გათამაშებას თსუ და „ქუთაისი“ ლიდერობენ
გათამაშებას თსუ და „ქუთაისი“ ლიდერობენ
19.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო სუპერლიგაზე დეკემბრამდე, სანაკრებო შესვენება გამოცხადდა. თუმცა, მანამდე ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და რუსთავში, სუპერლიგის 2021-2022 წლების გათამაშების, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

***

გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერმა თსუ-მ, ბათუმში ბეწვის ხიდზე გაიარა და საკმაოდ მძიმე შეხვედრაში მასპიძნლები 74-81 დაამარცხა. ყველაზე ყურადსაღები, ამ შეხვედრიდან კი, ორი მომენტია. თსუ-მ, რომელიც სტაბილურად დაბალანსებული გუნდია, პირველი ორი მეოთხედი 33-25 და 20-8 წააგო! შესაბამისად დიდი შესვენების წინ, „ბათუმი" 20 ქულით, 53-33  იგებდა. მიუხედავად ამისა, უკვე მესამე მეოთხედის საწყის წუთებიდანვე, ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გონზე მოსვლა მოახერხა, მეორე მეოთხედისთვის რევანში აიღო რამეთუ, მასპინძლებმა ამ მონაკვეთში მხოლოდ 7 ქულა დააგროვეს, სტუმრებმა კი 27 და დასკვნითი პერიოდის წინ, შეიძლება ითქვას, თამაშ „ნულიდან" (ამ მომენტში ტაბლოზე 60-60 იყო) დაიწყეს. ერთ მეოთხედში დაქაჩული 20 ქულის შემყურე მესპინძლები კი, ფსიქოლოგიურად გატყდნენ და საბოლოოდ წააგეს.  ბათუმელთაგან, 15 ქულა, ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ბექა ბექაურმა დააგროვა. თსუ-დან კი, ყველაზე შედეგიანი, ლოველ ქაბილი იყო, 21 ქულით. სტაბილურად ჩაატარა შეხვდრა ეროვნული ნაკრების თსუ-ელმა წევრმა მიშა ბერიშვილმა, რომელმაც მოედანზე 34 წუთზე მეტი დაჰყო და ორმაგ დუბლამდე, ერთი მოხსნა დააკლდა.

***

თბილისის ოლიმპიურ სასახელში ერთმანეთს "ვერა" და "ცხუმ-აფხაზეთი" დაუპირისპირედნენ. საკმაოდ დაძაბული და თაბაბარი დაპირისპირება, სადაც მეოთხედების მსვლელობის მიხედვითაც რთული იყო, რომელიმე გუნდისთვის უპირატესობა მიგენიჭებინა (20-23, 23-15, 25-25, 23-23), გამარჯვება, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა „ვერამ" მოიპოვა 91-86. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვერელებმა, მატჩის ბედი, მეორე მეოთხედში გადაწყვიტეს, როდესაც შეხვედრის ამ მონაკვეთის მოგება, 5 ქულით მოახერხეს და მატჩის ბოლომდე, ამ სხვაობის შენარჩუნებაც შეძლეს.  ვერელთაგან, თითქმის 38 წუთი დაჰყო პარკეტზე და გუნდს, 21 ქულა მოუტანა ვეტერანმა ვახტანგ ქადარიამ, თუმცა, მის გუნდში, 25 ქულით საუკეთესო, ზაკ ელიასი იყო, რომელმაც 14 მოხსნაც მიითვალა. "ცხუმ-აფხაზეთში" 18 ქულით ლევან მასხულია იყო საუკეთესო.

***

ახლა მწვრთნელთან ერთად, მაგრამ კვლავ ახალგაზრდა კალათბურთელებზე გათვლით და წინა სეზონის მსგავსად, თამაში არ მისდის „დინამოს". თბილისელები, ამჯერად მეორე დედაქალაურ გუნდთან, „ტიტებთან" დამარცხდნენ 78-83. თანაბარი ორი მეოთხედის შემდეგ, საიდანაც პირველში „დინამომ" 21-19, ხოლო მომდევნოში „ტიტებმა" 17-22 იმარჯვეს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 38-41 იყო, არც ერთ გუნდს უპირატესობას არ ანიჭებდა. თუმცა, „ტიტებმა", მესამე მეოთხედში, კარგად ისარგებლეს დინამოელთა შეცდომებით, 3 ქულიან უპირატესობას, კიდევ გაზარდეს, მეოთხედი 10-27 მოიგეს და გადამწყვეტი პარიოდის წინ „დინამო" 20 ქულით ჩამოიტოვეს. თუმცა, აი, აქ, ახალგაზრდა დინამოელებმა პატარა სასწაული მოახდინეს, თუმცა, გამარჯვების მოსაპოვებლად (განსხვავებით ბათუმში ჩატარებული მატჩისგან), დრო და წინა ორ მეოთხედში დაშვებული შეცდომები წამოეწიათ. „დინამომ" მეოთხედი კი 30-15 მოიგო, მაგრამ  მატჩი, 5 ქულით წააგო. ბუნებრივია, მესამე მეოთხედის ჩავარდნაზე, ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბის შტაბში იმსჯელებენ და მომდევნო მატჩებისთვის, სათანადო დასკვნებსაც გააკეთებენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, „ტიტების" ამერიკელი ცენტრი ჯავიონ ოგუნიემი გახდა, რომელსაც კლუბის გამარჯვებაში 27 ქულა და 12 მოხსნა ეკუთვნის. დინამოელთაგან კი, 25 ქულით საუკეთესო 19 წლის ფორვარდი, ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო.

***

უჩვეულოდ, გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა „რუსთავი". ანატოლი ბოისას გუნდმა, ამჯერად, ყოფილი თანაგუნდელის არჩილ ჟღენტის „კაკტუსთან" წააგო, 73-86. ამასთან აღსანიშნავია, რომ „რუსთავმა", საკუთარ კედლებში, ოთხი პერიოდიდან მხოლოდ ერთის, მესამეს მოგება და ისიც, მხოლოდ ერთი ქულით, 22-21. დანარჩენი კი წააგო, 16-22, 20-23 და 15-20. მიუხედავად იმისა, რომ ბოისას გუნდმა, მე-2 და მე-3 მეოთხედებში თამაში ოდნავ გამოასწორა, გადამწვეტი მაინც სტუმართა მიერ, პირველ მეოთხედში მოპოვებული 6-ქულიანი უპირატესობა აღმოჩნდა, რომელსაც რუსთაველები მატჩის მსვლელობისას ხანდახან უახლოვდებოდნენ, თუმცა, მეტის შემცირებას ვეღარ ახერხებდნენ. კაკტუსელთაგან, ამ დღეს საუკეთესო 19 ქულითა და 7 მოხსნით ჯორდან ფორბსი იყო. მასპინძელთაგან, 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ისმაილ ჰოლისი.


***

სანაკრებო შესვენებამდე ეს სათამაშო მონაკვეთი კი, ქუთაისში, „ქუთაისისა" და „მეგას" შეხვედრით დაიწყო. მიდინარე სუპერლიგის „დებიუტანტი", ეროვნული ჩემპიონატების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სტაბილურ „ქუთაისთან" 10 ქულის სხვაობით 82-72 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვერდა, „მეგას" ჩაგდებული ქულებით დაიწყო, მასპინძლებმა, ეს და მომდევნო მეოთხედები 20-18 და 18-13 მოიგეს და შესაბამისად, დიდ შესვენებაზეც მშვიდად გავიდნენ, 7-ქულიანი უპირატესობით, 38-31. თუმცა, „მეგამ", იბრძოლა, მასპინძლებს ანგარიში გაუთანაბრა და  მესამე პერიოდში, ქუთაისელები კარგა ხანი 51 ქულაზე გაყინა, თავად კი 43 ქულიდან ანგარიში ისე შეამცირა, რომ ამ მეოთხედის ბოლოს, მხოლოდ 2 ქულას აგებდა, 53-51, მონაკვეთი კი 15-20 მოიგო. უფრო მეტიც, მე-4, დასკვნითი პერიოდის საწყის წუთებზე, „მეგამ" ერთი ქულით დაწინაურება მოახერხა, 53-54 რაც კოტე ტუღუშის გუნდისთვის, განიფხიზლების მანიშნებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა ამ მეოთხედის 29-21 მოგება შეძლეს და საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძელთა შორის, ორმაგი დუბლი, 18 ქულა და 16 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშეა. ორივე გუნდში კი, ყველაძე შედეგიანი თანაც დუბლის ავტორი, თბილისელთა ამერიკელი ფორვარდი დემონტე ფლანიგანი იყო. 201 სმ-ის ამერიკელმა ამ თამაშში, 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 6 ტურის შემდეგ კი ფლანიგანს 127 ქულა აქვს აღებული 6 თამაშში.



კალათბურთის ფედერაციის ფოტო