ბათუმის „დინამომ“ პირველად ჩემპიონობა იზეიმა, „დინამო თბილისმა“ კი, მე-700 მატჩი მოიგო
ბათუმის „დინამომ“ პირველად ჩემპიონობა იზეიმა, „დინამო თბილისმა“ კი, მე-700 მატჩი მოიგო
04.12.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, „დინამო თბილისმა", ბათუმის „დინამოს" შესაძლოა, მავანთა დახმარების გარეშე ვერა, მაგრამ მაინც, ვერც „ღმერთის გამოგზავნილი ნავით" გადაირჩინა თავი და ქევყნის ჩემპიონის ფარიც, საკუთარი ხელით ჩააბარა კონკურენტს, აჭარულმა კლუბმა, პირველად, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.


ეროვნული ლიგის ბოლო ტურშიც, გორის „დილასთან", რომელსაც ფორმალური ხასიათი უფრო ჰქონდა, ყველა ზეიმისთვის ემზადებოდა ვიდრე, რიგითი ტურის მატჩისთვის. შესაბამისად, საყაიმოდ დასრულებული შეხვდრაც, ამის დასტურია. 23-ე წუთზე, ბენჟამინ ტეიდის მიერ გატანილი გოლით, ბათუმელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. თუმცა, მეორეში, ორი გაუშვეს და ერთიც კიდევ გაიტანეს. შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ამ მატჩში, სტუმრებს, რამდენიმე ფეხბურთელი კოიდის გამო აკლდათ.


ელიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულებს, სფფ-მ არნახული დღესასწაული მოუწყო, რომელიც შემდეგ უკვე ბათუმის ქუჩებში, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. და ეს, მხოლოდ დასაფასებელია! სამწუხაროდ, ამას ვერ იტყვი ბათუმის „დინამო" კონკურენტი გუნდების „დინამო თბილისისა" და „საბურთალოს" მშობლიური ქალაქის მმართველ რგოლზე, რადგან 1981 წლის შემდეგ, საკლუბო გამარჯვება არა თუ აღუნიშნავთ თბილისში, ქალაქის მერები, თბილისური გუნდის თამაშებსაც კი არ დასწრებიან... თუმცა, ამაზე მაშინ უფრო გწყდება გული, როდესაც მერი, თავად ყოფილი ფეხბურთელი და თანაც დინამოელია. თორემ, სპორტის ყოფილი მინისტრი, "საბურთალოს" თამაშებზე, ასეც და ისეც ყოველთვის დადის!




ბათუმში ზეიმის პარალელურად, რომელიც თამაშის მომდევნო დღესაც გაგრძელდა, ელიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ახლა, უბრალოდ მათ შედეგებზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილის მიხედვით, ბოლო ტურამდეც, ყველაფერი გარკვეული იყო.


„თელავი" - „შუქურა" 2-1

„ტორპედო" - „სამგურალი" 4-1

„საბურთალო" - „სამტრედია" 5-1


სატურნირო ცხრილი


ამ ტურამდეც, ცნობილი იყო, რომ მომავალი სეზონიდან, „სამტრედია" ლიგა 2-ში ითამაშებს, „ტორპედო" მარტვილის „მერანთან", „შუქურა" კი, „გაგრასთან" გაარკვევს 2022 წლის სეზონში, დარჩება ძლიერთა შორის, თუ ქვედა ლიგაში ჩაინაცვლებს.


ყველაფერი გარკვეული იყო „დინამო თბილისის" შემთხვევაშიც. შესაბამისად, ბოლო ტურშიც, კახა ცხადაძის გუნდმა უკვე შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. თამაშამდე, ჩვენს ხელთ არსებული ნფორმაციით, დინამოელთა შორის უკვე აღარ მოიაზრებოდნენ დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ფაბიან სპორქსლედე (თუმცა, მატჩის შემდეგ, ფაბიანმა ეს ინფორმაცია უარყო), ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, ნოდარ ქავთარაძე... ამ დრომდე, კლუბთან მათი ოფიციალური სტატუსის გარკვევა მხოლოდ დროის და ფორმალობის საკითხია.


შესაბამისად, ცხადაძემ გეგმა B აამუშავა და უკვე, სასტარტო შემადგენლობაში, თამაშის უფლება „დინამო 2 თბილისი"-დან ლაშა აწყურელეს მისცა. აწყურელის გარდა, ამ დღეს დებიუტი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა, რომლებიც ასევე აკადემიის წარმომადგენლები არიან და მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ - ჯადული იობაშვილი, გიორგი ომარაშვილი, დიტო ფაჩულია და ნოდარ ლომინაძე.



მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის შედეგს, არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა უკვე ჩამთავრებულ სეზონში, „დინამო თბილისმა" ერთი რეკორდი მაინც დაამყარა - ეროვნულ ლიგაში მოიგო საიუბილეო მე-700 მატჩი, რაც ბევრი კლუბისთვის კარგა ხანი კვლავ მიუღწეველი იქნება. ამას გარდა, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების ბომბარდირი, დინამოელთა სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი გახდა, რომელმაც თბილისურ დერბიში და სეზონის ბოლო შეხვედრაში, მე-16 გოლი გაიტანა. ამასთან, მარუშიჩმა, საკალათბურთო ტერმინს მოვიშველიებ და თითქმის ორმაგი დუბლი შეასრულა რადგან „ასისტების" კუთხითაც მისი შედეგი საუკეთესოა - 8 საგოლე გადაცემა (დუბლამდე 2 დააკლდა) იყო.  კიდევ ერთი მომენტი, რაც ამ დღეს, „დინამო არენაზე" აღნიშნეს,  ომარ მიგინეიშვილია - დინამოელთა მეკარე დიდი ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილეს და წლების მანძილზე კლუბში გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადეს (სხვათა შორის, „დინამო 2"-ის წარმატებული თამაში, ბოლო ორი სეზონის მანძილზე, მიგინეიშვილის კარგ თამაშთანაც ასოცირდება).


ერთადერთი, რაც ამ დღეს კიდევ უფრო გაალამაზდებდა, ალბათ, კლუბის მიმართ, ცოტა მეტი ყურადღება იქნებოდა. ბათუმში გამართული სეზონის საზეიმო დახურვის ფონზე, სადაც გამარჯვებულთან ერთად, ბრინჯაოს მედალოსანი გორის „დილაც" დააჯილდოვეს, არავის გახსენებია, „დინამო თბილისისთვის" კუთვნილი ვერცხლის მედლების გადაცემა. ვიცი, რომ შენიშვნების მოსმენა და მათი მართებულად გააზრება, სამწუხაროდ არავის მოსწონს, მაგრამ ამ უყურადღებობით, მხოლოდ „დინამო თბილისს" არა, იმ ეროვნული ნაკრების პოტენციურ ფეხბურთელებს დაანახეს სრული იგნორი და მედლის მხოლოდ ერთი მხარე, იმ ბიჭებს,  რომლებიც ერთის მხრივ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში თამაშობენ, და კიდევ მათ, ვინც დღეს, დინამოელთა წინააღმდეგ, „ლოკომოტივის" შემადგენლობაში ითამაშა- ქართული ფეხბურთის მომავალ თაობას. თუმცა, ეს შესაძლოა, სამაგალითო "გაკვეთილიც" იყო.


2021 წლის სეზონის ბოლო შეხვედრა და ბოლო თბილისური დერბი კი, „დინამო თბილისსა" და „ლოკომოტივს" შორის, მასპინძელთა, დინამოელთა გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.


და ბოლოს, თბილისში, „დინამო არენაზე" წლის ბოლო შეხვედრაში, პირველად იმსაჯა ქალთა ბრიგადან - ხათუნა მაისურაძის, ქეთევან გაიპარაშვილის, სოფიო რიჟამაძისა და მზევინარ შარაშანიძის შემადგენლობით.