სანაკრებო შესვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა
სანაკრებო შესვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა
05.12.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა. დღეს ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან პირველი უკვე დასრულდა. ბუბა ბერიშვილისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა "ბათუმმა" დამაჯერებელი სხვაობით - 90:71 (სტატისტიკა) დაამარცხა სუპერლიგის დებიუტანტი "მეგა" და სატურნირო პოზიცია გაიუმჯობესა.


მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას. დიდ შესვენებაზე ბათუმელები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და მთავარი გარდატეხა მე-3 პერიოდში მოახდინეს. აღნიშნული ათწუთეული ზღვისპირელებმა 28:14 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინარუდნენ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. "მეგა" არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ასეთ სოლიდურ უპირატესობას ბოლო პერიოდში გააბათილებდა.

 

საბოოოდ ბათუმელებმა 19 ქულით გაიმარჯვეს და სატურნირო ვითარება გამოისწორეს. ამჯერად აჭარულ გუნდს 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. დღევანდელ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ბათუმელთა ახალწვეულმა დენის მარვინმა, რომელმაც 23 წუთში 15 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ბექა ბექაურმა, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 12 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.


***



სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "ქუთაისმა" მორიგი გამარჯვება გაიფორმა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში "კაკტუსი" 80:76 (სტატისტიკა) დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში მოლიდერე პოზიცია გაიმყარა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი "კაკტუსი" იოლად დამთმობი არ გამოდგა. "კაკტუსმა" ბოლომდე და ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.


მთელი შეხვედრა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. კაკტუსელები დამაჯერებლად და შედეგიანად თამაშობდნენ , მთელი შეხვედრის მანძილზე ტოლ-სწორად მისდევდნენ მეტოქეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა იძალეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა გამართული ტაქტიკით ითამაშა და სწორედ მაშინ მოუმატა თამაშის ხარისხსა და შედეგიანობას, როცა გადამწყვეტი წუთები იყო.


ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 19 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ბომბარდირი გახდა ადრიან ბოუიმ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. 9 ქულა და 7 პასი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა. კაკტუსელთაგან 21 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რიკი მედისონის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.


***