
კოვიდ პანდემიის გამო გადადებული 2019-2020 წლების ევროპის 19-წლამდე ჩეპიონატის შემდეგ, უეფა 2021-22 წლების ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც სლოვაკეთშია დაგეგმილი, 2022 წლის 18 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სლოვაკეთში დაგეგმილი ფინალური ეტაპი, თავის მხრივ, 20-წლამდეთა შორის, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის შესარჩევი ეტაპიც იქნება. ამდენად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდში გასვლა მიმდინარე წლის ოქტომბერში, შესარჩევი ჯგუფიდან მოახერხა და ახლა, იმ 27 ნაკრებს შორის არის, რომელიც პორტუგალიასთან ერთად, 2022 წლის მარტში მინი-ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. თამაშები 23, 26 და 29 მარტს გაიმართება. აი, უკვე აქედან, კი, ფინალურ ეტაპზე 7 ჯგუფის 7 გამარჯვებული გავა, რომლებსაც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სლოვაკეთი დაემატება.
დღეს გამართული წილისყრის შედეგად, ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები, ევრო 2022-ის ელიტ რაუნდის მე-4 ჯგუფში მოხვდა და გათაშების ამ ეტაპზე ხორვატიის, რუმინეთისა და ისლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. ელიტ რაუნდის მასპინძელი ქვეყანა და მატჩების განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღესვე, ნიონში, 2023 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაც გაიმართა, სადაც, საქართველოს ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები გაირკვა. ლაშა ფირცხელაიშვილის ნაკრები ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან. მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფოტო: @UEFA





ჩვენ








