პირველი რაუნდის შემდეგ, მხოლოდ „მერანია“ მშვიდად
პირველი რაუნდის შემდეგ, მხოლოდ „მერანია“ მშვიდად
08.12.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

დღეს, მარტვილსა და ქობულეთში, ეროვნული ლიგის ფლეი-აუთის მატჩები გაიმართა.

საპასუხო მატჩის წინ, ორბურთიანი ფორა აქვს მარტვილის „მერანს", რომელმაც დღეს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქრათველოს ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბს, ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა. ქუთაისლები, რომლებიც უკვე მეორე წელია „ცეცხლს ეთამაშებიან", შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, წელს, მაინც მოხვდნენ გადასათამაშებელ ზონაში და ახლა, ძლიერთა შორის ადგილს, სწორედ, „მერანს" ეცილებიან. ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ტიტულების მიუხედავად, აშკარაა, რომ „ტოროედოს" ძალებიც დაკარგული აქვს და დღესაც, მატჩი, „მერანის" კარნახით წარიმართა. ანგარიშიც ლოგიკურად შეხვედრის დასაწყისშივე გაიხსნა. გოლი,  მე-13 წუთზე, კიჭი მელიავას გადაცემით, შეიკნე სილამ გაიტანა. სხვათა შორის, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ამავე ფეხბურთელის მიმართ წესების დარღვევისთვის ტორპედოელთა კარში არ დადო 11-მეტრიანი. თუმცა, რამდენიმე წუთში, იგივე სილა, რომელიც მარტვილელთა შორის ყველაზე აქტიური იყო, ქუთაისელმა მცველებმა კიდევ ერთხელ წააქციეს. აქ კი, ნონიკაშვილს აღარ უყოყმანია და ქუთაისელთა კარში, 11-მეტრიანი დანიშნა. პენალტი კიჭი მელიავამ დაარტა და ლევან შოვნაძემ მისი მოგერიება მოახერხა, თუმცა, პირველი მასთან კვლავ მელიავა აღმოჩნდა და „მერანი" 2-0 დააწინაურა. შეხვედრაც, ამ ანგარიშით დასრულდა. თუმცა, დიდი ალბათობით, საპასუხო შეხვედრაში, რამაზ შენგელიაზე, „ტორპედო" ასე ადვილად არ დასთმობს ელიგის საგზურს.


ქობულეთში, ჩელე არენაზე, „შუქურასა" და „გაგრას" დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა. შეხვედრაში, რომელშიც სტუმრები მცირედ უპირატესობას ფლობდნენ ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი გაგრელთა გამოცდილი მცველის მიერ 2 წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათია, რის საფუძველზეც ლაშა თოთაძეს მე-20 წუთზე, შეხვედრის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა მინდორი დაატოვებინა და გაგრელებსაც კაცნაკლული შემადგენლობით მოუხდათ მატჩის დასრულება. ლაშა თოთაძე, ვერც თბილისში, საპასუხო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


ფლეი-აუთის საპასუხო შეხვედრები 12 დეკემბერს გაიმართება.



მარტვილის "მერანის" ფოტო