25 თებერვალს, იყავი მე-6 მოთამაშე!
25 თებერვალს, იყავი მე-6 მოთამაშე!
23.02.2018
ავტორი:

ავსტრიასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გაზარდა. ახლა, ქართველ კალათბურთელებს, ჯგუფური ეტაპის მშვიდად ჩასამთავრებლად, 25 თებერვალს, თბილისში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ სრული მობილიზება და გამარჯვება ესაჭიროება. შეგახსენებთ, ამ შესარჩევი ციკლის დასაწყისში, ქართველი კალათბურთელები ორ გასვლით შეხვედრაში, გერმანიასა და სერბეთში დამარცხდნენ. ასე, რომ დღეს, ავსტრიაში მოგებული თამაშის შემდეგ, ჩვენს გუნდს 3-ვე დარჩენილი მატჩი სახლში აქვს ჩასატარებელი და საკუთარი ქომაგის იმედიც აქვს.

საკუთრ კედლებში, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს სჯერათ, რომ მე-6 მოთამაშე, ქართველი გულშემატკივარი, მათ გვერდით იქნება. ამდენად, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენია, საქართველო-გერმანიის დაპირისპირების ბილეთები, გირჩევთ, არ გადადოთ და დროულად დაიჭიროთ თადარიგი. ბილეთების შეძენა კი ონლაინ, მითითებული ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ  https://tkt.ge/ka/event/kalatburti-i-saqartvelo-germania-115216  

ავსტრიის „შვეხარტ არენაზე" კი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირება ქართველი კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო. ჩვენი ნაკრების მსგავსად, ავსტრიელებსაც საწყისი 2 მატჩი წაგებული ჰქონდათ. ამდენად, ისევე, როგორც ჩვენ, მათაც, მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. პირველი მეოთხედი სტუმრებმა, ქართველმა კალათბურთელებმა 5-19 მოიგეს. საქართველოს ნაკრების ეს შედეგი, დაცვაში კარგმა თამაშმაც განაპირობა.  პირველი მეოთხედის შემდეგ, ჩვენს გუნდში, საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო, რომელსაც ამ დროისთვის  7 ქულა, 3 მოხსნა და ერთც შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ქართული კალათბურთის იმედს, გოგა ბითაძეს 4 ქულა ჰქონდა დაგროვებული, 2-2 მიხეილ ბერიშვილისა და ნაკრებში დაბრუნებული გიორგი ცინცაძის ანგარიშზე იყო.

პირველი ტაიმი, საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 9-ქულიანი უპირატესობით, 31-40. თუმცა, დიდ შესვენებამდე, მონაკვეთი ჩვენმა კალათბურთელებმა 26-21 წააგეს. სწორედ, ამ 26 ქულის ხარჯზე, რომელთა უმეტესობა მასპინძლებმა, მეორე მეოთხედის მიწურულს ჩაგვიყარეს, მესამე მეოთხედში, ქართველთა ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ნერვიულობის საბაბიც კი გახდა. პირველი მეოთხედისგან განსხვავებით, თამაშის მომდევნო 2 ათწუთიან მონაკვეთში, საქართველოს ნაკრების დაცვამ სუსტად ითამაშა. ალბათ, ერთადერთი რის წყალობითაც საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის მანძილზე ლიდერობას ინარჩუნებდა, საჭირო მომენტში, დიქსონის, ლევან ფაცაციას და ნიკა ცქიტიშვილის ზუსტი სამქულიანები იყო და რიგ შემთხვევებში, გოგა ბითაძის გაბედული თამაში. სერბული „ბიმაქსისგან" განსხვავებით, ეროვნულ ნაკრებში, როგორც სჩანს, ბითაძე ბოლომდე ვერ რისკავს, რიგ შემთხვევებში ვერ ბედავს მომენტის დამოუკიდებლად მართვას, თუმცა, ესეც, დროის ამბავია.

მეორეს მსგავსად, მესამე მეოთხედიც მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდა, 18-15. მეორე ტაიმში, ზუროსმა გიორგი ცინცაძეს, იძულებით, დასვენების საშუალება მისცა. სავარაუდოდ „ბუ"-ს ტრავმა გაუმიზეზდა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ 25 თებერვალს, გერმანიის წინააღმდეგ, ცინცაძე თამაშს მოახერხებს. მესამე მეოთხედის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე დავიდა 49-55. უფრო საგანგაშო კი მე-4 პერიოდის დასაწყისი იყო, როდესაც ავსტრიელებმა სხვაობა 3 ქულამდეც კი შეამცირეს. თუმცა, სწორედ, ამ მომენტში ლიდერობა დიქსონმა იტვირთა. შესაბამისად, ის რომ საფინალი სირენასთან ერთად, ბოლო 3 ქულა სწორედ დიქსონმა მიიწერა, ლოგიკური იყო. საბოლოოდ, ქართველთა ნატურაიზებულმა მოთამაშემ აქტივში 23 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი ჩაიწერა.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად 2 დღეში, უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის და ძალები იქაც სჭირდება, უბრალოდ, მოსაგები თამაში მოიგო. ამ შეხვედრაში, 12 ქულა და 8 მოხსნა გოგა ბითაძის ანგარიშზეა,  მიხეილ ბერიშვილმა გუნდს 10 ქულა შესძინა და 4 მოხსნა ჩაიწერა (იხილეთ საერთო სტატისტიკა).