
ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე, IJF-ის გამოკითხვის ხუთიდან ორ ნომინაციაში არიან წარმოდგენილები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, 2021 წლის სეზონის საუკეთესოთა შემაჯამებელ გამოკითხვაში, სწორედ ეს ორი ქართველი სპორტსმენი დაასახელა. შესაბამისად, 10 დეკემბრამდე მითითებულ ბმულებზე 24 საათში ერთხელ, შესაძლებლობა გვექნება ქართველ ძიუდოისტებს ნომინაციების მოგებაში მივეხმაროთ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ კოვიდ-რეალობაში, სოციალურ სივრცეში ქართველები, განსაკუთრებით კარგად ვადაპტირდით, ასე რომ, „ჰა ბურთი და ჰა მოედანი"...
IJF-მა, ლაშა შავდათუაშვილი „წლის საუკეთესო" ძიუდოისტის" ნომინაციაში წარადგინა. ქართველს, კონკურენციას, მატია კასე (ბელგია), ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია),ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და ჰიფუმი აბე (იაპონია) უწევენ. შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დროს, მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, რითაც გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც სამივე დიდი შეჯიბრება ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

„ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში, ბევრ ძალიან საინტერესო ძიუდოისტთან ერთად არის დასახელებული ილია სულამანიძე. საუკეთესოს ტიტულისთვის მას აი ცუნოდა (ესპანეთი), მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი), საიტო ტაცურუ (იაპონია) და დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი) ეცილებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ 20 წლის ილია სულამანიძე 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. გარდა ამისა, უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველ გულშემატკივარს, ისევე, როგორც სხვებს მსოფლიოს მასშტაბით, ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება მითითებულ ბმულზე: https://awards.ijf.org/
არ დაგეზაროთ და იაქტიურეთ, 10 დეკემბრამდე, ყოველ დღე, 24 საათში ერთხელ.





ჩვენ








