
ვარშავაში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელიც 23-დან 25 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები სრული გუნდით არის წარმოდგენილი. სანდრო ბაზაძემ, ბექა ბაზაძემ, მიხეილ მარდალეიშვილმა და საბა სულამანიძემ დღეს, ინდივიდუალური დისციპლინის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გამართეს.
14:00-დან ბილიკზე ჯგუფური ეტაპის ბრძოლები სანდრო ბაზაძემ და საბა სულამანიძემ ჩაატარეს. ქართველმა მოფარიკავეებმა ექვსიდან 5 შეხვედრა მოიგეს. ოდნავ მოგვიანებით, ჯგუფში ექვსიდან ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგეს და შემდგომ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბექა ბაზაძემ და მიხეილ მარდალეიშვილმა.
ტურნირის რეგლამენტით, ვარშავას მსოფლიო თასის გათამაშების პირველ საასპარეზო დღეს ის 64 სპორტსმენი გამოვლინდა, რომლებიც ხვალ, 24 თებერვალს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამარჯვებულს გამოავლენენ. ჯგუფური ეტაპზე წარმატებული სტარტის შემდეგ, ფლეი-ოფის ორი ეტაპის გავლა და ხვალისთვის საუკეთესო 64 მონაწილეს შორის მონაწილეობის უფლება, მხოლოდ სანდრო ბაზაძემ მოიპოვა. სანდრომ პირველი ეტაპი გამოტოვა, ხოლო მეორე ეტაპზე ბრიტანელი ვილიამ დეარი დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დაამარცხა.
ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრები წააგეს ბექა ბაზაძემ ჰონკონგის წარმომადგენელ ჰინ ჩუნგ ლამთან 8-15, მიხეილ მარდალეიშვილმა ბელორუს სიარჰეი კისელთან 10-16 და საბა სულამანიძემ მასპინძელ მატეუშ პროკოპოვიჩთან 14-15.
25 თებერვალს, გათამაშებაში გუნდური დისციპლინა ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთის დედაქალაქში სტარტი აიღო, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 გათამაშებამ. ვარშავაში ინდივიდუალურ შეჯიბრში 205 მოფარიკავე, ხოლო გუნდურ შეჯიბრში 23 გუნდი ასპარეზობს.





ჩვენ








