მოასწრეს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმიდან გამომდინარე ამ დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა, სწორედ, პირველ ტაიმში მოვახერხეთ გოლის გატანა.


„ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებული ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას", - ამბობს, გურამ კაშია.




გოლის გატანის შესაძლებლობა, მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულ ხვიჩა კვარაცხელაის ჰქონდა. ერთ მომენტში მისი შორიდან დარტყმული ხარიხამ მოიგერია. თამაშის შემდეგ, სანილი იტყვის, რომ უზბეკებთან მატჩში, ხვიჩას თამაში, რომელიც გუნდს 61-ე წუთიდან შეუერთდა, ორ ეტაპად შესაძლოა ჩაითვალოს, სადაც სამომავლოდ, ახალგაზრდა ფებურთელმა, ამ ორს შუა, შუალედი უნდა მოძებნოს.


„დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს, ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ.  იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.




„ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.




დადებითი ნოტა და ზედიზედ მოგებული სამი თამაში. ამჯერად, მხოლოდ 1-0, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ახალ შესარჩევ ციკლს, რომლის დროსაც ჩვენს ნაკრებს ერთა ლიგის C ჯგუფში მოუწევთ თამაში. მიმდინარე ციკლის დასრულების შემდგე, ვილი სანიოლი და დღეს უკვე, ჯაბა კანკავას არყოფნის დროს, გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა „იპოვა სისტემა" და ამას გარდა, ფეხბურთელების 99% ესმით, თუ რას ითხოვს მთავარი მწვრთნელი მათგან.


და ბოლოს, ალბათ რამდენიმე მომენტი, რომელმაც თამაშსაც ნაწილობრივ ელფერი დაუკარგა. ერთია, მეორე ტაიმში, ფეხბურთელების წაკინკლავება, რის გამოც საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებებს, შეხვედრის დასრულება 10-10 კაცით მოუხდათ. ჩვენგან ირაკლი აზაროვი გააძევეს და კიდევ, მატჩის დასრულების შემდეგ,  მინდორზე დაალოხებით 10-15 გულშემატკივარი შეიჭრა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ამ საბაბით, გორის, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი "დაისაჯოს" და იქ, ეროვნული ნაკრების თამაში, რომელიც 2017 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, კიდევ კარგა ხანი აღარ გაიმართოს. სხვათა შორის, შვედებთან მატჩის შემდეგ, გულშემატკივარი ბათუმშიც გადავიდა მინდორზე. როგორც ჩანს სფფ-ს რეგიონებში საფეხბურთო ზეიმების მოწყობასთან ერთად, ადგილობრივებთან ამ თემაზეც მოუწევთ მუშაობა. სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან, მეგობრული ურთიერთობები დაგვეძაბება.



 

მატჩის სრული ფოტო-რეპორტაჟი