
„როდესაც გუნდთან ერთად არის ლიდერი, ეს ფსიქოლოგიურად კარგად აისახება და მუხტავს მთელს გუნდს. ჩვენი მოთამაშეების უმეტესობა, ეროვნული ჩემპიონატიდან არის და დიდი თამაშების გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ, მათ უცხოეთიდან დაბრუნებულმა მოთამაშეებმა უნდა მისცენ ამისთვის ბიძგი. წამყვანი მოთამაშეების გუნდში ყოფნა, ძალიან გვეხმარება ბრძლაში. თოკომ, პარკეტზე გული დატოვა. გუშინ მან, 32 წუთი ითამაშა და ზედიზედ მეორე შეხვედრა (ევროლოგის მატჩი იგულისმება, რომელიც თორინკე შენგელიამ კლუბთან ერთად ითამაშა) ჩაატარა", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ, ილიას ზუროსი და ალბათ, შენგელიასაც განსაკუთრებულ რეჟიმში დასვენების და ძალების მოკრების საშუალებას მისცემს, მითუმეტეს რომ უკვე ხვალ, ჩვენი ნაკრები ესპანეთში, ჩარტერული რეისით გაემგზავრება და ხაენაში, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან სათამაშოდ მოემზადება. შენგელიას კი, ნაღდად ძალების სათანადოდ აღდგენა სჭირდება.
დღეს კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფი მოგებით დაიწყო. გათამაშების დაწყებამდე, ფიბა-ს ექსპერტებმა, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი კოზირად სახლში თამაში დაასახელეს. ორი წლის შემდეგ, ტრიბუნაზე კოვიდ-აუთიდან დაბრუნებულმა მეექვსე მოთამაშემ, შესაძლოა მთლიანად არა, თუმცა, თამაშის შედეგზე გავლენა იქონია. ყოველ შემთხვევაში, მოგებული პირველი მეოთხედის (28-24) შემდეგ, ჩვენებმა, უკრაინასთან, მეორე (17-22) წააგეს და დიდ შესვენებაზე 1 ქულის მინუსით (45-46) გავიდნენ. „მეექვსეც", საქმეში სწორედ აქ ჩაერთო. ალბათ, აღსანიშნავია, რომ ზუროსისი გუნდი, მთელი თამაშის მანძილზე მდევრის როლში იყო, თუმცა, ნიშნულს, რომ მოწინააღმდეგე „არ გაქცეოდა" კარგად აკონტროლებდა.

„კალათბურთი არის ერთგვარი იმპროვიზაცია. არ ველოდი, რომ იოლი თამაში იქნებოდა, მაგრამ ჩვენ, ტრავმების გამო გვაკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე. ამან, ჩვენი როტაცია ტოტალურად შეცვალა. იყო სიტუაციები, რისთვისაც ჩვენ არ ვიყავით მზად. რა თქმა უნდა, შენგელია და შერმადინი დომინირებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ იყო უკეთესი გუნდი, მაგრამ რიგ მომენტებში უფრო იღბლიანი იყო, თამაშის ბოლოს მთელი რიგი მომენტები უფრო მარტივად გადაჭრეს", - ამბობს აინარს ბაგატსკი, უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი.

ანგარიში დღევანდელ შეხევდრაში ზუსტი 3-ქულიანით სტუმრებმა გახსნეს, რასაც თად მაკფადენმა სამქულიანითვე უპასუხა. მალევე თადის, მორიგი 3 ქულით საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში პირველად დაწინაურდა. საერთოდ, ჩვენი ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი დღეს, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო ჩვენი გუნდის რიგებში. მხოლოდ, პირველი მეოთხედის არასრულ დროში მას უკვე 15 ქულა ჰქონდა აღებული და ყველა 3-ქულიანი ზონიდან. შეხვედრის ბოლოს, ორივე გუნდშიც საუკეთესო იყო 27 ქულით და პარკეტზეც, ყველაზე მეტი დრო (37:42) სწორედ, მაკფადენმა გაატარა.

ბუნებრივია, ილიას ზუროსი მთავარ აქცენტს საქრათველოს ნაკრების ლეგიონერებზე აკეთებდა. ამაზე მეტყველებს, სასტარტო ხუთეულიც (ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია და თად მაკფადენი), სადაც დაღლილ შენგელიას, უკრაინელები ნაკლებად ელოდნენ. თუმცა, ზუროსმა კაპიტანი, თუ არ ჩავთვლით, მეორე მეოთხედისას მიღებულ მცირე ტრავმას, მთელი მატჩის მანძილზე გვარიანად დატვირთა. საერთო ჯამში კი, ქართველთა ბერძენმა თავკაცმა სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებიდან, ყველაზე დიდი სათამაშო დრო (25:05) მერაბ ბოქოლიშვილს მისცა, რომელმაც მართალია ამ მატჩში ქულაც ვერ აიღო, თუმცა, ბევრი იმუშავა. პარკეტზე არც თუ დიდი დრო მიეცათ, გივი ბაქრაძესა (07:54) და ამ მომენტში სუპერლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ მიშა ბერიშვილს (12:23), თუმცა, ორივე კალათბურთელმა, საჭირო მომენტში გუნდისთვის გარდამტეხი ქულების ჩაგდება მოახერხეს. მაგალითად, მეოთხე პერიდის დასრულებამდე, სამწუთნახევრით ადრე, როდესაც ანგარიში 75-73 იყო ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ, სწორედ, გივი ბაქრაძის 3-ქულიანი გამოდგა ის მომენტი, რამაც ზუროსის გუნდს, ოდნავ წელში გამართვის საშუალება მისცა. სხვათა შორის, ამავე მეოთხედში, პირველი 2 ქულა, თუმცა, ფრიად საჭირო ჩააგდო კახაბერ ჯიჭარაძემაც (09:23, 2 ქულა და 2 მოხსნა). ანალოგიურად, მეორე მეოთხედის დასრულებამდე 1:42 წამით ადრე, მიხეილ ბერიშვილის ლეიაფით, მატჩში ანგარიში გათანაბრდა (43-43).

„მადლობელი ვარ, ჩემი გუნდის მოთამაშეების... ბექა ბურჯანაძემ, შერმომ უდიდესი სამუშაო გააკეთეს. მოთამაშეებს, რომლებსაც ჰქონდათ ტრავმები სეზონსი დასაწყისში, მოვიდნენ და დღეს, თამაშში ჩადეს გული. თუმცა, ჩვენ, ამავდროულად გვაკლდა სხვა ბევრი მოთამაშეც. ტრადიციულად, მე არ ვლაპარაკო ცალკეულ მოთამაშეებზე, თუმცა, ვიტყვი, რომ ზოგმა მოთამაშემ იმაზე მეტი გააკეთა რასაც მოველოდით", - ამბობს ილიას ზუროსი, მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე.
მატჩამდე, უკრაინული მედია ვარაუდობდა, რომ დაღლილ შენგელიას ამ დღეს არ ათამაშებდნენ, ან თუ ათამაშებდნენ ბევრ დროს არ მისცემდნენ. ამასთან, ყურადღებას, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ გიორგი შერმადინზე აკეთებდნენ, რომელსაც შენგელიასი არ იყოს, დღეს, მჭიდროდ მეურვეობდნენ. თუმცა, შერმომ, დღეს პარკეტზე მაკფადენის შემდეგ, ყველაზე მეტრი დრო (34:40) გაატარა და აღებული 23 ქულის გარდა, ბევრი შავი სამუშაოც გასწია. 11 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა ბექა ბურჯანაძემაც (29:09), რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. დაახლოებით 11 წუთი დაჰყო მოედანზე და 4 ქულა მოუტანა გუნდს ალექსანდრე ფევაძემ (10:56).
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მატჩის სრული სტატისტიკა 88-83 (28- 24 /17- 22 /19- 20 / 24- 17)
ილიას ზუროსის გუნდს, საკმაოდ მძიმე სტარტის შემდეგ, დასასვენებლად, მცირე დრო აქვს, მითუმეტეს, რომ გუნდს ხაენაში, საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა ელის. ამ გზის გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარგად იცის, რომ მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევზე, მას და მის გუნდს, გრძელი მარათონის გავლა უწევთ. ამიტომ, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დროს, მაქსიმალურად, ქულების აღებას უნდა შეეცადოს. მანამდე კი, ისიც და გუნდის კაპიტანიც, თბილისის სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს დღეს, მადლობას უხდიან.


თორნიკე შენგელია:
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა დღევანდელ მატჩში. მთელ რიგ გადამწყვეტ მომენტებში, ჩვენ, ენერგია სწორედ მათგან მივიღეთ, თავი ვირწმუნეთ. მინდა უკრაინის გუნდიც შევაქო, რადგან კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა, იმ მცირე დროის გათვალისწინებით, რაც ჰქონდათ. ეს მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვამაყობ თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით, მთლიანად გუნდით".
ილიას ზუროსი:
თოკოსავით, მეც დავიწყებ იმით, რომ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც თამაშზე მოვიდა, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კვლავ კოვიდ-ვითარებაა. სამწუხაროა, რომ დარბაზი სრულად არ იყო შევსებული, რადგან კარგი თამაში გამოვიდა და ყველა გულშემატკივარს, არ შეეძლოთ ამ გამარჯვებისა და სიხარულის ადგილზე გაზიარება.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ-რეგულაციების გათვლით, შეხვედრაზე სპორტის სასახლის ტევადობის 30% იყო დაშვებული.




სატურნირო ცხრილი
დღევანდელი დღის ჯგუფის მეორე შეხვედრა / ჩრდ. მაკედონია - ესპანეთი 65-94





ჩვენ












