ორწლიანი კოვიდ-აუთის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მე-6 მოთამაშე დაემატა
ორწლიანი კოვიდ-აუთის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მე-6 მოთამაშე დაემატა
24.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის მეთვალყურეობით უკვე მესამე დღეა ვარჯიშობს. ჩვენს გუნდს, რომელსაც ნოემბრის ბოლოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯფუფში უწევს ასპარეზობა, ლეგიონერები ნელ-ნელა უერთდებიან. გუნდთან ერთად არის გიორგი შერმადინიც, რომელიც ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, რომელსაც ხვალ, 25 ნოემბერს უწევს, ევროლიგაში კლუბთან ერთად თამაში, მატჩის დასრულებისთანავე, ჩარტერული რეისით თბილისში გადმოფრინდება და 26 ნოემბერს, უკრაინასთან გასამართ მატჩზე, უკვე, გუდთან ერთად იქნება.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გუნდმა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო თამაშისთვის მზადება. მოხარული ვარ, რადგან ფედერაციამ უდიდესი სამუშაო გასწია, რათა შეეგროვებინა და ჩამოსვლაში დახმარებოდა კალათბურთელებს. სამწუხაროდ, რამდენიმე დაშავებული გვყავს. გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე. ისინი, ამ შემთხვევაში, ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მალე, კვლავ ჩვენთან იქნებიან", - ამბობს ილიას ზუროსი.



ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მილოშ გლიგორიევიჩი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეროვნულმა ნაკრებმა, შეკრებისთვის ლიმიტირებულ დროში მაქსიმალურად სცადა მომზადება. სამწვრთნელო შტაბმა, მოთამაშეებს, მოწინააღმდეგე გუნდებისა და ცაკლეული მოთამაშეების შესახებ, მაქსიმალურად მიაწოდა ინფორმაცია. ამ მომენტისთვის სერბის აზრით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები არიან საკმაოდ მიტივირებულები.


„უკრაინის ნაკრები საკმაოდ სპეციფიკურია. არიან აგრესიულები და სწრაფ კალათბურთს თამაშობენ. საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატებიდან არიან წარმოდგენილები. ჰყავთ ორი მაღალი - არტიომ პოსტოვოი და ვოლოდიმირ გერუნი. ახალი რაც არის გუნდში არის ამერიკელი ლეგიონერი ჯერომ რენდლი, რომელიც დიდი ხანი უგუნდოდ იყო, მაგრამ ახლა იპოვა ახალი გუნდი და ითამაშა „ბუდიველნიკის" შემადგენლობაში. ამ მოთამაშესთან ერთად, უკრაინას ტოტალურად სხვა მოცემულობა გაუჩნდა. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - ამბობს გლიგორიევიჩი.



დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ნაკრებს ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენიც შეუერთდა. ტრავმირებულების გარდა კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ამ ჯერზე, ვერ იქნებიან გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში, გამოძახებული 18 მოთამაშიდან, 12 ეროვნული სუპერლიგის გუნდებში ასპარეზობს. ასე, რომ ზუროსი, მორიგ ჯერზე, აქცენტს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებზე აკეთებს და კიდევ გულშემატკივარზე, რომელიც კოვიდ-აუტის შემდეგ, რომელიც 2 წელს გაგრძელდა, რეგულაციების დაცვით, ამ შესარჩევი ციკლის მატჩებზე,  სპორტის სასახლის ტევადობის 30%-ით დაესწრება.


ეს თამაშები რთული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვყვას ტრავმირებულები და როგორც გუნდს, გაგვიჭირდება გამართულად ფუნქიონირება. თუმცა, ვეცდებით, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოდ, ვეცდებით, მოვიგოთ და ამასთანავე მზად ვიყოთ მთლიანად ტურნირისთვის. რადგან ეს არ არის მხოლოდ, 2 თამაში და ეს, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამ ფანჯრის გარდა გვაქვს კიდევ ერთი თებერვალში, კიდევ ერთი ზაფხულში, რომ მოვიგოთ და გვაქვს შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე კვალიფიკაცია მოვიპოვოთ. მინდა, რომ ხალხი მოვიდეს, უყუროს ამ თამაშებს და გვიგულშემატკივროს და დაგვეხმაროს, რადგან ჩვენ, ეს მხარდაჭერა გვჭირდება", - ამბობს ილიას ზუროსი.




საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს. გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ.


„ბოლოს, რომ ვითამაშეთ უკრაინასთან, სამწუხაროდ წავაგეთ, ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან მაგარი ნაკრები ჰყავთ. ტანმაღალი მოთამაშეებიც ჰყავთ. პუსტოვოი, რომელიც „გრანკანარიასში" თამაშობს, ის ჩემზე მაღალია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თოკოც შემოგვიერთდება ამ თამაშზე" - ამბობს გიორგი შერმადინი.


„ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა უკრაინის ნაკრები. მართალია, რამდენიმე ცნობილი მოთამაშე, შესაძლოა არ იყოს, მაგრამ ძალიან მაღალი დონის გუნდია და ჩემი აზრით, სანახაობრივი და რთული მატჩი გველოდება პარასკევს", - ამბობს ბექა ბურჯანაძე.




მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის  პირველი ფანჯრის დროს, ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან  თბილისში, 26 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, უკრაინას დაუპირისპირდება და ამის შემდეგ, ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ერთ ერთ უძლიერეს ნაკრებთან ითამაშებს.


კალათბურთის ფედერაციის ფოტოები

 

ასევე იხილეთ: World Cup 2023-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ილიას ზუროსმა 18 კალათბურთელი გამოიძახა