დღეს, სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა
დღეს, სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა
06.12.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-7 ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი დასრულდა. დაკარგული ქულების მხრივ სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა "ოლიმპმა" "დინამო" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმაგრა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ოლიმპელთა გაქცევამ დინამოელები წელში გატეხა.


პირველი მეოთხედი ფრედ - 18:18 დასრულდა. მეორეში დინამოელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ვოვა თავაქარაშვილის და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის წინამძღოლობით "დინამომ" გაქცევა მოაწყო და ათწუთეულის 29:21 მოგებით დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდა - 47:39. 10-წუთიანი დასვენება კარგად გამოიყენა "ოლიმპმა", რომლის გასახდელიდან დაბრუნებული კალათბურთელები თითქმის ყველაფერში ჯობნიდნენ მეტოქეს და ჩამორჩენა ხომ მალე გააბათილეს, სოლიდურადაც დაწინაურდნენ.


მე-3 პერიოდი ოლიმპელებმა 29:12 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. დაწინაურებულმა "ოლიმპმა" ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვა. დაახლოებით 10-ქულიან ჰანდიკაპს თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდა და საბოლოოდ 88:77 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბუნდუ აბდულაიმ, რომელმაც 21 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა მიითვალა ოლიმპის შემტევმა უკანახაზელმა კახა ჯინჭარაძემ, დავით ლომიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 13 ქულა და 11 პასი გივი ბაქრაძემ გაიფორმა. "დინამოში" 20 ქულით საუკეთესო იყო დანტე ტომპსონი, ხოლო ბენჟამინ ქოლეჯის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.



მე-7 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს "ვერა" და "ტიტები" დაუპირისპირდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი ვერელები წარმატებულ სერიას აგრძელებენ. გუნდმა მე-5 გამარჯვებას მოუყარა თავი და ლიდერთა შორისაა. ვერელთა მორიგი მსხვერპლი "ტიტები" აღმოჩნდა, რომელსაც 6 მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს და ერთ-ერთი აუტსაიდერია. 


ბესო ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ წინ გაჭრილ და გამართულად მოთამაშე ვერას ვეღარ დაეწია. დიდი შესვენებისთვის 10 ქულით ჩამორჩენილმა ტიტების მოთამაშეებმა მესამე პერიოდში თამაში კი გამოასწორეს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ძალები არ ეყოთ. ბოლო პერიოდში სხვაობა დიდი არ გახლდათ, ვერელები 7-9 ქულით იგებდნენ, მაგრამ გონივრულად ეჭირათ მატჩის სადავეები და ტიტების ყველა მცდელობა, თამაში შემოებრუნებინათ, იოლად ჩაშალეს.


საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. "ვერამ" 75:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. გასიტაშვილის გუნდს მდევარ თსუ-ზე და "ოლიმპზე" 1 თამაშითა და 1 ქულით მეტი აქვს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ზაკ ელიასი 17-17 ქულა-მოხსნით. 21 ქულა და 5 მოხსნა ობრი მაკალპინმა მიითვალა. 14 ქულით დარელ ბრაუნი გამოირჩა. "ტიტებში" 22 ქულით, 13 მოხსნითა და 3 დაფარებით საუკეთესო იყო ჯავიონ ოგუნიემი. 12 ქულა და 14 მოხსნა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.


სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 10 და 11 დეკემბერს გაიმართება.