
„დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია 2018 წლის 24-29 აპრილს, ტრადიციულ, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს უმასპინძლებს. რიგით მესამე ტურნირში, რომელიც 15-წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის ტარდება, ტრადიციულად 8 გუნდი აიღებს სტარტს.
დარასელიას სახელობის ტურნირში მონაწილეობის სურვილი ამჯერად, სფფ-ს აკადემიამ, „ესპანიოლმა" (ესპანეთი), „ჯენოამ" (იტალია), „ვიტესმა" (ჰოლანდია), „სპარტაკმა" (მოსკოვი, რუსეთი) და „დინამომ" (მინსკი, ბელარუსი) გამოთქვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირში, მასპინძელი „დინამოს აკადემიისა" და გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული, კიევის „დინამოს" გუნდებიც ითამაშებენ, 2017 წლის მსგავსად, წელსაც, ტურნირზე 3 „დინამო" იქნება წარმოდგენილი.
შარშანდელისგან განსხვავებით, ვ. დარასელიას სახელობის ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი თურქული კლუბი. ტურნირში ახალი კლუბით იქნება წარმოდგენილი ჰოლანდიაც. „აზ ალკმაარის" ნაცვლად, რომელიც დარასელიას ტურნირის ორივე გათამაშების ფინალში იყო, ამჯერად, ჰოლანდიური ფეხბურთის ქართველ ქომაგებს „ვიტესის" ხილვა შეეძლებათ.

„მოლაპარაკება გქვონდა ძალიან ბევრ გუნდთან, სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო სკოლებთან. გვინდოდა, რომ ჩვენს ტურნირში მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის რომელიმე გუნდსაც. თუმცა, წელს, მხოლოდ ესპანეთის დამატება მოვახერხეთ და პირველად, ვ. დარასელიას სახელობის ტურნირში „ესპანიოლი" მიიღებს მონაწილეობას. ჩვენს ტურნირში, იტალიის კლუბს შარშან ჰქონდა დებიუტი. თუმცა, „ინტერი", წელს „ჯენოამ" ჩაანაცვლა. გვინდა, რომ ყოველწლიურად, სიახლე გვქონდეს. წელს, ასეთი გუნდები შეირჩა" - ამბობს არჩილ კეკელია, სკ „დინამო თბილისის" პრეზიდენტის მრჩეველი.
ვ. დარასელიას ტურნირში, წელს ესპანური კლუბის მსგავსად, დებიუტი ექნება რუსულ გუნდსაც. სსრკ-ს ბოლო ჩემპიონატის შემდეგ, თბილისში პირველად მოუწევთ ჩამოსვლა მოსკოვის „სპარტაკის" წარმომადგენლებსაც.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველ გათამაშებაში, „დინამო თბილისის" გარდა, თბილისის „ლოკომოტივიც" მონაწილეობდა, შარშან, დარასელიას ტურნირზე, საქართველო მხოლოდ ერთი გუნდით იყო წარმოდგენილი. ამის გამო, იყო კითხვები, რატომ არ მონაწილეობენ ქართული კლუბები ამ ტურნირზე. სფფ-სთან მოლაპარაკების შედეგად, დარასელიას ტურნირში, მონაწილეობას მიიღებს სფფ-ს აკადემიის გუნდიც" - ამბობს არჩილ კეკელია.
სფფ-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ვ.დარასელიას ტურნირის ½ ფინალური მატჩების გამართვის ადგილის თაობაზეც. 28 აპრილს, ½ ფინალები, სავარაუდოდ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკვე ცნობილია, რომ ფინალური მატჩი, თბილისში, 29 აპრილს, „დინამო არენაზე" შედგება. ჯგუფური შეხვედრები კი ანდრო ჟორდანიას სახელობის „დინამოს საწვრთნელ" ბაზაზე და „დიამოს აკადემიის" მოედნებზე.
წინა ორი ტურნირის მსგავსად, 8 გუნდი 2 ქვეჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებში, საუკეთესო 2 გუნდი ½ გააგრძელებს ასპარეზობას. დანარჩენი გუნდები 5-6 და 7-8 ადგილებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.
„დინამო თბილისი", ვ. დარასელიას რიგით მესამე გათამაშებაში ვახო იაგორაშილის გუნდით იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ ვ. დარასელიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული 2016 წელს, ჰოლანდიის „აზ ალკმაარი" გახდა, რომელმაც ფინალში „დინამო თბილისი" დაამარცხა. 2017 წელს, კი ტურნირის გამარჯვებული კიევის „დინამო" გახდა, რომელმაც თავისმხრივ „აზ ალკმაარის" გუნდის დამარცხება შესძლო.






ჩვენ









