
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ საასპარეზო დღეს, სამი შეხვედრა გაიმართა. ორი თბილისში და ერთიც, რუსთავში.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თავდაპირველად თსუ, „მეგას" დაუპირისპირდა და შეხვედრის პირველივე მეოთხედში კომფორტული უპირატესობით, 35-20 დაწინაურდა. 15-ქულიანმა სხვაობამ, უნივერსიტეტელებს ამოსუნთქვის და მთელი თამაშის მანძილზე, ძალების თანაბრად გადანაწილების საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო მეოთხედი, ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა 17-23 წააგო, თსუ-მ სტატრზე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა (21-19, 15-15) და საბოლოოდ, 88-77 მოიგო. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი, ტრადიციულად, ლოველ ქაბილი იყო, რომელმაც გუნდს 25 ქულა შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე, მიშა ბერიშვილმა კი, ორმაგი დუბლი გაიფორმა, 14 ქულითა და 10 მოხსნით. ორმაგი დუბლი მიითვალა „მეგას" ამერიკელმა ფორვარდმა დემონტე ფლანიგანმაც, 17 ქულითა და 10 მოხსნით, თუმცა, მის გუნდში ყველაზე შედეგიანი ოთარ ბულიავა იყო 22 ქულით.
***
თითქმის ქულა-ქულაში წარიმართა მთელი შეხვედრა „ვერასა" და „ოლიმპს" შორის, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ვერელთა ამერიკელმა ფორვარდმა ზაკ სელიასიმ ამ მატჩში 31 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. „ოლიმპიდან" მას საპირწონე წინააღმდეგობა, ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გაუწია 30 ქულით, თუმცა, კახაბერ ჯინჭარაძეს, ორმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა. პერიოდების მიხედვით, მატჩის დინამიკას თუ გადავხედავთ, 26-26, 15-15, 25-9, 19-32 „ოლიმპი" მხოლოდ, ერთ, მესამე მეოთხედში მოდუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო მოიგო, სწორედ, ის მეოთხედი აღმოჩნდა გადამწყვეტი. მატჩის ბოლოს, დავით როგავას გუნდს, სწორედ იმ მეოთხედიდან გადმოყოლილი 3 ქულა დააკლდა. მთლიანად მატჩში, ანგარიში 4-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი 7-ჯერ შეიცვალა. „ვერამ" 85-82 გაიმარჯვა.
***
დღის ბოლო შეხვედრაში, რუსთავში, ქიმიკოსთა დარბაზში, „რუსთავმა" მორიგი მარცხი იწვნია, ამჯერად, „ტიტებთან" 79-88. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანატოლი ბოისას გუნდი, მიმდინარე გათამაშებაში, ვერა და ვერ დალაგდა და ამ წუთისთვის, სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგლზეა, თბილისის „დინამოს" წინ. რუსთავში კი, დარბაზში მისულმა გულშემატკივარმა ორი ამერიკელის, რუსთაველი ფორვარდის იშმაილ ჰოლისისა და „ტიტების" ცენტრის, ჯავიონ ოგუნიემის დაპირისპირება იხილა. პირველმა გუნდს, 22 ქულა მოუტანა, მეორემ კი, 31 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც მიითვალა. შეხვედრაში, რომელშიც ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა, მასპიძნლებმა, მხოლოდ, პირველ მეოთხედში მოახერხეს, მეტოქისთვის სათანადო უპირატესობის გაწევა, დანარჩენში კი დანებდნენ 28-12, 13-28, 23-25, 15-23.
საკალათბურთო სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 18 და 19 დეკემბერს გაიმართება.





ჩვენ








