
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, შაბათს 24 თებერვალს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„მოგესალმებით,
მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურას დირექტორს შორის.
მე, როგორც საჯარო პირს მაქვს თმენის ვალდებულება რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორეს მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით არ ვამართლებ ჩემს საქციელს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვწუხვარ მომხდარ ფაქტზე.
აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია, ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.
მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს" - ნათქვამია კახა ჭუმბურიძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დაპირისპირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას" გენერალურ დირექტორს ბერიკა შუკაკიძეს შორის, შაბათს, საქართველოს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონის ტექნიკურ ზონაში მოხდა.
„ჩიხურა", რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მატჩს ანგარიშით 1-0 იგებდა, საბოლოოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის წყალობით, დამარცხდა ანგარიშთ 1-2. ამ და „ჩიხურას" გენერალური დირექტორის მოსაზრებით, არაობიექტური მსაჯობით აღშფოთებულმა შუკაკიძემ, ინტერნეტში გავრცელებული მისივე სიტყვებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფედერაციის მესვეურებს. ამას კი ზემოთხსენებული ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, კახა ჭუმბურიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების გარდა, სფფ სხვა კომენტარს არ აკეთებს.





ჩვენ








